Abkhaz Assembly • აფხაზთა კრება

Abkhaz Assembly • აფხაზთა კრება

Share

მოვითხოვთ რუსეთის მიერ აფხაზეთში ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარებას. გაისად სოხუმში!

27/09/2025

27 სექტემბერი არა სოხუმის დაცემის, არამედ დაპყრობის დღეა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს ნდობა გამოუცხადა, მშვიდობისმყოფელის სტატუსი მიანიჭა და ქართული ჯარი, რომელიც აფხაზეთს იცავდა - განაიარაღა!
ეს დღე გვახსენებს იმას, თუ რას ნიშნავს რუსეთის იმედად მშვიდობა.
რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილებს, მოსკოვმა გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოგვიწყო.
რუსეთის აგრესიას ეთნო-კონფლიქტი დაერქვა, ხოლო საოკუპაციო ჯარს სამშვიდობო ძალების სტატუსი მიენიჭა.
32 წელიწადია ასობით ათასი ქართველი დევნილობაში ვცხოვრობთ; ხოლო გალში დარჩენილები მკვლელობების, ძალადობისა და დამცირების პირობებში არსებობენ.
32 წელიწადია საკუთარ წარმომადგენელსაც კი ვერ ვირჩევთ.
იგივე მოგველის მთელ ქართველ ერს თუ ამ რეჟიმს არ შევცვლით და ჩვენს ისტორიული გზას და ბუნებრივ წიაღს - დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციას არ დავუბრუნდებით.
ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის ხსოვნა გვავალდებულებს შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც მშვიდობის სახელით, რუსულ საქმეს აკეთებს, რუსეთის პირისპირ კვლავ მარტო გვტოვებს და ამით კიდევ უფრო გვიზრდის შემდგომი აგრესიის საფრთხეს.
27 სექტემბერს 19 საათზე, აფხაზეთიდან დევნილები, ქართული საზოგადოება ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, მემორიალთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც გავიხსენებთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ თავისუფლებისთვის გაიღო.
არა რუსულ რეჟიმს! აფხაზეთი საქართველოა!

24/03/2025

ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ აფხაზეთში ქართველების გენოციდი არ არის რაღაც სპონტანური შურისძიების აქტები, არამედ არის ორგანიზებული დანაშაული, რომლისთვისაც ქმნიან სპეციალურ ჯგუფებს-სიკვდილის ესკადრონებს, მათ საგანგებოდ წვრთნიან, აღჭურვავენ და სპეციალურ ამოცანას უსახავენ. აფხაზეთში ისინი ცნობილია ,,პალაჩების“ სახელწოდებით. ურწმუნო თომებისთვის, იგივე რუსეთის ნებსითი თუ უნებლიე ლობისტებისთვის, ვისაც დღემდე სურს მომხდარი წარმოსახოს ეთნოკონფლიქტად, აგრეთვე, მათი ,,ბოდიშისტური პროპაგანდით“ გაბრუებული გულუბრყვილო ადამიანებისთვის ძალიან საყურადღებო იქნება ქვემოთმოყვანილი ციტატა. ის ეკუთვნის დღევანდელი რუს ოპოზიციონერს, ადრე რუსეთის დუმის 4 მოწვევის სახელისფლებო დეპუტატს, კგბ-სა და ფსბ-ს პოლკოვნიკს გენადი გუდკოვს არის ინტერვიუდან, რომელიც მან მისცა უკრაინულ საინფორმაციო პორტალ ,,FREEДOM“-ს 2024 წლის 22 მარტს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შესახებ (სტილი დაცულია): ,, Боевики были супер подготовленными. Я проходил оперативную психологию, и могу сказать, что психологически люди не готовы убивать людей. Это нужна привычка, это нужна тренировка, уж, извините за цинизм. Это нужна привычка к крови, к смерти, к равнодушию. Это вырабатывается киллерами, а также структурами, которые занимаются убийством людей, — либо армия, либо спецназ. Это люди, которые спокойно могут смотреть на чужую смерть. А в “Крокусе” была мясорубка, там была бойня, там ужас что творилось“.
ზუსტად ასე იყო აფხაზეთში. გუდკოვს დამთავრებული აქვს კგბ-ს კონტრდაზვერვის სკოლა, საგარეო დაზვერვის აკადემია და კარგად იცის ეგ საქმე.
კამპანია ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ ფარგალში ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ რამდენიმე ასეთი რუსული ჯგუფი. გუდკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც აქამდე ვამბობდით ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით.
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ნონა წივილაშვილი - განახლება - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 05/01/2025

