ქართველოლოგიის განყოფილება Department of Kartvelology

ქართველოლოგიის განყოფილება Department of Kartvelology

Share

ქართველოლოგიის განყოფილების გამოცე?

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების წიგნადი ფონდი შეადგენს 50 000 – მდე ერთეულს.
მისი თანამშრომლები მუშაობენ 6 ელექტრონულ ბაზაზე და კონსულტაციას უწევენ ქართველოლოგიის სამკითხველო და ელექტრონული დარბაზების მკითხველებს.
განყოფილება ამზადებს და გამოსცემს ბიბლიოგრაფიულ საძიებელს "საქართველო". გამოცემულია 13 საძიებელი.

23/09/2025

რუსი ლინგვისტი, კავკასიოლოგი, ქართველური ენების შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერებისა და ტიპოლოგიის სპეციალისტი გიორგი ანდრეს ძე კლიმოვი დაიბადა 1928 წლის 23 სექტემბერს ქ. ლენინგრდაში. 1946 წელს ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის განყოფილებაზე, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. 1952 წლიდან იგი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, სპეციალობით ქართველური ენები. 1953 წლის იანვარში კლიმოვი ორი წლით გაგზავნეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ატრიბუტული კომპლექსის ძირითადი სინტაქსური საკითხები ქართველურ ენებში“. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - „ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი“. 1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჟურნალ „Вопросы языкознания“-ს პასუხისმგებელი მდივანი. 1975 წლიდან - კავკასიური ენების სექტორის (განყოფილების) ხელმძღვანელი.
კლიმოვმა 1960-იან და შემდგომ წლებში (თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის და სხვათა შრომებთან ერთად) შექმნა ახალი პარადიგმა ქართველოლოგიაში - ატრიბუტიული კომპლექსის საკითხები, დეკლარაციის სისტემის რეკონსტრუქცია, ეტიმოლოგიური ლექსიკონი, ძველი ქართველურ-ინდოევროპული კონტაქტების პრობლემა, ქართველური ენების ტიპოლოგიური მახასიათებლები და ა.შ.
გიორგი კლიმოვი რიგ კავკასიურ ენებთან ერთად განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა ქართველურ ენებს და პარალელურად ზოგადი ენეთმეცნიერების საკითხებს. მისი პუბლიკაციები ყოველთვის ორიგინალური კონცეფციების დასაბუთებასა და სიახლეებს ეძღვნება. იგი იყო ერთდაერთი რუსი ენათმეცნიერი, რომელიც საფუძვლიანად ფლობდა ქართველურ და მთელ რიგ კავკასიურ ენებს.
გიორგი კლიმოვი გარდაიცვალა 1997 წლის 29 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია პრეობრაჟენსკის სასაფლაოზე.

