13/06/2024
შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ
სტატია მოამზადა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა
ნათია ხოტენაშვილმა
11.06.2024
შავი ზღვა, როგორც დიდი ძალების მეტოქეობის არეალი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყება მსოფლიო უსაფრთხოების ბალანსის რყევის კატალიზატორი გახდა. განსაკუთრებით დაირღვა ეს ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, სადაც რუსეთის გავლენა მკვეთრად გაძლიერდა. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის შავიზღვისპირეთის დიდი ნაწილის ოკუპირება მოახდინა: დაიპყრო აზოვის ზღვის სანაპიროზე ქ. მარიუპოლი – საზღვაო პორტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი, – ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები და ოდესამდე მივიდა. ომის პირველ დღეებში ასევე დაიპყრო შავ ზღვაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძული „ზმეინი,“ რომელიც შემდეგ უკრაინელებმა დაიბრუნეს. მანამდე, 2014 წელს, მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წელს აღიარა საქართველოს ორი რეგიონის, ცხინვალისა და შავიზღვისპირა აფხაზეთის, დამოუკიდებლობა. მაშასადამე, რუსეთი ცდილობს, შავი ზღვა „რუსულ ტბად“ გადააქციოს.
რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოებისა და დასავლეთის ინტერესებს. შავი ზღვის სახელმწიფოებიდან რუმინეთი და ბულგარეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, თურქეთი, შავი ზღვის მოსაზღვრე ყველაზე დიდი და გავლენიანი სახელმწიფო, ასევე ნატოს წევრი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა (თუმცა შეჩერებული აქვს კანდიდატის სტატუსი), ხოლო საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების მსურველი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებია. ასევე რეგიონს მიაკუთვნებენ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანა მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ მას შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
ისტორიულად, შავი ზღვა იყო დიდი ძალების მეტოქეობის არეალი. გარდა რუსეთისა და დასავლეთისა, მისით დღემდე ინტერესდებიან და აქ გავლენის გაფართოებას ცდილობენ ისეთი ძალებიც, როგორიცაა ჩინეთი და ირანი.
დიდი ძალების ასეთი მეტოქეობა გასაკვირი არცაა, რადგან შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული მდებარეობითა და ბუნებრივი რესურსებით. ბრიტანელმა მეცნიერმა ჰალფორდ ჯონ მაკინდერმა 1904 წელს დაწერილ ესეიში „ისტორიის გეოგრაფიული საყრდენი“, განავითარა „ჰართლენდის“ თეორია, სადაც ამტკიცებს, რომ ვინც აკონტროლებს „ჰართლენდს,“ ანუ ევრაზიის შუაგულ მიწებს, შეუძლია გააკონტროლოს მთელი მსოფლიო. (1) შავი ზღვა კი სწორედ “ჰართლენდის“ ტერიტორიაზე შეღწევის მთავარ კარიბჭეს წარმოადგენს. ის არის ევრაზიის გული.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, შავი ზღვა და მისი სანაპირო სივრცე მწვავე სამხედრო კონფრონტაციის არეალად იქცა, რომელსაც დასასრული არ უჩანს. დღეისათვის შავ ზღვაზე რუსეთი დომინირებს, აკონტროლებს რა ყირიმს და ახორციელებს სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინის მიმართულებით: ბომბავს ქალაქებს, ხოცავს მოსახლეობას და ანგრევს უკრაინის შავი ზღვის ინფრასტრუქტურას. ხოლო უკრაინელები თავს ესხმიან ყირიმთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ქერჩის ხიდს, საზღვაო ბაზებს, იარაღის საწყობებს, აეროდრომებს.(2) ამ ხნის მანძილზე უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის 24 ხომალდისა და კატარღის ჩაძირვა/დაზიანება. მათ შორისაა კრეისერი „მოსკვა“ – რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, – ხომალდი „ციკლონი“ და სხვ. მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ რუსეთს შავი ზღვის ფლოტის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში, გადმოაქვს.
ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა უკრაინას გაუწია სოლიდური სამხედრო დახმარება, თუმცა ის საკმარისი არ აღმოჩნდა ომში გარდატეხის შესატანად. სიტუაცია გაართულა ამერიკის კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების 61-მლრდ-იანი პაკეტის დამტკიცების ექვსი თვით გაჭიანურებამ. საბოლოოდ დახმარების პაკეტი დამტკიცდა, ასევე ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინელებს, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენონ, თუმცა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს.(3) უკრაინის ომის მიმართ სტრატეგია შეცვალა ევროპამაც. თუ აქამდე დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ, რომ უკრაინა ამ ომში არ დამარცხებულიყო, თუმცა არც გაემარჯვა, რათა არსებული ძალთა ბალანსი არ დარღვეულიყო, დღეს ხედავენ, რომ არსებული სიტუაცია მათთვისაც წაგებიანია და უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლაა საჭირო: ამერიკის კვალდაკვალ ევროპის ქვეყნებმაც მისცეს თავიანთი იარაღის უფრო თამამად გამოყენების უფლება უკრაინელებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი ფრანგი ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნის გეგმაც დააანონსა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან შავი ზღვა გეოპოლიტიკურის გარდა გეოეკონომიკური მეტოქეობის არეალადაც იქცა. შავ ზღვაში თვეობით იდგა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები, რომლებსაც რუსები არ უშვებდნენ ძირითად ბაზრებამდე: აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მოგვიანებით თურქეთის მეშვეობით მოხერხდა მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო დერეფნის მოწყობა. ასევე შავ ზღვას დიდი ეკოლოგიური ზიანი მიადგა, როდესაც 2023 წლის გაზაფხულზე რუსებმა ააფეთქეს კახოვკის კაშხალი და მტკნარი წყალი შავ ზღვაში ჩაიღვარა.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და სტრატეგიებს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით. სტატიაში მიმოხილულია ძირითადი დაინტერესებული ძალების – აშშ-ის, ევროპის, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის – ინტერესები და პოლიტიკა.
აშშ-ის ინტერესები და პოლიტიკა შავ ზღვაში
აშშ-ს ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შავი ზღვის სახელმწიფოების მიმართ აქამდე არ ჰქონია. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა სტრატეგიის შემუშავება და რამდენიმე ინიციატივაც წამოაყენა შავ ზღვასთან დაკავშირებით. 2023 წელს სენატორმა ჯინ შაჰინმა შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“, რომელშიც საკმაოდ კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ის ქმედებები, რაც აშშ-მა უნდა განახორციელოს შავ ზღვაში. „აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა შეაკავონ რუსეთის არალეგალური ტერიტორიული პრეტენზიები ყირიმის ნ/კ-ზე, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში, შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე იმუშაოს ნატოსთან და მოკავშირეებთან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, რეგიონში პარტნიორების დემოკრატიული მედეგობის გასაზრდელად. ასევე უზრუნველყოს ნატოს ძალების მუდმივი როტაციული წარმომადგენლობა შავ ზღვაში. იმუშაოს ევროკავშირთან დემოკრატიული ინიციატივებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მზარდასაჭერად; მხარი დაუჭიროს ცენტრალური და აღმოსვლეთი ევროპის ქვეყნების ძალისხმებას, რომ შეიმუშაონ სამი ზღვის ინიციატივის ფონდი, რათა გააძლიერონ სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურული კავშირები ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის.“ აქტში 4 მთავარი მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაა გამოყოფილი: უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოკრატიული მედეგობა და რეგიონული დაკავშირებადობა. აქტის თანახმად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანია ასევე ჩინეთის აგრესიული ეკონომიკური მისწრაფებების შეკავება.“(4) სამწუხაროდ, კანონპროექტი მხოლოდ ინიციატივის დონეზე დარჩა და კანონად ვერ იქცა, რაც საშუალებას მისცემდა აშშ-ს, რომ მეტი ენერგია და რესურსი მიემართა შავი ზღვის რეგიონისკენ.
მიმდინარე წელს ასევე გამოქვეყნდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც ხელმოწერილია პრეზიდენტ ბაიდენის მიერ და მოითხოვს მეტი ყურადღების დათმობას შავი ზღვის რეგიონისთვის(5) – პირველ რიგში, უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების კუთხით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ძალების წვრთნაში დახმარებას, ნატოს იმ წევრებთან ერთად წვრთნებსა და სწავლებას, რომლებიც მშპ-ის სულ მცირე 2%-ს ხარჯავენ თავდაცვაში.