სოხუმი რომ დაეცა, მთელი სოფელი ავიყარეთ და წამოვედით. ჩვენი ოჯახი მეზობელ გია ბიგვავას მანქანით წამოვედით კოდორისკენ. მოვედით ვარჩეში მდინარესთან. მანქანებს ემსახურებოდა ბეტეერი და გამოჰყავდა წყალზე. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, მანქანა გაფუჭდა. ამასობაში მოდიოდა მანქანა სოფ. ნაადან და ჩემმა მაზლმა თეიმურაზ წივილაშვილმა ქალები და ბავშვები აგვსვა ამ მანქანაზე მე, ჩემი რძალი და მეზობლის ბიჭის პაატა ბერულავას მეუღლე. სამივეს გვყავდა პატარა ბავშვი. თეიმურაზი ავიდა მანქანაზე, რომ ჩანთები გადაეწია. ამასობაში მანქანა დაიძრა და თეიმურაზი შეგვრჩა ჩვენ. შეიძლება ითქვას ცალ ფეხზე ვიდექით, ისე გადმოვედით ენგურის ხიდი. დანარჩენების გადმოსვლას იქ ველოდებოდით ნათესავის სახლში. 1 კვირაში გადმოვიდა ჩემი დედამთილი ნინა წივილაშვილი და მეზობელი დარეჯან შონია. მათგან გავიგეთ, რომ დანარჩენები ფეხით წამოვიდნენ ენგურისკენ. დედამთილი ავადმყოფი ქალი იყო, სადღაც ურიკა უპოვიათ, ზოგჯერ იმაზე დასვამდნენ, ზოგჯერ ფეხით. ასე მიაღწიეს ოჩამჩირის რაიონის სოფ.ილორამდე. მათ შეუერთდნენ ჩვენი სოფლის ბიჭები. ბევრი მოდიოდა ფეხით. შორიდან შეამჩნიეს ვიღაც ბოევიკები და დაიმალნენ ბუჩქებში. ბოევიკებმა დაუწყეს ძახილი რუსულად, გაურკვეველ ენაზე, ქართულად, მეგრულად, დაგინახეთ გამოდითო. იძულებული შეიქნენ გამოსულიყვნენ. ვერსად ვერ გაგიშვებთ, ქართველების ჯიში არ უნდა გამრავლდესო. მამაკაცები ყველა დახვრიტეს, 7 წლის თამაზ ბერულავასაც მოხვდა ტყვია მუცელში. ამას გადავარჩენთ და წაუყვანიათ. მაგრამ მისი ასავალ-დასავალი ახლაც არ არის გარკვეული. დედამთილს არ ჰქონდა იმედი, რომ ის გადარჩებოდა. დანარჩენი ყველა წაუყვანიათ ტყვედ. დედამთილი ღამე გამოიპარა, ორსული დარეჯანი დაეხმარა მას, ორმო უპოვიათ, ჩაუწვენიათ ეს ბიჭები და რაც შეეძლოთ მიწა მიუყრიათ. 1 კვირის შემდეგ გაუშვეს ეს ქალები. ცემა-ტყეპაში ჰყავდათ. ჩაკეტილები იყვნენ ოთახში. ახალგაზრდები მიყავდათ და მოყავდათ. ამ ქალებს იყენებდნენ ყველანაირად. დედამთილს და დარეჯანს კი არ შეხებიან. ცემით კი გვცემდნენ, მაგრამ არსად წავუყვანივართო. მშივრები იყვნენ. არც არაფერს აჭმევდნენ. პაატა ბერულავას და ნანა გაჩინარდა, დაბრუნდა უკან და მოუყვა თავის მშობლებს. მათ ბიჭები გადაასვენეს განახლებაში და დაასაფლავეს საგვარეულო სასაფლაოზე. ილორთან დახვრიტეს: ჩემი მეუღლე ლერი წივილაშვილი-26 წლის, მაზლი ოლეგ წივილაშვილი-24 წლის, მეზობლები - ჩემი მაზლის კლასელი და მეჯვარე პაატა ბერულავა-24 წლის, მისი ბიძაშვილი კახა ბერულავა-18-20 წლის და პატარა ბიჭი მათი ბიძაშვილი თამაზი, რომელსაც დღესაც ეძებენ-7 ან 9 წლის.