25/08/2025

ინგლისელი ისტორიკოსი, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პროფესორი, ევროპაში აღიარებული ქართველოლოგი რობერტ ჰორნ სტივენსონი დაიბადა 1920 წლის 25 აგვისტოს ქალაქ გლაზგოში.
რობერტ სტივენსონის ქართული ენით დაინტერესებაში დიდი როლი შეასრულეს ოლივერ უორდროპმა და რენე გრუსემ. ოლივერ უორდროპმა მას თავისი დის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა. 1948 წელს რობერტ სტივენსონმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა ლონდონის უნივერსიტეტში ა. გუგუშვილის ხელმძღვანელობით. მას ამ საქმეში ასევე დიდ დახმარებას უწევდნენ ევროპაში მცხოვრები ქართველები. ამან განაპირობა მომავალი მეცნიერის წარმატება ქართული ენის საფუძვლიანად დაუფლებაში.
რობერტ სტივენსონი დაინტერესებული იყო ძველი და შუა საუკუნეების ქართული მწერლობით და შეუდგა მათ მეცნიერულ შესწავლას. ამ პროცესში მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მეცნიერებთან. ალ. ბარამიძე. ს. თურნავა, ი. გვარჯალაძე, დ. კობიძე, ალ. გვახარია, ვ. ურუშაძე და სხვები, მას ეხმარებოდნენ კონსულტაციებით და უგზავნიდნენ თავიანთ ნაშრომებს.
რობერტ სტივენსონმა ძველი ქართული მწერლობის საკითხების კვლევა დაიწყო მოსე ხონელის „ამირან-დარეჯანიანის“ შესწავლით, რომლის ინგლისური თარგმანი 1958 წელს ცალკე წიგნად გამოსცა. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა რუსთაველით და მისი ეპოქით. მან „ვეფხისტყაოსანზე“ ზედიზედ გამოაქვეყნა გამოკვლევები, რომლებშიც სცადა აეხსნა რუსთაველის ეთიკურ-ესთეტიკური იდეალები. მკვლევარი მსჯელობს პოემის მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოთქვამს საგულისხმო მოსაზრებებს. სტივენსონი „ვეფხისტყაოსანს“ სტრუქტურის თვალსაზრისით ადარებს იმ დრიოს ევროპულ სარაინდო რომანებს და ასკვნის: „საეჭვოა, რომ რომელიმე შუასაუკუნეობრივი რომანი, აღმოსავლური თუ დასავლური, გამოირჩეოდეს ისეთი მთლიანობით, საერთო ქარგის ისეთი სირთულით, როგორც ეს არის „ვეფხისტყაოსანში“. რობერტ სტივენსონის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ რიტმული პროზით დაიბეჭდა 1977 წელს ნიუ-იორკში იუნესკოს დაკვეთით.
ინგლისელი მეცნიერი ასევე დაინტერესდა საზღაპრო ეპოსით – "ფირმალიანი". "ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის არის, რომ "ფირმალიანი" ორიგინალური ქართული ნაწარმოებია და არა – სპარსული ორიგინალის თარგმანი. მისი სული ქართულზე მიმანიშნებს", – წერს სტივენსონი.
რობერტ სტივენსონმა ქართველოლოგიურ ჟურნალში "რევიუ დე კარტველოლოჟის" 1962 წლის ნომერში დაბეჭდა სტატია "დიდმოურავიანი" – XVII საუკუნის ეპიკური პოემა", ხოლო 1964 წელს კი – "ომანიანი" – XVII საუკუნის ქართული რომანი". საინტერესოა მისი მოსაზრება "დიდმოურავიანის" შესახებ.
რობერტ სტივენსონი სისტემატურად ეხმიანებოდა ქართველი კოლეგების სამეცნიერო გამოკვლევებს. უცხოურ პრესაში, უმეტესად, "რევიუ დე კართველოლოჟის" ფურცლებზე, იგი აქვეყნებდა საინტერესო რეცენზიებსა და სტატიებს კ. კეკელიძის, ალ. ბარამიძის, შ. ძიძიგურის, გ. ჯიბლაძის, ლ. გვახარიას, ი. გვარჯალაძისა და სხვათა ნაშრომებზე.
რობერტ სტივენსონმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური მეცნიერების კვლევის საქმეში. მან ინგლისურენოვან სამყაროს გააცნო ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები. მის თარგმანებსა და გამოკვლევებზე აღიზარდა უცხოეთში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, რაც ასევე მისი ღვაწლის დიდი დაფასება და აღიარებაა.
რობერტ სტივენსონი გარდაიცვალა 1998 წელს.

22/08/2025

გერმანელი ქართველოლოგი, კრიტიკოსი, მკვლევარი, მწერალი ოტო ჰაუზერი დაიბადა 1876 წლის 22 აგვისტოს ავსტრია-უნგრეთში.
ოტო ჰაუზერს ეკუთვნის "მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის" ორტომეული, რომელშიც ლაპარაკია აღმოსავლეთ ქვეყნების, ანტიკური პერიოდის საბერძნეთისა და რომის, აგრეთვე, რომანელებისა და გერმანელების მწერლობაზე. მეორე ტომის მესამე ნაწილში საუბარია თურქული, მადიარული, ფინური და, ბოლოს, ქართული ლიტერატურის შესახებ.
ავტორი მსჯელობას იწყებს ქართველი ერის დახასიათებით. იგი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართული ენა ეკუთვნის ინდო-ევროპულ ენათა ოჯახს. ამიტომ იგი ცდილობს მიუთითოს ქართველებისა და ბასკების ნათესაობაზე და აქედან გამომდინარე, ქართულ და ბასკურ ენებს მიიჩნევს წინარე ინდო-ევროპული ენების ნარჩენებად.
მწერლობის დახასიათებისას ჰაუზერი მთლიანად ეყრდნობა სხვა გერმანელი ქართველოლოგების ნაშრომებს. იგი განიხილავს სასულიერო და საერო მწერლობას, სადაც პირველს უკავშირებს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას, ხოლო მეორეს - დავით აღმაშენებლის და თამარის ხანაში ქვეყნის დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმავლობას. ჰაუზერი მიუთითებს დასავლურ ლიტერატურულ თქმულებებში, კერძოდ, ისლანდიურ თქმულებაში (ინგვარსაგა) თამარ მეფის სახის ასახვაზე. შემდეგ საუბრობს ქართული ლიტერატურის დაქვეითებაზე სპარსელებისა და მონღოლების თარეშის გამო და შემდგომ, მის აღორძინაბაზე. ჰაუზერი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს დასავლური გავლენების შემოჭრას ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, კერძოდ, იტალიელი მისიონერების მიერ შემოტანილ იდეურ სიახლეებზე, აგრეთვე რუსეთთან საქართველოს შეერთებაზე და ქვეყნის სულიერი ცხოვრებისათვის ამ ფაქტის მნიშვნელობაზე. ჰაუზერი ლაპარაკობს ჩვენი მწერლობის პრობლემათა შესწავლაზე ქართველთა და უცხოელთა შორის.
ოტო ჰაუზერის მსჯელობა ყოველთვის არ არის მართებული, იგი სცილდება ჭეშმარიტებას, თითქოს ქართული მწერლობა იწყებოდეს ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად. ამასთან, ის აზვიადებს ქართულ მწერლობაზე უცხო ქვეყნების გავლენის მნიშვნელობას და ვერ მიუთითებს მის თვითმყოფად ხასიათზე.
ოტო ჰაუზერი გარდაიცვალა 1944 წლის 26 მაისს ავსტრიაში.