თუ 2022 წლის თებერვლიდან აშშ-ის ყურადღების ძირითადი სამიზნე შავ ზღვაში უკრაინაა, ბოლო რამდენიმე თვეა, მისი ყურადღების ობიექტად საქართველოც იქცა, რაც მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებამ და შემდეგ მიღებამ განაპირობა. საქართველოს პარტნიორების შეფასებით, ეს კანონი ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს; გადაწყვეტილების მიმღებნი არაერთხელ გააფრთხილეს ქვეყნებს შორის „ურთიერთობების სერიოზული გადახედვისა“ და მოსალოდნელი სანქციების შესახებაც.(6)(7) მიმდინარე წლის 4 ივნისს კონგრესში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ, სადაც განიხილეს კანონპროექტი MEGOBARI Act, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარებას „დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერასა და რუსული გავლენის შეკავებაში.“ კანონპროექტის ავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ მხოლოდ აისბერგის წვერია“,(8) ხოლო 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგი სწორედ საქართველოს თემით გახსნა და ხელისუფლების კონკრეტული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა.(9)
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას უამრავი შიდა თუ გარე პრობლემა აქვს – უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომები მძვინვარებს, პერიოდულად მწვავდება ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობა და ამერიკაში შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, – ის მაინც ახერხებს რეაგირებას შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რაც მისასალმებელია. ამერიკისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
1. შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია მთლიანად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს რეგიონი ასევე არის სანდო მოკავშირეებისა და პარტნიორების ადგილი. შავ ზღვაში ამერიკის მთავარი ინტერესი დღეისათვის არის უკრაინა, როგორც რუსული გავლენის ევროპაზე გავრცელების შემაკავებელი.(5)
2. შავი ზღვის რეგიონში ევროატლანტკური ინტეგრაცია ჯერ არ დამთავრებულა. ის რჩება ნატოსა და ევროკავშირის მომავალი გაფართოების არენად. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებია, ასევე კანდიდატი ქვეყანაა თურქეთი 1999 წლიდან. უკრაინასა და საქართველოს ასევე სურთ ნატოში გაწევრიანება.
3. შავი ზღვის რეგიონი არის მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო და სანაოსნო ჰაბი. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სანაოსნო ხაზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და სავაჭრო გზები კვეთენ შავ ზღვას ან მას უკავშირდებიან. ის ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. შეფასებულია, რომ შავ ზღვაში არის ტრილიონი მ3 ბუნებრივი გაზისა და 10 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობის მარაგი. რაც შეეხება წყალბადს, იგი მომავალში გახდება ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო და შავი ზღვა გადაიქცევა „წყალბადის მომავალ ჰაბად“.(10)
4. შავი ზღვა მნიშვნელოვანია რუსეთთან მეტოქეობისა და – ახლა, როცა დიდი ძალების შეჯიბრების ახალი ეტაპი დაიწყო, – ჩინეთსა და ირანთან მეტოქეობის კონტექსტშიც, რომლებიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს წარმოადგენენ.
ევროპის ინტერესები და პოლიტიკა შავ ზღვაში
შავ ზღვაში ბალანსი მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. სწორედ შავი ზღვა არის ევროპის თავდაცვის გასაღები. საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები ევროპის მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავდება, რაც შავ ზღვასთან მიმართებით ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას აფერხებს. მაშინ, როცა „ბებერ ევროპას“ უფრო დისტანციური მიდგომა აქვს შავ ზღვასთან, „ახალი ევროპა“ ანუ აღმოსავლეთი ევროპა შავი ზღვის სახელმწიფოების აქტიური მხარდამჭერია. თუმცა უკრაინის ომმა სიტუაცია შეცვალა და „ბებერი ევროპა,“ კერძოდ საფრანგეთი და გერმანიაც, გამოაფხიზლა. რომ არა უკრაინის ომი და ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა, შავი ზღვის სამი სახელმწიფოსთვის – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – შეუძლებელი იქნებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება.