(ეს ისტორია აგრეთვე მოგვიყვა დარეჯან კვირიკაშვილმა-შონიამაც, რომელიც უკვე გამოქვეყნებული გვაქვს).
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ნონა წივილაშვილი - განახლება - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

რუსუდან დანელია - ახალდაბა - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 05/01/2025

1993 წლის 16 სექტემბერს აგვიყვანეს ტყვედ. ბავშვები იყვნენ, ხნიერი ხალხიც იყო. ჩემი ძმა [ბეჟან დანელია] იყო ერთადერთი ახალგაზრდა. ავად იყო, სიცხეები ჰქონდა, წნევა. ფორმა არ ეცვა. ჩემი რძალი ეხვეწებოდა გადაერჩინათ და ყველაფერს მოგცემთო. დათანხმდნენ. დიხამინჯიას სახლიდან გამოვიდა 7-8 კაცი. ერთი გამოეყო ხელმძღვანელი და ესროლა 5 ტყვია. ადგილზე მოკვდა. ნათელა ყურაშვილმა მითხრა, შენი ძმა ვნახე თავგახეთქილი, წიწილები თვინს წიწკნიდნენო. ახვლედიანების სახლში შეგვაგროვეს. შემდეგ წაგვიყვანეს შანავების სახლში. ნიზამ მსხალაიას სიძე წაიყვანეს მანდარინების ეზოში და იქ მოკლეს. მოკლეს ჟორა ნაჭყებია და რამაზ გაბისკირია. მეორე დღეს გადაგვიყვანეს ათარა-აბხაზკაიაში. სიას წერდნენ. 300-ზე მეტი იყო ტყვედ აყვანილი ბავში, ქალი მოხუცი. ჩვენ მოვხვდით სამასწავლებლოში. იატაკზე ვეყარეთ. საპირფარეშოში ვერ წავიდოდით შიშით. თითო ნაჭერი პური თუ შეგვხვდებოდა. პანჩურებს გვირტყამდნენ, თმებით გვათრევდნენ, რას არ ჩადიოდნენ. ბავშვები გაჰყავდათ, 12, 13, 15 წლის ბავშვები. დედები ტიროდნენ. ნუ გეშინიათ დაგიბრუნებთო. მათზე სექსუალურად ძალადობდნენ. 2 ბავშვი გოგო საერთოდ არ მინახავს. გაიყვანეს და გათავდა და იმის ბავშვები კიდევ. დღისით შემოდიოდნენ, ათვალიერებდნენ ვინ სად იჯდა, ვინ სად იწვა. ღამე მასიურად მოდიოდნენ და გაჰყავდათ. როგორ წიოდა და კიოდა ხალხი მთელი ღამე. იქ მოკლეს ახალმოსახლე ლემონჯავა. ამ ქალმა რძალი არ გაატანა. მოკლეს ეს ქალი და ისევ ჩვენს ხალხს დაამარხინეს. მამაკაცები 7-8 კაცი ჰყავდათ პატარა გისოსებიან სამხედრო ოთახში. ჩვენ გვეუბნებოდნენ: მოდით, ნახეთ, ,,обезьяны там сидят“. ასე ვიყავით 9 თუ 10 დღე. ერთ დღეს მოვიდა ტელევიზია. უნდა გვეთქვა, რომ კარგად გვეპყრობოდნენ. მერე ექიმებიც მოვიდნენ. ეპიდემიის საშიშროების გამო მოითხოვეს ხალხის გაყვანა. ესენი კარგი ამოიხოცებიან, მაგრამ თქვენც ხომ ამოიხოცებით ამათთან ერთადო. ჩვენ წაგვიყვანეს ჭლოუში. ის ერთი ღამე ისე გაგვიძნელდა, სიკვდილი სჯობდა. არ დაინდეს არც ქალი, არც ბავშვი. წყალი მოსწყურდა ხალხს. დალიეთ-დალიეთ და თავზე ასხამდნენ. მე-6 დღეს იკარუსით წაგვიყვანეს ენგურზე. ისე გაივსო, რომ ვერ ისუნთქებდი. შოთა ჩაკვეტაძე ფეხზე მდგარი მოკვდა. ენგურის ხიდთან არავინ დაგვხვედრია . . .

