26/05/2026
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე.
26/05/2026
14/05/2026
2026 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1816).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადების საკითხს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ავტომატურად იწვევს მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას, მიუხედავად კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული რეგულირება არღვევს საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის უზუსტობის ტვირთი აწევს შემძენს, ქონების შეძენით დაინტერესებული პირი იძულებულია, შეამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე და რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ნივთის გასხვისების მართლზომიერება, რაც, თავის მხრივ, გარიგებების მთელი ჯაჭვისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებისა და ანალიზის საჭიროებას აჩენს. ამასთან, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზის სრულყოფილი იდენტიფიცირება შესაძლოა, ვერც მოხდეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, კეთილსინდისიერი შემძენი დგას უძრავი ნივთის არასწორი რეგისტრაციისა და შემდგომში, საკუთრების უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რის გამოც სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
12/05/2026
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენი აღსაყდრების დიდებულ დღეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მრავალჟამიერ სულიერ სიმტკიცეს, რათა წარმატებით შეძლოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალური ეკლესიისა და ქართველი ერის მსახურება.
დარწმუნებული ვარ, ღვთის მომადლებითა და შეწევნით თქვენი ღვაწლი ღირსეულ და ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.
დიდი პატივისცემით,
რევაზ ნადარაია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
11/05/2026
2026 წლის 13 და 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1822).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაუგვიანეს 4 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია − არაუგვიანეს 4 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ოთხთვიანი ვადის ათვლის მიზნებისთვის, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ როდის გაიგო მონაცემთა სუბიექტმა მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ მონაცემთა სუბიექტი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ შეიტყობს მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების თაობაზე, შესაბამის ორგანოს, არ შეუძლია, იმსჯელოს ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ. ამასთანავე, თუ სუბიექტმა დადგენილ ვადებში მიმართა სამსახურს, არასაკმარისი დროის გამო, შესაძლოა ობიექტურად ვერ მოხდეს საქმის საფუძვლიანად შესწავლა ან არასამართლიანად გაჭიანურდეს საქმის გადაწყვეტა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აბრკოლებს პირს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გააჩნდეს საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის ქმედითი მექანიზმი და ისარგებლოს ადმინისტრაციული საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებით.
მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ მიმართებით.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
30/04/2026
2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის − 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება საპენსიო ფონდი, როგორც დასაქმებული ქალი, ისე კაცი, თანაბარი მოცულობით მონაწილეობს. ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით. შესაბამისად, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთანავე, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ სუბიექტებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, რამდენადაც სქესი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.
დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.
შესაბამისად, ხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, რის გამოც, №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
29/04/2026
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს უმასპინძლეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებას.
29/04/2026
2026 წლის 29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმები განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ფარგლებში, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, რის გამოც, პირი დაწესებულებაში შესაძლებელია, დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
მოპასუხე მხარის პოზიციით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად.
საკონსტიტუციო სასამართლომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია. სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით ობიექტური და მიუკერძოებელი შემოწმების პროცესის, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.
საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. იმავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 2(1) ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22(1) მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
28/04/2026
2026 წლის 29 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1624).
მოსარჩელისთვის პრობლემურია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება იმდენად, რამდენადაც იგი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ნორმის განმარტებას არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო ძალა სხვა, მათ შორის, პირველი და სააპელაციო ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. მოსამართლე ყოველი დავის გადაწყვეტისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ კანონით და კონსტიტუციით და არ უნდა შეიბოჭოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით, რომელიც კანონს არ წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დადგება საქმის განმხილველი მოსამართლის დამოუკიდებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის შემთხვევის მსგავსად, შესაძლოა, პირის მიმართ უკუქცევითი ძალით იქნეს გამოყენებული უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის დეტალურად გაცნობის, გასაჩივრების და რელევანტურობის ეჭვქვეშ დაყენების უფლება და შესაძლებლობა მიმდინარე საქმის მონაწილეებს არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილში არსებულ ჩანაწერს და საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსარჩელის განცხადებით, მის მიმართ მიმდინარე წარმოების ფარგლებში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უარის თქმით, მას წაერთვა საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლება ისევე, როგორც საქმეზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
22/04/2026
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა ხელს უწყობს კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და სამართლებრივი დიალოგის გაღრმავებას.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც მიზნად ისახავს ორ სასამართლოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
21/04/2026
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე თანამშრომლობა - ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების გზით. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება.
ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს თანამშრომლები, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მემორენდუმის ხელისმოწერის ცერემონიის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლის სილუეტები ქართულ კონსტიტუციონალიზმში“.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
8-10 K. Gamsakhurdia Street
Batumi
6010
Opening Hours
| Monday | 10:00 - 19:00 |
| Tuesday | 10:00 - 19:00 |
| Wednesday | 10:00 - 19:00 |
| Thursday | 10:00 - 19:00 |
| Friday | 10:00 - 19:00 |