19/08/2025

ქართველოლოგიის განყოფილების კიდევ ერთი წარმატებული პროექტი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia
1 ч.
·
მიმდინარე წელს აღვნიშნავთ ნიკო სამადაშვილის 120 წლის იუბილეს. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ივლისში პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა. ახლა კი გთავაზობთ ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების მიერ მომზადებულ გამოცემას "ნიკო სამადაშვილი (ტექსტური ბიბლიოგრაფია)", რომელიც უკვე ტექსტურ ფორმატშიცაა (greenstone-ის ელექტრონულ ბაზაში) ხელმისაწვდომი.
თავის წინასიტყვაობაში გამოცემის რედაქტორი ნუგზარ სამადაშვილი წიგნის შესახებ წერს: "წარმოდგენილი გამოცემა პოეტ ნიკო სამადაშვილის ტექსტური ბიბლიოგრაფიაა. მასში თავმოყრილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნად და პერიოდულ გამოცემათა ფონდებში დაცული პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები.
60-იანი წლებში გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად დაიბეჭდა ნიკო სამადაშვილის რამდენიმე ლექსი ტექსტური შეცდომებით, რომლებიც შემდგომ გამოცემებშიც განმეორდა. ეს შეცდომები ზოგ შემთხვევაში ლექსს არა მარტო შინაარსობრივად, არამედ აზრობრივადაც ცვლიდა. ნიკო სამადაშვილის საოჯახო არქივში დაცული ხელნაწერების მიხედვით შევეცადეთ ამ ხარვეზების აღმოფხვრა. ეს ცვლილებები მითითებულია სქოლიოებში.
წიგნი გამოსაცემად 2021-2024 წლებში მზადდებოდა."

08/07/2025

ცნობილი გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი, საქართველოს დიდი მეგობარი, არტურ ლაისტი დაიბადა პოლონეთის ქალაქ ბრესლაუში, 1852 წლის 8 ივლისს. მან თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი საქართველოში გაატარა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მისი მეორე სამშობლო იყო.
1881 წელს იტალიაში მოგზაურობისას მან გაიცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელი – გერმანელი მწერალი ფ. ბოდენშტედტი, რომელიც ერთხანს საქართველოში ცხოვრობდა და რომლის რჩევითაც ლაისტმა გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა და მოენახულებინა საქართველო. ის დაუკავშირდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას და სთხოვა დახმარება გაეწიათ ქართული ენისა და მწერლობის შესასწავლად საჭირო ლიტერატურით მომარაგებაში.
1884 წლის 1 ივნისს არტურ ლაისტი ილია ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვით ჩამოვიდა საქართველოში. უკან დაბრუნებულმა ლაიფციგში პოლონურ ენაზე დასტამბა წიგნი საქართველოზე – „საქართველო, ბუნება, ადათ–წესები და მოსახლეობა“.
ერთ წლის შემდეგ, 1885 წლის 5 აგვისტოს არტურ ლაისტი მეორედ ეწვია საქართველოს, ამჯერად ოთხი წლით. ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბლის, ა. წერეთლისა და დ. ერისთავის დახმარებით იგი შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას, რომელიც დაიბეჭდა დრეზდენსა და ლაიფციგში 1890 წელს. 1887 წელს ლაისტმა გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ გერმანულ ენაზე. მწერალი ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, ნაყოფიერად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“.
1892 წელს ლაისტი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
არტურ ლაისტი, სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში, საფუძვლიანად დაეუფლა ქართულ ენას. იგი მუდმივად ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გვერდით ტრიალებდა, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და მისი ხშირი სტუმარი იყო. ილია მას „შორეულ თავისიანს“ ეძახდა.
1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მწერალმა 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში თავად რედაქტორობდა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები: „ქეთევანი“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“, ავტობიოგრაფიული თხზულება „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“, „მოგზაურის დღიური“ და სხვ. 1918 წლიდან იგი თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად. 1922 წელს ქართველმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. 1923 და 1927 წლებში გამოიცა ლაისტის თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ ორ წიგნად.
არტურ ლაისტი გარდაიცვალა 1927 წლის 22 მარტს, თბილისში. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მას „ჩვენი აბო“ უწოდა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