რუსუდან დანელია - ახალდაბა - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ნიკოლოზ ლიპარტია - ფშაფი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 04/01/2025

ჩემი ოჯახი გავაგზავნე თვითმფრინავით თბილისში. მე მომიწია უღელტეხილით წასვლა. 13 დღე მოვდიოდით. ქუთაისში ვნახე ჩემი დის მეზობელი და ნათესავი კაცი კონჯარია, რომელმაც მომიყვა მისი დახვრეტის ისტორია. მზია შევიდა მწოლიარე დედამთილისთვის ნემსის გასაკეთებლად, შეუმჩნევიათ ბოევიკებს და გაიქცა გზის გადაღმა ხურცილავების სახლში. იქაც მწოლიარე კაცი იყო. ამ კაცმა ყვირილი დაიწყო, რა გინდა ქალთან, რას ერჩითო. ორივე იქ მიახვრიტეს. მზია 40 წლის იყო. 5-6 თვის ორსული. ჯერ გააუპატიურეს და მერე მოკლეს. ის ბოევიკები მობრუნდნენ, მწოლიარე დედამთილი სახლიანად დაწვეს. ამის მერე ქმარს და მეზობლებს ჩემი და თავის სახლში გადმოუტანიათ და მანდარინებში დაუმარხავთ. დედაჩემი დარჩენილი იყო ფშაფში და ვიღაც სომეხის მეშვეობით გადმოასვენა მამაჩემის სასაფლაოზე. დედა იქ დარჩა და გარდაიცვალა 2000 წელს. ჩემმა ფეხმძიმე დამ რა დააშავა? იარაღი ეჭირა თუ რამე იყო? ბევრი მშვიდობიანი ქართველი მოკლეს. . .

( მზია ლიპარტია-40 წლის, ოლღა კონჯარია-72 წლის, ვაჟა ხურცილავა-54 წლის - წამებით მოკლეს გულრიფშის რაიონის სოფ. ბაგაჟიაშთაში).
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ნიკოლოზ ლიპარტია - ფშაფი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ელდარ ვეკუა - კოჩარა - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 04/01/2025

ვმუშაობდი დაბა აგუძერაში ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში. ომის დაწყებიდან ჩემმა ძმამ ედიკ ვეკუამ, რომელიც ასევე მუშაობდა და ცხოვრობდა აგუძერაში, მეუღლე და 3 მცირეწლობანი შვილი გახიზნა სურამში დევნილების პანსიონატში. იქიდან დაბრუნებულმა მიაკითხა კოჩარაში დარჩენილ მამას სევერიან ვეკუასა და მესამე ძმას გენადის. ახლომახლო კარის მეზობლები იყვნენ ძმის ედიკის სიმამრი შოთა შუბითიძე ცოლისძმა ზაურ ცქვიტაიასთან ერთად. ასევე კარის მეზობლები ინდიკო და მიხეილ ბოჭორიშვილები. რამდენადაც ღამით უხიფათოდ არ იყვნენ, ეს ხალხი თავს ერთად იყრიდა მამაჩემის სახლში იმიტომ, რომ ცალ ცალკე ყოფნის ეშინოდათ. 1993 წლის 5 მაისს საღამოს სახლთან მისაბმელიანი ტრაქტორი გაჩერდა. რომ წავიდა სახლში არავინ დახვდათ. შემდეგ დავადგინეთ, რომ ისინი წაიყვანეს ჭლოუს მიდამოებში. შოთა იყო ტრაქტორისტი. დანარჩენს გახადეს და დახვრიტეს 6 კაცი. შოთას დახვრეტილები ლაფეტზე დაალაგებინეს, წაიყვანეს იქიდან 10 კილომეტრში აკვასკის მიდამოებში მინდორში დაყარეს, შოთაც ზედ დააკლეს და ზემოდან თხმელის ტოტები დააყარეს. შოთა ტანსაცმლით იყო. იქაურმა მწყემსმა ნახა ეს ხალხი. მიცვალებულები ცნობა ძნელი იყო. ბოჭორიშვილები საგვარეულო სასაფლაოზე დაასაფლავეს, ზაური და შოთა შუბითიძე ზაურის საგვარეულო სასაფლაოზე, მამაჩემი და ჩემი 2 ძმა სავეკუოს სასაფლაოზე. მესაფლავე ერთი კაცი იყო გვარად ჭეჟია, რომელსაც 2 კვირაში გულმა უმტყუნა, ამდენი საზიზღრობა რომ ნახა. ჩემს ძმას უთქვამს: ნუ მომკლავთ, 3 შვილი მყავსო. ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამდნენ ისეთი ხალხი იყო. საზიზღრად, დამცირებით, ცინიკურად რომ დახვრიტეს ეს ხალხი, ალბათ ფაშისტები ასე არ აკეთებდნენ, ჟარგონით რომ ვთქვა, კაიფობდნენ. დრო მკურნალიაო და არა მგონია ეს ყველაფერი დრომ განკურნოს. . .
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ელდარ ვეკუა - კოჩარა - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ლორა ლიპარტია - ფშაფი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 04/01/2025

ვმუშაობდი ზემო ფშაფში მასწავლებლად. ბათუმში ვიყავი. ჩემი და და დედა გამოვიდნენ უკრაინის გემით. მამამ [ილია ლიპარტია, 72 წლის] სვანეთამდე მოაცილა ჩემი ძმა ,,ვილისით“ და უთხრა, რაღაც დამრჩა და აუცილებლად უნდა დავბრუნდეო. სინამდვილეში დაბრუნებას არ აპირებდა, ვერ შეელია ოჯახს. ცხოვრობდა ჩვენს სახლში. სირიელი ბოევიკები აიძულებდნენ დაეტოვებინა სახლი, მაგრამ არ დატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ ღამის 2 საათზე შევიდნენ, ძალით გამოიყვანეს და სახლის უკან მოკლეს. ზოგი ამბობს, რომ თვითონ დამარხეს, ზოგი ამბობს, რომ მეზობელმა ბიჭმა ვინმე ქობალიამ. იმათგან მარტო ერთი კაცია დარჩენილი, ვინმე შამილი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს მეზობლად დათიკო თოდუას სახლში. ეს ამბავი მოხდა 1993 წლის ოქტომბერში და ვიცი ჩვენი მეზობლის ეთერ კვიცინიასგან, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გადმოვიდა და მოგვიყვა. მან ნახა მამაჩემის ჩექმები და ჯოხი. იმით მიხვდა, რომ იქ იყო დამარხული და დამიხაზა მიახლოებით ის ადგილი. . .
(ქ-ნ ლორას ნახაზი დღემდე აქვს შენახული. ფოტო ჩვენც გამოგვიგზავნა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო არ ვაქვეყნებთ).
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ლორა ლიპარტია - ფშაფი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ნარგიზა ლაბარტყავა - სოხუმი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 29/12/2024

