02/06/2026
2 -6 ივნისს, ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 7 სპორტსმენი და 2 მწვრთნელი მიიღებს.
ჩხოროწყუელი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში: მძლეოსნობაში, ტაეკვანდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მოადგილესთან და სასპორტო სკოლის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდა ჩხოროწყუელ სპორტსმენებს შეხვდა და ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატები უსურვა. ოლიმპიადაში მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ფორმებით უზრუნველყო.
ფესტივალი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.
01/06/2026
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. მან დღეს მრავალშვილიან დედებს და მათ შვილებს მერიაში უმასპინძლა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ჯუმბერ იზორიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან და პატარებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაში მიიღო მონაწილეობა. პატარებს საჩუქრად ტკბილეული, ხოლო მშობლებს საკუთარი სახელფასო ფონდიდან თანხა გადასცა.
„ბავშვები ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული, იმედი და მომავალი არიან. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ: უკეთესი გარემოს შექმნა, განათლების , სპორტის თუ კულტურის მიმართულებით, სწორედ მათ მომავალს ემსახურება. ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ ერთი დღის საქმე არ არის, ეს ჩვენი ყოველდღიური ვალდებულებაა. მათი კეთილდღეობა და განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინდა ყველა ბავშვს ვუსურვო ლაღი და ნათელი მომავალი” - აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ პატარებთან შეხვედრისას.
მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი სახელფასო ფონდიდან პერიოდულად ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს. გარდა მერის პირადი ინიციატივისა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
01/06/2026
დღეს ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
პატარებისთვის განსაკუთრებულად მხიარული, ფერადი და დასამახსოვრებელი დღე შექმნეს ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა, მხიარული თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, ფოტოსესიები და საზეიმო მსვლელობა.
გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად დაესწრო და ბავშვებსა და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
29/05/2026
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
კონკურსში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX–XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენის, ლიტერატურის, წიგნიერებისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის წახალისება.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 20 ნამუშევარი. ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ I, II და III ადგილოსნები, ასევე დაწესდა ორი სპეციალური ნომინაცია. გამარჯვებულები შესაბამისი სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
29/05/2026
31 მაისს, 14:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, მეფუტკრეობის საცდელი ბაზის შენობაში, ლუგელას ხეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს თანაინვესტირებით დაგეგმილი ღუნჯი ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.
შეხვედრას დაესწრებიან ინვესტორი კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას პროექტის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან და დასმულ შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს გასცემენ.
ბოლო პერიოდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდება გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღოს ოფიციალური წყაროებიდან და უშუალოდ შეხვედრის ფარგლებში გაეცნოს პროექტთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.