05/06/2026
ვულოცავ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბადმინტონის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებასა და ოქროს მედლის მოპოვებას!
ეს მნიშვნელოვანი წარმატება სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის, მაღალი პასუხისმგებლობის, მონდომების, მიზანდასახულობისა და გუნდური სულისკვეთების შედეგია.
ამავდროულად, მადლობას ვუხდი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მცხეთა-მთიანეთის ყველა სპორტსმენს. თითოეული მათგანის ძალისხმევა და ღირსეული ასპარეზობა დასაფასებელია. გამარჯვება სპორტის განუყოფელი ნაწილია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მონდომება, გამოცდილების მიღება და განვითარება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, მშობლებს, ფესტივალის ორგანიზატორებსა და ყველა იმ პირს, რომელთაც ახალგაზრდების სპორტული აღზრდისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
მიხარია, რომ ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები ამ და სხვა სპორტულ აქტივობებში ღირსეულად წარადგენენ მცხეთა-მთიანეთს და მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევენ. გისურვებთ ჯანმრთელობას, შეუპოვრობას, დასახული მიზნების შესრულებასა და ახალ გამარჯვებებს!
დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის შემართება და შრომისმოყვარეობა კიდევ არაერთი წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის და სრულიად ჩვენი რეგიონისთვის!
ალექსანდრე ზაგაშვილი
სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში
03/06/2026
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თეიმურაზ ბექაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური და მერის მოადგილეები, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმყოფებოდნენ.
„ტრადიციულად, აღდგომიდან მეშვიდე კვირას, სოფელ მლეთაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება რწმენით, რომ ეს დღე განსაკუთრებული მადლის, სულიერი სიმტკიცისა და ერთობის მატარებელია.
ლომისა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავია, ამიტომ ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
ლომისის წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოსა და თითოეულ ოჯახს.“ - განაცხადა თეიმურაზ ბექაურმა.
03/06/2026
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გილოცავთ ლომისობას!
ლომისის წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოსა და თითოეულ ოჯახს!
01/06/2026
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა და მერის მოადგილეებმა, ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის“ სპორტსმენებს, ბათუმში საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამგზავრების წინ, სპორტული ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის აღსაზრდელები ჭიდაობის ხუთ სახეობაში იასპარეზებენ: ძიუდოში, თავისუფალ, ქართულ, ბერძნულ-რომაულ, ქვიშისა და ქართულ ჭიდაობაში.
2-6 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან სპორტსმენები 12 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალში 14-დან 17 წლამდე დაახლოებით 1200 პირი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სპორტის ცალკეულ სახეობებში, მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.
01/06/2026
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - გოჩა ქავთარაძემ და თეიმურაზ ბექაურმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
დაბა თიანეთში საზეიმო ღონისძიებას გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ დიდებაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში თემატური აქტივობები გაიმართა. პატარების მხიარულ განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო საპნის ბუშტების წარმოდგენა, გასართობი თამაშები და სახალისო შეჯიბრებები.
ასევე, თარიღთან დაკავშირებით, საგურამოს ბავშვთა სახლს ესტუმრნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლება. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიებას მცხეთის ცენტრალურ სკვერში დაესწრნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მუნიციპალიტეტში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ასევე, 5 ივნისს, 14:00 საათზე საზეიმო ღონისძიება დუშეთის ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
28/05/2026
დუშეთში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ანსამბლების ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მხარის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
„მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. სასიხარულოა, რომ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგნენ მრავალფეროვანი და ღირსეული პროგრამით. მადლობა თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის.“ - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.
შემოქმედებითი საღამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.
26/05/2026
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი ქალაქ მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისუფლების, ერთიანობის, სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. განსაკუთრებული მადლიერებით მივაგებ პატივს ყველა იმ გმირის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, ერთობით, შრომითა და ერთმანეთის მხარდაჭერით კიდევ უფრო ძლიერ და წარმატებულ ქვეყანას ავაშენებთ.“- განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები; იმართება საბავშვო-გასართობი, სპორტული და სხვა თემატური აქტივობები.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საზეიმო აქტივობები მცხეთაში გალა კონცერტით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ასევე გაიმართა დაბა თიანეთში, სადაც ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კულტურის სახლში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
სადღესასწაულო ღონისძიებები ასევე ჩატარდა ქალაქ დუშეთსა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში.