16/07/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა დაბა ბაკურიანის საგზაო, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაბა ბაკურიანის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ასევე განიხილეს დაბის მასშტაბით არსებული ყველა ჩიხისა და შიდა საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომლის საერთო სიგრძე 35 კილომეტრს შეადგენს.
დაბა ბაკურიანში დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. კერძოდ, მიმდინარეობს ლიანა გოგოლაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები, რაც წარმოადგენს აღნიშნული ქუჩების შემდგომი ასფალტირების მოსამზადებელ ეტაპს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
მხარეებმა განიხილეს დაბა ბაკურიანის ტურისტული ცენტრის განვითარების მიმართულებები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს კურორტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და ვიზიტორებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკურორტო სეზონის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადების მართვასა და მოძრაობის განტვირთვას. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ალტერნატიული გზების პროექტირება, რომლებიც შეამცირებს ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ დატვირთვას, გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ტურისტული და ადგილობრივი ტრანსპორტის ეფექტიანი გადაადგილებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გურამ არაბიძე.
16/07/2026
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან, და მერის პირველ მოადგილესთან, დავით პაპაშვილთან, ერთად დაბა ასპინძაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ვარძიისა და რუსთაველის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ორ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს უტარდება ფასადების განახლება ალუკობონდის საფასადე მასალითა და ბაზალტის ფილებით, ასევე ეწყობა ლითონის მოაჯირები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 185 464 ლარს შეადგენს.
პარალელურად, გურამიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს დეკორატიული ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტის ღირებულება 879 998 ლარია.
15/07/2026
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი მოსახლეობა და სასულიერო პირები ახალციხის ციხეზე გამართულ კონცერტს დაესწრნენ.
ღონისძიებაში ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედი სომხური ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
14/07/2026
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილეები და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ქორეოგრაფიული ანსამბლების „სამცხისა“ და „ზარზმის“ სოლო კონცერტს დაესწრნენ.
კონცერტზე ანსამბლების წევრებმა მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
14/07/2026
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა, მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც „საქართველოს მელიორაცია“ მიმდინარე წელს გეგმავს. რეგიონში 4 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, მიმდინარე წელს 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი.
ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით, წელსვე დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავებაც იგეგმება. პარალელურად, რეგიონში 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„2026 წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 22 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტების განხორციელება იგეგმება. მათ შორისაა ზრესის სარწყავი სისტემის, ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის, ასევე მურჯახეთის მაგისტრალური არხისა და ორლოვკა-სპასოვკას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად, რეგიონში რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარებისა და თითოეული ფერმერის წარმატების მთავარი გარანტია“, – განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
13/07/2026
სამცხე-ჯავახეთის მხარეში აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და მიმართულებების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება: მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობა, ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნა.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თოფურია და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ მაჭარაშვილი.
10/07/2026
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი სოფელ ეშტიაში სოფლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით გაიმართა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული ნომრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სოფელ ეშტიას მდიდარი ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და ადგილობრივი საზოგადოების ერთიანობა.
სოფლის დღე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს.
08/07/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზაზა კვიციანმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ახალციხესა და ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილემ ახალციხის მერთან ვარლამ წიკლაურთან და მერის პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან ერთად ახალციხეში დაათვალიერა სპორტული კომპლექსის მშენებლობა, კინო-კლუბის სამშენებლო სამუშაოები და გვარამაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ზაზა კვიციანი ბორჯომის მერთან მამუკა გელაშვილთან და მერის მოადგილე გელა მაღრაძესთან ერთად იმყოფებოდა ბორჯომში, სადაც სასპორტო სკოლისა და ბიბლიოთეკის კომპლექსური რეკონსტრუქციის, მდინარე მტკვრის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობის, სოფელ ყვიბისში მიმდინარე სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე გაეცნო ქალაქ ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა და №3 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის განახლების პროცესს.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მინდია ღლონტთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.