20/05/2026
დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.
ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.
სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.
მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ.
გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე
19/05/2026
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივით 2026 წლის 21 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე - „გაჯეტდამოკიდებულება მოზარდებში“.
💬საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
📍 გაჯეტდამოკიდებულების ფსიქოლოგიური ნიშნები და გავლენა მოზარდის განვითარებაზე;
📍 გაჯეტებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები;
📍 პრევენცია, ჯანსაღი საზღვრები და მშობლის როლი.
⛓️💥ბმული: https://teams.microsoft.com/meet/43423939162236?p=vJ1Fs7YicoIzc3m5w6
08/05/2026
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და ტრენერებმა უსაფრთხო სკოლისა და მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე ძირითად მიმართულებას. მათ შორის, პრევენციის ძირითადი კონცეფციების და თანამედროვე მიდგომების, სკოლაზე დაფუძნებული პრევენციის მოდელების, მოზარდებზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების, რისკ-ფაქტორებისა და დამცავი მექანიზმების საკითხებს.
ჯგუფური სავარჯიშოების ფორმატში ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითები და შესაბამისი გამოწვევები განიხილეს, რის საფუძველზეც პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გეგმები დასახეს.
ტრენინგი ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის (Pompidou Group) პროექტის „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა.
28/04/2026
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინიციატივით 2026 წლის 30 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე - „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები“
💬 საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებული რეკომენდაციები, კერძოდ:
📍სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის განსაზღვრის წინაპირობები
📍სასკოლო გარემოში ასისტენტის როლი და პასუხისმგებლობა
📍სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის მომსახურების შეწყვეტის წინაპირობები
საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, დირექტორებისთვის, დამრიგებლებისთვის, მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, ასევე მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისა და თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
⛓️💥შეხვედრაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული - https://teams.microsoft.com/meet/456554401120?p=c263d9HTHcufDJlGLS
24/04/2026
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ოცდაათმა სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევისას თერაპიულ და ტრავმაზე ორიენტირებულ რეაგირებას შეეხებოდა. სასწავლო კურსი ევროპის საბჭოს პროექტის — „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიება მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა და ხაზი გაუსვა ბავშვთა დაცვის მექანიზმების მუდმივი განვითარებისა და ამ პროცესში კვალიფიციური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს.
ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომებს. მონაწილეებმა განიხილეს ადრეული რეაგირებისა და ტრავმის სკრინინგის თანამედროვე მეთოდები, სიღრმისეულად გაეცნენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს, მათ შორის, გამოძიების პროცესში ბავშვთა მხარდაჭერის მექანიზმებს, სპეციფიკურ პოპულაციებთან მუშაობისა და მულტიდისციპლინური კოორდინაციის მნიშვნელობას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აგრძელებს ზრუნვას ბავშვთა დაცვის მექანიზმების დახვეწისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობის მიზნით.
21/04/2026
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მანდატურის სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის როლზე, სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერ და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე ისაუბრა. წარმატებები უსურვა თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის.
დაჯილდოება თბილისის საკრებულოში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.
16/04/2026
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე მომავალში“ მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრები წარმატებით დასრულდა.
კამპანიის ფარგლებში მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები 100 საჯარო სკოლაში გამართეს და პროცესში VI-IX კლასის 4000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.
საინფორმაციო შეხვედრები მოიცავდა როლურ თამაშებს, დისკუსიას, ანიმაციური ვიდეორგოლის ჩვენებასა და განხილვას, რაც მოზარდების ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი ქცევის განმტკიცებას უწყობს ხელს.
კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. საინფორმაციო შეხვედრებში ჯამურად 160 საჯარო, 2 კერძო სკოლა და 7500-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.