04/07/2025

ფრანგი ქართველოლოგი, საფრანგეთის სამცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტერატურის სპეციალისტი, საპატიო დოქტორი, ჟურნალ „ბედი ქართლისას“ სამეცნიერო საბჭოს წევრი ბერნარ უტიე დაიბადა 1941 წლის 4 ივლისს პარიზში. მან პარიზშივე მიიღო ფილოლოგიური და თეოლოგიური განათლება.
ბერნარ უტიე ქართული კულტურით დაინტერესდა მე–20 საუკუნის 70–იან წლებში. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ფრანგული ჟურნალის „Revue de Kartvėlologie”-ის რედაქციას და 1972 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი. მას დიდი დახმარება გაუწიეს ჟურნალის დამაარსებლებმა კალისტრატე და ნინო სალიებმა. მათივე დახმარებით ახალგაზრდა მეცნიერმა შეისწავლა ძველი და ახალი ქართული, ამავე დროს რუსული, სომხური, ინგლისური, გერმანული, იტალიური, ბერძნული, ლათინური, ებრაული, არაბული და სირიული ენები. იგი გახდა ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, ელენე მეტრეველისა და შოთა ძიძიგურის უშუალო ხელმძღვანელობით.
მეცნიერისათვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოში ჩამოსვლა და ქართველ მეცნიერებთან უშუალო კონტაქტის დამყარება. იგი ხშირად ჩამოდის საქართველოში და მუშაობს ხელნაწერთა ინსტიტუტში, უნივერსიტეტსა და ლიტერატურის ინსტიტუტში. პირადმა კონტაქტებმა ფრანგ მეცნიერს უფრო მეტი საშუალება მისცა გაეღრმავებინა თავისი სამეცნიერო მუშაობა.
ბერნარ უტიე უცხოურ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს, თარგმანებს, ცალკეულ გამოკვლევებს ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. მას ფრანგული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული აქვს მრავალი რეცენზია აკაკი შანიძის, ალექსანდრე ბარამიძის, შოთა ძიძიგურის, ზურაბ სარჯველაძის, ოთარ გვინჩიძის, მიხეილ ქავთარიას და სხვათა ნაშრომებზე. ასევე მეცნიერმა სპეციალური სტატიები მიუძღვანა ქართველ მწერლებს, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ფრანგულ თარგმანებს, აგრეთვე გრიგოლ აბაშიძის ისტორიულ რომანს „ცოტნე“ და სხვ.
ვულოცავთ ბატონ ბერბარს დაბადების დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში.