ახლახან ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა მზად არიან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. საქართველო კი, რომელიც ერთ დროს ამ სამეულის ლიდერი იყო, ნახსენებიც არ არის. მეტიც, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.
ზოგადად, ევროკავშირი შავი ზღვის რეგიონს მომავალი გაფართოების ნაწილად აღიქვამს და მისი უსაფრთხოება სამი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისთვის: თავდაცვის, ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით.
შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რუმინეთი და ბულგარეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, თუმცა მათ უსაფრთხოებას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან საშიშროებას უქმნის რუსეთის მიერ მოლდოვაში შექმნილი სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთი და რუსეთის მოკავშირე სერბეთი.(11) ასევე, მათ არ აქვთ სტრატეგიული სიღრმე და უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს ყოფილა შემთხვევა, როცა რუსული დრონისა და იარაღის ნაწილები რუმინეთის, ასევე პოლონეთის უკრაინასთან სასაზღვრო ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მეორეც, ევროპის ვაჭრობა დამოკიდებულია შავ ზღვაზე. სწორედ აქ უნდა გაიაროს ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ინდოეთიდან წამოსულმა ტვირთმა. ამიტომ რუმინეთი და ბულგარეთი, ასევე საქართველო, ცდილობენ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მესამეც, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. შავ ზღვაში ნავთობის მარაგები აქვთ რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს. შავი ზღვა-კავკასია-ცენტრალური აზიის ენერგეტიკული დერეფანი, ტრანსკასპიური გაზსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, რომლებიც აკავშირებს ცენტრალური აზიის საბადოებს ევროპასთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, აძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ევროკავშირი ასევე დააფინანსებს შავ ზღვაში გამავალ კაბელს, რომელიც გაივლის საქართველოზე, გადაკვეთს შავ ზღვას რუმინეთისკენ და აზერბაიჯანიდან მიაწვდის ელექტროენერგიას უნგრეთსა და ავსტრიას. ამ მიზნით მსოფლიო ბანკმა $35 მილიონი უკვე დაამტკიცა საქართველოსთვის.(12) ბალკანეთის ქვეყნებს ასევე ექნებათ წვდომა კასპიის ენერგეტიკულ რესურსებზე. აქედან გამომდინარე, შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
2022 წლის 24 თებერვლამდე „ბებერი ევროპა“ სტრატეგიულ ავტონომიას ინარჩუნებდა აშშ-ისგან და რუსეთის მიმართ დაყვავების პოლიტიკას ატარებდა. თუმცა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათაც იგრძნეს საფრთხე და ეფექტური სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინეს უკრაინას. დროთა განმავლობაში ისეთ ტექნიკასაც აწვდიდნენ, რის მიწოდებაზეც ომის დასაწყისში თანახმა არ იყვნენ, მაგალითად, გერმანელებმა მიაწოდეს უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები. ასევე, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის შემდეგ გერმანიამაც ნება მისცა უკრაინას, რომ გერმანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.(13) თუმცა TAURUS-ების (შორსმოქმედი რაკეტების) გადაცემაზე ოლაფ შოლცი კვლავ უარს ამბობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ფრანგულ იარაღთან ერთად ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორებიც გაგზავნოს უკრაინაში ჯარისკაცების გასაწვრთნელად.(14)
აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები – ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი, – რომლებიც უფრო კარგად იცნობენ რუსეთის პოლიტიკას, უფრო ხისტი პოზიცია ჰქონდათ და აქვთ მის მიმართ და უკრაინასაც უფრო თამამად და მტკიცედ უჭერენ მხარს. მათ იციან, რომ, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში და შავი ზღვა მართლაც „რუსულ ტბად“ გადაიქცა, შემდეგი სამიზნე შეიძლება თვითონ გახდნენ.