შოთა ლაბარტყავამ გაზის აპარატურის ქარხნის მისასვლელთან დაინახა კაუჭზე დაკიდებული პიროვნება, სადაც ეწერა: აქ იყიდება ქართველი ადამიანის ხორცი. შევიდა შიგნით, რამდენი ბოევიკი იყო არ ვიცი, ააფეთქა ისინი და წამოვიდა სახლში. შოთა ბიძია სამხედრო პიროვნება იყო, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე, პედაგოგი, გერმანისტი, მუშაობდა მე-20 საშუალო სკოლაში და N2 სკოლა-ინტერნატში გერმანული ენისა და სამხედროს მასწავლებლად. ამ დროს იყო 75 წლის. მან ოჯახს აცნობა, რომ ასეთი ამბავია გაკეთებული და რომ მზად ყოფილიყვნენ გასულიყვნენ ქალაქიდან. ეტყობა ვეღარ მოასწრეს. დილით ადრე მოადგნენ მებრძოლები. ცოლ-შვილი ჭაში ჩამალა და მოემზადა, რომ წინააღმდეგობა გაეწია მათთვის. შეხვდა ჭიშკართან, ყუმბარა ესროლა თავი აიფეთქა და ესენიც დაიღუპნენ. ამას შეესწრო მისი სიძე გვარად ჯომიდავა და ისიც დაიღუპა... ჩემი დედამთილი ალექსანდრა ქუხილავა ყალიჩავა 1993 წლის 27 ოქტომბერს წებელდაში ჩვენს ოჯახში ეზოში მოკლეს, სახლში შეაგდეს და ჩაწვეს. მეომრები მანქანით ჩამოვიდნენ და არბევდნენ ოჯახებს. ნაწილი სომხები იყვნენ, ნაწილი რუსები. . .
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ნარგიზა ლაბარტყავა - სოხუმი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

მზია ბჟანია - კოჩარა - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 29/12/2024

ომის დაწყებიდან 1 თვეში გამოვიყვანე 3 ბავშვი. კოჩარა რომ აიღეს, ვინ ხალათით გამორბოდა, ვინ ფეხშიშველი, ვინ ცალი ფეხსაცმლით. ნახევარმა სოფელმა გამოაღწია. მეუღლე დარჩა. ღამით 7-მა მეზობელმა გადაწყვიტა ტყით, ბილიკებით გადმოსვლა ოჩამჩირეში. ავტომატის ჯერი გაისმა და პირველ რიგში ვინც იყო-ჭიჭიკო დადვანი დაიღუპა. ჩემი მაზლის ცოლი გულნარა სანაია, 9 შვილის დედა შვილის გამოსაყვანად შევიდა სოფელში. შვილი რომ იპოვა, აპირებდა გამოსვლას მეზობელ ლუიზასთან ერთად. უცებ ვერ გამოვიდნენ, ჩარჩნენ 1 თვის განმავლობაში. დღისით ჩაის პლანტაციებში იმალებოდნენ, ხოლო ღამით გამოდიოდნენ სამალავიდან. კიდევ 3 პიროვნება იყო. ერთი იყო ფიფია. ტრაქტორით მოდიოდნენ. სოფლის გზაზე, არმისული ოჩამჩირის საზღვრამდე აფეთქდნენ ნაღმზე 3 მამაკაცი და 2 ქალი. გულნარას ჰქონდა ფეხები მოწყვეტილი და მეორე დილით გარდაიცვალა. დანარჩენები ადგილზე დაიღუპნენ. არ იყო საომარი მოქმედებების ზონა. ჩემმა მამამთილმა დაასაფლავა გულნარა და ლუიზა. ჩემს წინ 80 წლის მოხუცი ქალი ცხოვრობდა. შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და საფლავს ვერ დავტოვებო. დახვრიტეს, შეაგდეს სახლში, წაუკიდეს ცეცხლი და დაწვეს. ჩვენი მეზობლები ბუღალტერი ვალოდია გოგუა, მისი მეუღლე ბაჯიკო, პედაგოგი მოკლეს, ხეზე მიაბეს და დაწვეს. მათი ნათესავი ავადმყოფი ქალიც მოკლეს. მეზობელი პედაგოგი გივი სალია წამოვიდა მათ საშველად და ისიც მოკლეს. ბაჯიკო იყო წელს ქვემოთ დამწვარი გაზით, ხოლო ვალოდია გოგუა - წელს ზემოთ. ეს ოთხი მიცვალებულიც ჩემმა მამათილმა დამარხა. . .
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

