01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, 18 წლამდე შშმ პირებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში, სადაც ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცერულმა“, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის აღსაზრდელებმა მაყურებლის წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოქმედებითი აქცია მოაწყვეს და ქუჩა მოხატეს.
ღონისძიებები ასევე გაიმართა ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც პროგრამის – „ბავშვობა ყველაზე ფერადი დროა“ – ფარგლებში, სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფილმის ,,საოცრება”ჩვენებით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
31/05/2026
დღეს, ლენტეხში სახალხო- რელიგიური დღესასწაული ,,სკალდობა-2026 " აღინიშნა.
ისტორიულ სკალდის მთაზე, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, წირვა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
ასევე, ფაყის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა აღავლინა მამა ირაკლიმ.
,,სკალდობის” სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სკალდის მთავარანგელოზი ფარავდეს ლენტეხს და სრულიად საქართველოს!
28/05/2026
31 მაისს, სკალდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკალდზე ამსვლელ მომლოცველთა საყურადღებოდ!
გზებზე არსებული თოვლის საფარის გამო, მომლოცველთა უსაფრთხოების მიზნით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
ასევე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს სკალდიდან უკან დაბრუნების საშუალებას მხოლოდ 13:00 საათის შემდეგ მისცემენ.
გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვები.
ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ სულთმოფენობას!
27/05/2026
🔹31 მაისს, დილის 8:00 საათზე, ქვემო სვანეთში — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე 9:00 საათზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება.
დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მონაწილეები დაესწრებიან წირვა-ლოცვას, გაეცნობიან სვანურ ფოლკლორსა და ტრადიციებს.
სოფელ ფაყში დაგეგმილია კულტურული პროგრამა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების, თვითნასწავლი მხატვრებისა და ხელსაქმის ოსტატების ნამუშევრები.
სკალდის მთაზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები — დოღი და ჯილდაობა. გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ფაყობა–სკალდობა ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაულია. სკალდის მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, ყოველწლიურად მასპინძლობს მომლოცველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
26/05/2026
🇬🇪 ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
გურამ გუგავას სახელობის სპორტდარბაზში გაიმართა სარაიონო შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეებმა ტრადიციულ სპორტში საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის სახლში, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
წელს, საქართველო ასევე აღნიშნავს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, აღნიშნული აქტივობები ემსახურება საქართველოს ისტორიის, ეროვნული ტრადიციებისა და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
25/05/2026
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში მოქმედი თორმეტი სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა სახის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ.
მერის განცხადებით მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის, რადგან ხელს უწყობს კულტურის პოპულარიზაციას, სკოლებს შორის თანამშრომლობასა და მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
25/05/2026
პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი–აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკი“ გაიმართება.
პროექტი წელს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
“ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.
ჯარის ბანაკში მონაწილემ თან უნდა იქონიოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
მონაწილის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა N IV-100ა;
ცნობა სპეციალური სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ლენტეხის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს შემდეგ ნომერზე: 599 85 26 85