სრულიად განსაკუთრებული როლი აქვს თურქეთს შავ ზღვაში, როგორც ევრაზიულ სახელმწიფოს. რუსეთის მიზანია, მოსწყვიტოს თურქეთი დასავლეთს და რუსულ ბანაკში გადაიყვანოს. თურქეთს გართულებული აქვს ურთიერთობა ევროპასთან, აშშ-თან, თუმცა ბალანსის დაცვას ახერხებს დასავლეთსა და რუსეთს შორის: უკრაინას აწვდის „ბაირახტარის“ დრონებს, ამავდროულად ეკონომიკურ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან. 1936 წლის მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთს ასევე აქვს „შავი ზღვის გასაღები,“ ანუ მისი თანხმობის გარეშე შეუძლებელია შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოსვლა. გრძელვადიან პერსპექტივაში თურქეთის ორიენტაცია რეგიონული ბალანსის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი იქნება.
რევიზიონისტული ძალების ინტერესები შავ ზღვაში
რუსეთის ინტერესები და პოლიტიკა შავ ზღვაში
იმპერიული, საბჭოთა თუ თანამედროვე რუსეთი ცდილობდა და ცდილობს შავ ზღვაზე დომინირებას, რადგან შავი ზღვის კონტროლი არის ევროპის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის წინაპირობა. „საბჭოთა კავშირის დანგრევამ ვერ გაათავისუფლა რუსეთი მისი პოლიტიკური მახასიათებლებისგან: პოლიტიკური მესიანიზმისა და პარანიოდული სტრატეგიისგან. პუტინის რუსეთიც იმავე მესიანისტურ ორიენტაციასა და პარანოიდულ იმპულსს ინარჩუნებს, რასაც მისი საბჭოთა და იმპერიული წინაპრები.“(11) 2007 წელს ვლადიმერ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა.
რუსეთს ცალკე სტრატეგიული დოკუმენტი შავ ზღვასთან დაკავშირებით არ აქვს, თუმცა მისი მიზანია, დომინანტური როლი შეინარჩუნოს რეგიონში და განდევნოს აშშ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურიდან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძირი გამოუთხაროს. ნატოსთან მეტოქეობისთვის რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება შავი ზღვა. ის აძლევს რუსეთს საშუალებას, ძალაუფლება გაიმყაროს ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მისწვდეს ნატოს სამხრეთ ფლანგს, ასევე, ხელში ჰქონდეს თურქეთის სტრატეგიული ორიენტაციით მანიპულირების იარაღი და, მესამეც, პირდაპირი ან გადატანითი მოქმედებები განახორციელოს ნატო-რუსეთის საზღვარზე, მესამე ქვეყნების ან თავად ნატოს წინააღმდეგ, დაყოს და ერთმანეთს დააშოროს შავი ზღვის სახელმწიფოები.
რუსეთის მთავარი სტრატეგია არ არის მაინცდამაინც ნატოს წინააღმდეგ ომი, არამედ მისი შანტაჟი და დაშინება. შესაძლოა ამას ემსახურება ისიც, რომ სულ ახლახან რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ბალტიის ზღვაში, ლიეტუვისა და ფინეთის საზღვრებთან, თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს.(15)
ბოლო 20 წელია რუსეთი ცდილობს, პოზიციები გაიმყაროს შავ ზღვაზე. ასე შექმნა სეპარატისტული წარმონაქმნები მოლდოვაში დნესტრისპირეთის სახით, აფხაზეთი და ცხინვალი – საქართველოში, მოგვიანებით კი ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი – უკრაინაში.
რუსეთის სტრატეგიის მთავარ სამიზნეს შავ ზღვაში უკრაინა წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინა ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა და სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობის უფლება არ აქვს.(16) ამიტომ 2022 წლის 24 თებერვალს ომის მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“, შეიძლება ითქვას, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, გაქრობა დაასახელა. რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, რაც გულისხმობდა „ბლიცკრიგით“ უკრაინის დაპყრობას, და ომის დაწყებიდან მალევე გაიყვანა ჯარი კიევის მისადგომებიდან. უკრაინელებმა ომის მსვლელობისას არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს, თუმცა დასავლური დახმარების დაგვიანების გამო ამჯერად უპირატესობა ისევ რუსების მხარესაა.