მზია ბჟანია - კოჩარა - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ზინა სახეჩიძე - განახლება - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 27/12/2024

რომ წამოვედით, დარჩნენ: დედა - ქებურია გალია (68 წლის), მამა - ქებურია ანდრო (71 წლის) და ბებია - სალომე ჯიჯელავა (98 წლის). მოვიდნენ ბოევიკები და სოფ. ნაა გადაწვეს. 86 კომლი იყო. 5 სახლიღა დარჩა. სხვაგან წასასვლელი რომ არსად ჰქონდათ, ჩვენს მიტოვებულ სახლში მივიდნენ. მამაჩემს გაუგია, რომ ავტობუსები დაუყენებიათ და გაყვანას აპირებენო დანარჩენი ქართველების ენგურისკენ. მამამ, გავიგებ ძმა და რძალი წავიდნენ თუ არაო. გზად შეხვდა სარდიონ გოგუა. დაიკარგა მამაჩემი და რადგან სახლში არ დაბრუნდა, დედა წავიდა მოსაძებნად. რომ ვერ იპოვეს, მერე კაცებმა დაიწყეს ძებნა. 3 დღე ეძებდნენ. ნაასა და განახლებას შორის ხიდის თავზე იყო ფარდული. იქ უნახავთ დამწვარი. ეტყობა შეაგდეს, მოკლეს და დაწვეს. ტანსაცმლით იცნეს მიცვალებულებულები. მამაჩემს ოქროს კბილი ჰქონდა, კისრიანი ჯემპრი ეცვა და იმით იცნეს. ჩემი ბიძაშვილი ზურიკო გორდულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. . .ნაგავს რომ გადავყრით, უკან არ დავაბრუნებთო. ნაგავი ქართველები ვიყავით.
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ზინა სახეჩიძე - განახლება - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ძაბული ხვინგია - ფშაფი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი 27/12/2024

ვმუშაობდი სკოლაში გერმანულის ენის სპეციალობით. ჩემი გათხოვების შემდეგ მამა გარდაიცვალა. დედასთან დაჩნენ 3 ძმა და ჩემი და. ჩვენ წამოვედით გემით. გემების აყვანა უნდოდათ, მაგრამ უკრაინელებმა უთხრეს საპასუხოს [ცეცხლს] გაგიხსნითო და ამის შეეშინდათ. ბიჭები იქ დარჩნენ. სახლი დაწვეს, მაგრამ მაინც არ დაუტოვებიათ. სოფელში ვინც მოკლეს, ჩემმა ძმებმა დაასაფლავეს. სამზარეულო სახლში ცხოვრობდნენ. 29 იანვარს ერთად ვახშმობდნენ, ბოევიკები ფანჯრიდან შემოვარდნენ და ისე მოკლეს. ჩემმა მეუღლემ დაასაფლავა. ჩემი და წითელი ჯვრით აგზავნიდა წერილებს. პასუხები არ მოდიოდა. ბოლოს ალბათ მობეზრდა იქაურ სოფლის ფოსტალიონს არდავაზს. წითელი ჯვრიდან მოგვიტანეს მისი წერილი, სადაც ეწერა: ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. მეც იქ ვიყავი. ჩემმა დამ წაიკითხა და იქვე ჩაიკეცა. გაჟონვა დაემართა, 15 დღე საავადმყოფოში იყო და გარდაიცვალა. მერე გაამხილა ჩემმა მეუღლემ. ვინმე რომ დააკვდება ვიცოდი და იმიტომ არ გაგიმხილეთო. აზრი არა აქვს გადმოსვენებას. 100 წელი არ ვიქნები, ჩემს მერე ვინ მოძებნის? ქე მაინც იქ არიან მათ მიწა-წყალზე.
#ბუჩამდეიყოაფხაზეთი
#იმოქმედეგენოციდისაღიარებისთვის

ძაბული ხვინგია - ფშაფი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

Kiacheli Street #3
Tbilisi
0108