17/06/2025

ბელგიელი ისტორიკოსი, თეოლოგი, ორიენტალისტი და ქართველოლოგი მიშელ ვან ესბროკი დაიბადა 1934 წლის 17 ივნისს, ქალაქ მეხელენში (მალინი).
1953 წელს 19 წლის მიშელი შეუერთდა იეზუიტთა საზოგადოებას, გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი.
1959 წელს დაწერა ნაშრომი და აიღო კლასიკური ფილოსოფიის სახელმწიფო ლიცენზია. 1960 წლიდან მიშელ ესბროკი ბერძნულ-ლათინური ენების პროფესორია.
1962 წლიდან მიშელ ვან ესბროკი მუშაობდა ბრიუსელში აგიოგრაფიული კვლევების ცენტრში „Museum Bollanundiam”. აქ მუშაობის დროს მას მიეცა საშუალება შეესწავლა წმინდანთა ცხოვრება. შეისწავლა აღმოსავლური ენები, ფილოსოფია, კლასიკური და აღმოსავლური ლიტერატურა. იგი მალე დარწმუნდა, რომ ქართული ტრადიციების ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო ქრისტიანული აღმოსავლეთის ლიტერატურის კვლევა. მან დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა. იგი ესწრებოდა იმ დროს ბელგიაში მოღვაწე ფრანგი ქართველოლოგის ჟერარ გარიტის ლექციებს როგორც თავისუფალი მსმენელი ძველი ქართული და ძველი სომხური ენების შესასწავლად.
1970 წელს ესბროკმა მიიღო დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში და მთელი თავისი ცხოვრება წმინდანათა ცხოვრების შესწავლას მოანდომა.
ქართული ლიტერატურის ძეგლებიდან მიშელ ვან ესბროკის კვლევის საგანი ძირითადად იყო „ათონის მრავალთავი“. ამ მიზნით 1972 წელს, ჟერარ გარიტის რეკომენდაციით, იგი პირველად ჩამოვიდა თბილისში და იმუშავა ხელნაწერთა ინსტიტუტში. ამ დროიდან იწყება მისი მეგობრობა საქართველოსთან, ქართველ კოლეგებთან.
1972 წლიდან მოყოლებული მიშელ ვან ესბროკი 12-ჯერ ეწვია საქართველოს. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ სამეცნიერო-საიუბილეო ღონისძიებებში.
ჟერარ გარიტის ხელმძღვანელობით 1975 წელს მიშელ ვან ესბროკმა დაიცვა დისერტაცია „უძველესი ქართული მრავალთავები“. მასში გაანალიზებულია IX-X საუკუნეების ექვსი უმნიშვნელოვანესი ძეგლი (სინას, უდაბნოს, ათონის, კლარჯეთის, სვანეთის, პარხლის მრავალთავები). 1975 წელს ნაშრომი გამოიცა ცალკე წიგნად. ეს იყო პირველი მონოგრაფიული ნაშრომი ქართულ მრავალთავებზე, რომელზეც ავტორი მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა.
1982 წელს მიშელ ვან ესბროკი მიიწვიეს რომში პაპის აღმოსავლურ ინსტიტუტში ძველი ქართული და ძველი სომხური ენების მასწავლებლად.
მიშელ ვან ესბროკმა ევროპის წიგნსაცავებში აღმოაჩინა ექვთიმე ათონელის მიერ შესრულებული თარგმანების დედნები. თარგმანებისა და დედნების შეჯერების საფუძველზე მან დაწერა მეტად საინტერესო გამოკვლევა „ექვთიმე ათონელის თარგმანის მეთოდი“ და 1986 წელს ნაშრომი გააცნო ქართველ მკვლევრებს ხელნაწერთა ინსტიტუტი.
1988 წელს ესბროკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეზე წარმოადგინა მოხსენება "პეტრე იბერი და დიონისეს კორპუსი: ახალი მონაცემები".
პენსიაში გასვლის შემდეგ ესბროკი ეწეოდა წმინდა მეცნიერულ კვლევა-ძიებას. მას მეცნიერული და პირადი ახლო ურთიერთობები ჰქონდა უცხოელ ქართველოლოგებთან, მონაწილეობდა ქართველოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართველოლოგიურ ჟურნალებში, აქვეყნებდა სტატიებს, საინტერესო გამოკვლევებს, რეცენზიებს, მიმოიხილავდა ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს.
ქართველმა ინტელიგენციამ, სამეცნიერო საზოგადოებამ დააფასა მოამაგე უცხოელი ქართველოლოგის ღვაწლი. იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ხოლო 1988 წელს მას მიენიჭა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს სახელობის პრემია.
2003 წლის აგვისტო-სექტემბერში მიშელ ვან ესბროკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღმოჩნდა უკანასკნელი – იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 2003 წლის 21 ნოემბერს, ქალაქ ლუვენ-ლა-ნევში.