რუსეთმა თავისი გეგმა სრულად ვერ განახორციელა, ამიტომ ომს უკრაინის წინააღმდეგ კვლავ აგრძელებს. 2023 წლის დასაწყისში რუსეთის სტრატეგიული მიზანი იყო უკრაინისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანება, რასაც შემდეგ მოჰყვებოდა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და ცენტრალური აზია. ამჟამად რუსეთი უკრაინასთან შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული, სამაგიეროდ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ აქტიურ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
ჩინეთის ინტერესები და პოლიტიკა შავ ზღვაში
ჩინეთი შავ ზღვაში ძირითადად ეკონომიკურ მიზნებს ისახავს, თუმცა მას შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე.
ჩინეთის მოქმედების მთავარი არეალია აზია, თუმცა მისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ახლო აღმოსავლეთი და ევროპა, როგორც ევრაზიული სავაჭრო სისტემის ნაწილები. ჩინეთს ევროპასთან კავშირი სჭირდება მდიდარ ევროპულ ბაზრებზე წვდომისთვის. შავი ზღვა არის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ნაწილი და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის. ჩინეთი ასევე დაინტერესებულია შავ ზღვაში პორტების მშენებლობით. მაგალითად, 2024 წლის 29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად გამართულ ტენდერში ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა.(17) მანამდე კი საქრათველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ, მიუხედავად მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა, ჩინეთს არასდროს ჩაუდია დიდი ინვესტიციები ყირიმში, თუმცა, არც უღიარებია რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიად. ჩინეთი ასევე არ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ მაისიდან მოყოლებული ჩინური საინვესტიციო კომპანიები არაერთხელ ჩავიდნენ ცხინვალში. ეს კომპანიები დაინტერებულია საბადოებით და ჩინური მანქანების ასაწყობი ქარხნის გახსნით. ასევე ჩინეთი ყოველთვის თავს იკავებს გაეროში „საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ საცხოვრებელში დაბრუნების შესახებ რეზოლუციის“ მხარდაჭერისგან და ერთხელ წინააღმდეგაც კი მისცა ხმა. თუმცა, ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის თემა ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თავად აქვს ეს პრობლემა: ტაივანს სეპარატისტულ წარმონაქმნად მიიჩნევს და მისი შეერთება აქვს გადაწყვეტილი.
უკრანის ომის დაწყებამდე რუსეთმა და ჩინეთმა გააფორმეს „უსაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი და ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრებიც ხშირად იმართება. ბოლო 2 წელიწადში ვლადიმერ პუტინი ორჯერ ეწვია ჩინეთს. ვლადიმერ პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე წლის მაისში შედგა და მხარეებმა პარტნიორობის „ახალი ერის“ დაწყების შესახებ გამოაცხადეს.(18)
უკრაინის ომმა ჩინეთის მიდგომა შავი ზღვის მიმართ შეცვალა და მას ძირითადად რუსეთთან მისი დამოკიდებულება განსაზღვრავს. ჩინეთის სტრატეგიული ინტერესია, რომ უკრაინის ომი რაც შეიძლება გახანგრძლივდეს, რათა რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს მასზე და დასავლეთიც დაიღალოს. აშშ-ის ყურადღება უკრაინისკენ იქნება მიმართული და ჩინეთს ხელ-ფეხი გაეხსნება ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ჩინეთი იარაღით არა, თუმცა იარაღის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგიებით ეხმარება რუსეთს და, შეიძლება ითქვას, ამ ომში რუსეთის მხარეს დგას.
ირანის ინტერესები და პოლიტიკა შავ ზღვაში
ირანი შავ ზღვას ევროპაში შეღწევის მთავარ კარიბჭედ აღიქვამს. მოცემულ სამ რევიზიონისტულ ძალას შორის ის ყველაზე სუსტია. მას სურს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დამაკავშირებელი გზის აშენება კავკასიის გავლით. ირანი ასევე დესტრუქციულ როლს თამაშობს უკრანის ომში, აწვდის რა რუსეთს „შაჰიდ“ დრონებს, რომელთა საშუალებითაც რუსები უკრაინულ დასახლებებს ბომბავენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნატოსა და აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელთაც ასევე ინტერესები აქვთ შავ ზღვაში. რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის ომში ირანისთვის არის დე-ფაქტო სტრატეგია ნატოსა და აშშ-ის წინააღმდეგ.(11) ირანი მიიჩნევს, რომ რეგიონის პრობლემები რეგიონულმა ძალებმა უნდა მოაგვარონ და აშშ არ უნდა ჩაერიოს მის საქმეებში. უკრანის ომში რუსეთის მხარდაჭერა ირანს ასევე საშუალებას აძლევს, სანქციების პირობებში მოწინავე ტექნოლოგიები და ბირთვული იარაღის შექმნაში დახმარება მიიღოს რუსეთისგან. აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში და, ზოგადად, შავი ზღვის ფართო რეგიონშიც ირანი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არ მიდის.
როგორც ვხედავთ, სამივე დესტრუქციულ ძალას სხვადასხვა ინტერესი აქვთ შავ ზღვაში, თუმცა ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და სამივე შეთანხმებულად მოქმედებს.
დასკვნა
ამერიკამ და ევროპამ მეტად უნდა იაქტიურონ შავი ზღვის რეგიონში, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების მიმართ ჰიბრიდულ ომს მიმართავს, ხოლო თურქეთი – დასავლეთისგან გარკვეული დათმობების მიღების მიზნით – რუსეთთან პოლიტიკური ფლირტითაა დაკავებული. ამიტომ დასავლეთისა და განსაკუთრებით ამერიკის მხრიდან რეგიონში მეტი ჩართულობა და სწრაფი გადაწყვეტილებებია საჭირო. აშშ რაც უფრო მეტად მისცემს რუსეთს, ჩინეთსა და ირანს რეგიონში გავლენის გაძლიერების საშუალებას, მით უფრო სწრაფად დაკარგავს თავის ისედაც ნაწილობრივ კონტროლს შავ ზღვაზე. ხოლო, თუ კვლავ „რკინის ფარდა“ დაეშვა და შავი ზღვა „რუსულ ტბად“ გადაიქცა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, და, შესაბამისად, თურქეთიც განუდგება დასავლურ ბანაკს, ნატო ვეღარ შეძლებს თავდაცვითი ალიანსის ფუნქციის განხორციელებას, მინიმუმ იმ დროისთვის, როცა უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთი ხელახლა შეიარაღდება.
ამიტომ დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის (რადგან ნატოსა და ლიბერალურ-დემოკრატიული დღის წესრიგის მთავარი მამოძრავებელი ძალა აშშ-ია) მოვალეობაა, დაიცვას შავი ზღვა თავად ამერიკისა და „ევრაზიული ჰართლენდის“ ირგვლივ მყოფ მოკავშირეთა ინტერესების გამო.
გამოყენებული წყაროები:
1. The Geographical pivot of history. H.J. Mackinder, The Geographical Journal, Vol. 23, No. 4 (Apr., 1904), pp. 421-437https://disp.web.uniroma1.it/sites/default/files/Mackinder_Geographical+Pivot+of+History.pdf
2. The battle for the Black Sea! The importance of freedom of navigation and energy stakes. Seth Cropsey, George Scutaru, Harry Halem, Laurentiu Pachiu. 2024. New Strategy Center.https://newstrategycenter.ro/wp-content/uploads/2023/11/NSC-YI-The-Battle-for-the-Black-Sea-study.pdf
3. Biden allows Ukraine to hit some targets in Russia with US weapons. https://www.bbc.com/news/articles/cy770l9llnzo ნანახია 2 ივნისს
4. Black Sea Security Act of 2023, Sen. Shaheen, Jeanne [D-NH] (Introduced 03/15/2023) https://www.congress.gov/bill/118th-congress/senate-bill/804/text
5. The U.S. perspective on Black Sea security, James Jay Carafano https://www.gisreportsonline.com/r/u-s-black-sea/
6. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარი პრესასთან. 14 მაისი, 2024. https://ge.usembassy.gov/ka/assistant-secretary-of-state-for-european-and-eurasian-affairs-james-obrien-remarks-to-media-in-tbilisi-ka/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0Au01jN-c8r9QsFHnx9c7lsqZw0ok4lB8LJgHt-FzW0P6I-emZbQn0-Gk_aem_Ab0UEbrZ_yOYVA2R3BoNJL4cNDRtupDgDJFdEO0Gz1y3MHBGH0gXBSNBr48krf1Xyr_HiXnRXOoZXTPiC1tuBvuz