13/06/2025

ბელგიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართული კულტურის დიდი მოამაგე ჟორჟ ბუიონი დაიბადა 1915 წლის 14 ივნისს ბელგიაში, ქალაქ ანერში.
1937 წელს ჟორჟ ბუიონმა დაამთავრა ლიეჟის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ლიტერატურის ფაკულტეტი. 1938 წელს იგი გაიწვიეს ბელგიის არმიაში და 1940 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.
ჟორჟ ბუიონი სამწერლო ასპარზზე გამოვიდა XX საუკუნის 40–იანი წლებიდან.
ჟორჟ ბუიონი საქართველოთი დაინტერესდა XX საუკუნის 60–იან წლებში, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გაიცნო და საქმიანი ურთიერთობები დაამყარა ბელგიაში საბჭოთა კავშირის საელჩოში მომუშავე ქართველებთან – გივი და ეკა მაისურაძეებთან. მათგან მიღებული პირველი ინფორმაცია საქართველოს შესახებ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მწერალი გამომგზავრებულიყო საქართველოში და უშუალოდ გაცნობოდა ჩვენს ქვეყანას, მის ხალხს, კულტურას... მან გაიცნო და კავშირები დაამყარა ქართველ მწერლებთან და მეცნიერებთან (გრ. აბაშიძეს, ი. ნონეშვილი, გ. ბუაჩიძე, ს. წულაძე, პ. ინგოროყვა, მ. ლებანიძე, შ. ძიძიგური, ს. თურნავა და სხვ.). მან რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში, მოინახულა ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, მესხეთ-ჯავახეთი და სხვა რეგიონები. ჩვენი ქვეყნით მოხიბლული უცხოელი უფრო ახლოს გაეცნო ქართულ კულტურას, პოეზიას, მწერლობას და მიზნად დაისახა გაეცნო იგი თანამემამულეთათვის. მრავალი წლის დაძაბული შრომისა და ქართველი მწერლებისა და მეცნიერების მიერ მიწოდებული ლიტერატურისა და კონსულტაციების შედეგად, დაიწერა და 1978 წელს ბრიუსელში გამოიცა ჟორჟ ბუიონის შესანიშნავი წიგნი „საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა“. წიგნი ეძღვნება ქართული კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებს ძველი დროიდან დღემდე და მასში წყაროდ გამოყენებულია ქართველი მწერლებისა და მეცნიერების ნაშრომებიც.
ჟორჟ ბუიონი უცხოეთის პრესაში სისტემატიურად აქვეყნებდა ნარკვევებსა და რეცენზიებს ქართველი მწერლებისა და მეცნიერების ნაშრომებზე და აცნობდა ფრანგულენოვან სამყაროს.
ჟორჟ ბუიონი იყო ბელგია–საბჭოთა კავშირის საზოგადოების პრეზიდენტი, ასევე საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო აკადემიისა და საზოგადოების წევრი.
ჟორჟ ბუიონი გარდაიცვალა 2001 წლის 22 მაისს, ქალაქ ვირტონში.

13/06/2025

ამერიკელი ქართველოლოგი, ისტორიკოსი სტივენ ჯონსი დაიბადა 1952 წლის 13 ივნისს სამხრეთ ინგლისში, ესექსის რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ლონდონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა ევროპისა და რუსეთის ისტორიას. სტუდენტობის პერიოდში მან „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი წაიკითხა, მანამდე საქართველოზე არაფერი იცოდა.
1978 წელს სტივენ ჯონსი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მან აქ ერთი წელი დაჰყო. ამავე წელს იგი ქართველების სიძე გახდა – ცოლად შეირთო კონსერვატორიის სტუდენტი მარინე მახარობლიშვილი. მათ ჰყავთ ორი შვილი – ლორენსი და ილია. აღსანიშნავია, რომ მისი უმცროსი ვაჟი დაიბადა 1987 წელს, როდესაც საქართველოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვა სტივენმა თავის შვილს სახელი – ილია.
1984 წელს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისგან სტივენ ჯონსმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადისერტაციო თემა იყო: „საქართველოს სოციალური დემოკრატია ოპოზიციასა და ძალაუფლებაში ყოფნის დროს, 1918-1921 წწ.“
1989 წლიდან სტივენ ჯონსი ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ). იგი არის საქართველოს შესახებ 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი. 2005 წელს გამოსცა წიგნი „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე, 1883-1917". 2010 წელს კი გამოსცა წიგნი „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში".
პროფესორ ჯონსის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია საქართველოს შესახებ. 2011 წელს იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი; არის სხვადასხვა სარედაქციო ჯგუფის წევრი; 1990-იან წლებში თანამშრომლობდა ქართულ ბიბლიოთეკებთან ელექტრონული კატალოგების შესაქმნელად; ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ქართულ პროგრამებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის; არის ქართული ასოციაციის მდივანი აშშ-ში. 2011 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
სტივენ ჯონსმა 2012 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (Georgia: A Political History since Independence).
სტივენ ჯონსმა შესანიშნავად იცის ქართული ენა. საქართველოს ისტორიის საკითხების გარდა, იგი დაინტერსებულია ქართული ლიტერატურითაც – თარგმნის ქართველი მწერლების ნაწარმოებებს. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ილია ჭავჭავაძის მიმართ. იგი ამბობს: „გული მწყდება, რომ ამ ბუმბერაზ მწერალს ევროპა თითქმის არ იცნობს. მე მას მსოფლიოს, რომელიც გნებავთ, დიდი მწერლის გვერდით ვაყენებ... თითქმის არ მაგონდება მეორე დიდი მწერალი, ამდენი რომ გაეკეთებინოს თავისი ერისათვის.“
სტივენ ჯონსი საქართველოზე უსაზღვროდ არის შეყვარებული. იგი ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, სადაც მას უამრავი მეგობარი და კოლეგა ჰყავს.
ვულოცავთ ბატონ სტივენს, ჩვენი ბიბლიოთეკის დიდ მეგობარს, დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს მის სამეცნიერო საქმიანობაში.