7. Announcement of a Visa Restriction Policy for Undermining democracy in Georgia and Comprehensive review of all US_Georgia Cooperation, Antony j. Blinken, Secretary of State, May 23, 2024 https://www.state.gov/announcement-of-a-visa-restriction-policy-for-undermining-democracy-in-georgia-and-comprehensive-review-of-all-u-s-georgia-cooperation/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0RGIGeVepagCsxD9lzweVjUsO8wsoFjj7Ed3w3sOLuRQflBwINWsDkxiA_aem_AYXoXEKWDfJdoOxL24TOdemFfMfNow0tBTdU0OQ4ujBuez8_ThfBse5OLTKmVTVqnwM6REZD7Wc-NvHbF3d7kr-N
8. Wilson, Cohen, Hudson, Veasey Introduce MEGOBARI Act, May 24, 2024 https://joewilson.house.gov/media/press-releases/wilson-cohen-hudson-veasey-introduce-megobari-act https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/1643202626490610
9. Department Press-briefing – June 06, 2024, Matthew Miller, https://www.state.gov/briefings/department-press-briefing-june-06-2024/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR3Efn3Dj313ilB-jIG8vDKpgdJ6UsgB1S4aS4ZMza2xEQA6rfYMrF21Xo8_aem_AYUnNISVLOMKXLsqsCYMBWp079keTw8RdWJgxGEFPRGLsFBJ369l1ZihoYHzVypgmXQ-MmBjN5CBSCnbX2bLJFhO -563929-GEORGIA
10. A New Black Sea Strategy for a New Black Sea Reality, LUKE COFFEY and CAN KASAPOĞLU, Senior Fellows, Hudson Institute February 2023http://media.hudson.org.s3.amazonaws.com/A+New+Black+Sea+Strategy+for+a+New+Black+Sea+Reality.pdf
11. Strategic Nexus: The Black Sea, Great Power Competition, and the Russo-Ukrainian War. Seth Cropsey, George Scutaru, Harry Halem, Antonia Colibasanu. 2023https://yorktowninstitute.org/wp-content/uploads/2023/07/YI_NSC_Monograph.pdf
12. მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მილიონი დაამტკიცა მაისი 22, 2024 https://forbes.ge/msophlio-bankma-shavi-zghvis-tsqhalqvesha-kabelis-proeqtisthvis-35-milioni-daamtkitsa/
13. The Spectator Index. https://x.com/spectatorindex/status/1796467917103792228?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR3DJMyoqBjDZ31NBF3jONGXQIFkCQAs-E-C0RJTFcFXHn_q3ZLVsnzmJ_g_aem_AYae86_74DyA3LyuaQyS6CV1halEoYeHUckzGh2Sz4vzbI9aYLwMj1uMHYBVcO4YscLNGTNLJxaF2ojyDSChkqP9
14. Macron is considering a risky plan in Ukraine. What if Putin calls his bluff? Lee Hockstader June 3, 2024 https://www.washingtonpost.com/opinions/2024/06/03/macron-ukraine-trainers-red-line/
15. Россия решила сдвинуть госграницу в Балтийском море рядом с Литвой и Финляндией 21.05.2024 https://www.moscowtimes.ru/2024/05/21/rossiya-reshila-vodnostoronnem-poryadke-sdvinut-granitsu-slitvoi-ifinlyandiei-ibaltiiskom-more-a131403
16. Article by Vladimir Putin ”On the Historical Unity of Russians and Ukrainians“, July 12, 2021 http://www.en.kremlin.ru/events/president/news/66181
17. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება 29.05.2014 https://www.interpressnews.ge/ka/article/801434-levan-davitashvilis-gancxadebit-anakliis-portis-proektis-gamarjvebulad-chinuri-konsorciumi-gamocxaddeba/
18. Putin and Xi pledge a new era and condemn the United States By Bernard Orr, Guy Faulconbridge and Andrew Osborn May 17, 2024 https://www.reuters.com/world/putin-visit-chinas-xi-deepen-strategic-partnership-2024-05-15/