11/06/2025

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე აჰმედ მელაშვილი (აჰმედ ოზქანი) თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა. იგი დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს ბალიქესირის მხარის, გონენის რაიონის სოფელ ქოჩბაირში. აჰმედმა ბავშვობიდანვე ისწავლა ქართული, რადგან მათ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული იყო.
აჰმედმა ბარამიჩის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბელიქესირის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი იზმირის ვაჟთა ლიცეუმში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა.
1944 წელს ჯარში გაიწვიეს, სწორედ აქ გაიცნო ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ბევრი რამ მოუთხრო მას საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ.
1955 წელს აჰმედმა იქორწინა მაჭახელელი მუჰაჯირების შთამომავალ იუქსელ ერგუნზე და საცხოვრებლად ინეგოლის რაიონის ქართულ სოფელ ჰაირიეში დასახლდა. მათ ჰყავდათ ორი შვილი - იბერია და თამარი.
სოფელ ჰაირეში აჰმედმა დააარსა პირველი კოოპერატივი, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთში მცხოვრები ქართველების განათლებასა და ბიზნესში ხელისშეწყობას. აქვე დააარსა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „კავდაღი“ (კავკასიონი), ხოლო იმავე პერიოდში ქალაქ ინეგოლში დააარსა "კავკასიის კულტურის საზოგადოება”. შემდეგი წლიდან სტამბოლში ჩავიდა და უნივერსიტეტში შეწყვეტილი სწავლა გააგრძელა.
სტამბოლში ყოფნისას იგი უფრო დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს.
1968 წელს გამოციცა მისი წიგნი „გურჯისტანს“ "Gürcüstan", რომელიც თურქეთის ქართველობას შორის ხელიდან-ხელში გადადიოდა. სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მყოფმა თურქეთის ქართველებმა შეიტყვეს, რომ ისინი რუსეთის იმპერიის რაღაც ეროვნული უმცირესობა კი არ იყვნენ, არამედ ერი, რომელსაც ჰქონდა იქვე, მეზობლად, საკუთარი ტერიტორია, ჰქონდა უძველესი კულტურა, დამწერლობა, ჰყავდა მეფეები და დიდი მწერლები. ამ წიგნით დაიწყო ეროვნული ცნობიერობის აღმავლობის მნიშვნელოვანი ეტაპი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა და აჰმედ მელაშვილი დააკავა „ანტითურქული პროპაგანდის“ გამო, თუმცა სასამართლომ იგი გაამართლა.
აჰმედ მელაშვილი ამის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. 1970-იან წლებში მან საქართველოში იმოგზაურა, თურქეთში ჩასულმა თარგმნა ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე სტატიები საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე.
აჰმედ მელაშვილის ხელშეწყობით საქართველოში სასწავლებლად არაერთი თურქეთელი ქართველი ჩამოვიდა.
1977 წელს მელაშვილმა დაარსა ჟურნალი "ჩვენებურები“.
აჰმედ მელაშვილმა შეკრიბა თურქეთის ქართველობაში შემონახული სიმღერები, ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ლეგენდები და საგვარეულო ისტორიები. სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა "ვეფხისტყაოსანს", თუმცა აღარ დასცალდა.
1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში ულტრა-ნაციონალური დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად მძიმედ დაიჭრა აჰმედის ვაჟი იბერია, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) 6 ივლისს დაკრძალეს სოფელ ჰაირიეში. მის საფლავს ქართულ-თურქულად აწერია: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის“.
90-იანი წლებიდან მამის საქმე მისმა ვაჟმა იბერიამ გააგრძელა.

02/06/2025

ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი ჰანს ფოგტი დაიბადა 1903 წლის 1 ივნისს ნორვეგიაში, ქალაქ ფრედრიქსტადში ექიმის ოჯახში.
1924–1925 წლებში სწავლობდა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, შეისწავლა ენები – ფრანგული, ლათინური და ბერძნული, დაინტერესდა კავკასიური ენებითაც. პარიზში მცხოვრები ქართველების დახმარებით მან შეისწავლა ქართული, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სტრუქტურულად სრულიად განსხვავებული ენის სრულყოფილად შესწავლისათვის ეს საკმარისი არ იყო.
1932 წელს ჰანს ფოგტი ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობდა 1934 წლამდე. იგი ქართულის გარდა დაინტერესდა მეგრული და სვანური ენებით. შესანიშნავად შეისწავლა სამივე ქართველური ენა. მისი მასწავლებლები იყვნენ: აკაკი შანიძე, ილია აბულაძე, ვარლამ თოფურია და მაკარ ხუბუა. სალიტერატურო ენის გარდა სწავლობდა დიალექტებსაც. იმავდროულად ფოგტი დაინტერესდა სხვა კავკასიური ენებითაც, კერძოდ, უბიხურით, ოსურით. იბერიულ–კავკასიურ ენათა კვლევამ ფოგტი მიიყვანა ბასკოლოგიის პრობლემებამდე, რასაც მან რამდენიმე წერილი მიუძღვნა.
1936 წელს ოსლოს უნივერსიტეტში ჰანს ფოგტს მიანიჭეს ლინგვისტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის „ახალი ქართული ენის გრამატიკის ნარკვევები“, რომელიც შემდეგ წიგნად გამოსცა. ამ წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში.
განუზომელია ჰანს ფოგტის ქართველოლოგიური ნაშრომების მნიშვნელობა. იგი საკმაოდ კარგად ერკვეოდა ქართული ენის რთულ სტრუქტურაში, ზედმიწევნით ფლობდა როგორც ძველ, ისე ახალ ქართულს და კარგად იცნობდა მრავალსაუკუნოვანი მწერლობის ძეგლებს, ცოცხალ დიალექტებს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენას იგი ყოველთვის იკვლევდა მეგრულ–ჭანურსა და სვანურ ენებთან კავშირში.
1966 წელს ფოგტი მონაწილეობდა საქართველოში გამართულ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში. ამავე წელს იგი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.
ჰანს ფოგტს კოლეგების გარდა საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავდა. იგი ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მოგზაურობდა მთელ საქართველოში, ესაუბრებოდა გლეხებს, ათვალიერებდა ისტორიულ ძეგლებს, დადიოდა თეატრში, ხალხში ტრიალებდა და იწერდა ცოცხალი მეტყველების ნიმუშებს. ხშირად ამბობდა თურმე: „დიდხანს ვიცხოვრე საფრანგეთში, გულითადი მეგობარი ვერ გავიჩინე. შედარებით ცოტა ხანს ვიცხოვრე საქართველოში, მეგობრებით გავმდიდრდი, რაც ქართველი ხალხის დიდბუნებოვნებას უნდა მიეწეროს“.
ჰანს ფოგტი გარდაიცვალა 1986 წელს.

30/05/2025

გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი კარლ ჰორსტ შმიდტი დაიბადა 1929 წლის 31 მაისს საქსონია-ანჰალტის მხარეში, ქალაქ დესაუში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბონში სწავლის დროს, შმიდტი გახდა გერჰარდ დეეტერსის მოწაფე, რომელმაც აზიარა კავკასიოლოგიას, განსაკუთრებით, ქართულ სამყაროს. კარლ ჰორსტ შმიდტი მიუნხენში ერთხანს ქართულს სწავლობდა არჩილ მეტრეველთან. 1960 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც შემდგომ წიგნად გამოსცა სათაურით – „ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის“ (ვისბადენი, 1962 წ, ქართული თარგმანი 1964 წ.) და მიუძღვნა თავის მასწავლებელს გერჰარდ დეეტერსს.
კარლ შმიდტის ნაშრომები ეძღვნება ქართული, სომხური და ოსური ენების საკითხებს. იგი საზღვარგარეთის პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა რეცენზიებს საქართველოსა და უცხოეთში დაბეჭდილ სხვადასხვა ქვეყნის ქართველოლოგთა ნაშრომებს.
კარლ შმიდტი რამდენჯერმე ეწვია საქართველოს. იგი გაეცნო აქაურ სამეცნიერო დაწესებულებებს, დაუმეგობრდა ქართველ კოლეგებს.
1988 წელს გერმანელი ქართველოლოგი სპეციალური მოწვევით ესტუმრა საქართველოს, მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში. ამ დღეებში თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კარლ ჰორსტ შმიდტს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.
1996 წელს კარლ ჰორსტ შმიდტი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით კარლ ჰორსტ შმიდტი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
კარლ ჰორსტ შმიდტი გარდაიცვალა 2012 წლის 29 ოქტომბერს, ქალაქ ბონში.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address

გუდიაშვილის ქ. 7. III კორპუსი
Tbilisi
0107

Opening Hours

Monday 09:30 - 20:00
Tuesday 09:30 - 20:00
Wednesday 09:30 - 20:00
Thursday 09:30 - 20:00
Friday 09:30 - 20:00
Saturday 09:30 - 20:00
Sunday 09:30 - 20:00