03/06/2026
ქობულეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი შვეიცარიული ბრენდის - Swissôtel-ის ულტრათანამედროვე ტიპის სასტუმროკომპლექსის - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
პროექტის ოფიციალურ წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობების, ბიზნესის, საფინანსო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მსგავსი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ინვესტორი კომპანიების - ,,არქისა“ და „ნექსთის“ დამფუძნებლებმა - ილია წულაიამ, კახა დევაძემ, ასევე Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში, არონ ლიბინსონმა.
კომპლექსს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი დოლარია, საქართველოში N1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი ააშენებენ. პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს. აქ, ასევე, განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიური რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.
კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი Swissôtel-ის სახელით განხორციელდება, ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. Swissôtel Accor საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
პროექტის წარდგენის ღონისძიების ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
🔗 https://sca.ge/geo/list/161/4870-item-69
03/06/2026
აჭარის მაღალმთიანეთში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული დღესასწაული - „სელიმობა“ აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს, ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეები ჯერ სხალთის მუზეუმს ესტუმრნენ, შემდეგ კი სხალთის ტაძარში, სელიმ ხიმშიაშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.
„სელიმობა“ სერიყანაში, გმირი მამულიშვილის თავის მოკვეთის ადგილზე აღმართულ მემორიალთან გაგრძელდა. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებული მამულიშვილი და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
„სელიმობა“, ტრადიციულად კონცერტით დასრულდა, რომელშიც შუახევისა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
🔗 https://sca.ge/geo/list/161/4869-item-68
03/06/2026
ქართული სპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა - ბათუმი პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. სპორტული ასპარეზობის გახსნის საზეიმო ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრენ.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. ასპარეზობის მიზანი ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია, რეგიონებში სპორტული ცხოვრების გააქტიურება, ნიჭიერი სპორტსმენებისა და მომავალი ჩემპიონების გამოვლენაა.
საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი - შალვა გოგოლაძე, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი - ელგუჯა ბერიშვილი. ოლიმპიური დროშის აღმართვის შემდეგ, დაიდო ოლიმპიელთა ფიცი და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ფესტივალი, რომელიც სპორტის 17 სახეობაში ტარდება, 6 ივნისს დასრულდება. მასში 1200 სპორტსმენი, ქვეყნის ყველა, თორმეტივე რეგიონის ნაკრები გუნდები და წამყვანი სპორტული ორგანიზაციები მონაწილეობენ. ამასთან, ამ მასშტაბისა და ფორმატის პირველი მულტისპორტული შეჯიბრება 14-17 წლის ახალგაზრდებისთვის საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.
🔗 https://sca.ge/list/161/4868
02/06/2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 🔗https://sca.ge/page/682
საკონტაქტო ინფორმაცია : +995 598 09 09 07
01/06/2026
„დიალოგი, მხარდაჭერა და ზრუნვა‘’ - აჭარის უმაღლეს საბჭოში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს უმასპინძლეს.
„თუ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, ინსტიტუტები, სოლიდარული საზოგადოება, პირველი სამიზნე ყოველთვის არიან ბავშვები. მათი უფლებების დაცვა, ჩამოყალიბება, ადამიანებისადმი პატივისცემა იწყება ოჯახიდან. ამიტომაც სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ხედვა აქვს ოჯახური ინსტიტუციის, მისი ფასეულობების გაძლიერებასთან დაკავშირებით. საჯარო პოლიტიკური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ცენტრალური, რეგიონალური თუ მუნიციპალური მხარდაჭერა. ჩვენ, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ მხრივ გამორჩეული შესაძლებლობები გვაქვს“,- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ, მოწვეულ ბენეფიციარებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მხარდაჭერით, მათ საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები გადაეცათ.
ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს, ნინოობის დღესასწაული და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორმა - გოდერძი სურმანიძემ.
როგორც აღინიშნა, აჭარაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამით 3500-მდე ბავშვი სარგებლობს და ამ მიზნით ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამასთან, პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია და ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროს სარეაბილიტაციო პროგრამებს ემატება მუნიციპალური პროგრამებიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურ პასუხისმგებლობაზე, როგორც სახელმწიფოს, თვითმმართველობის, კერძო და საჯარო სექტორის სოციალური პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმზე.
🔗https://sca.ge/list/161/4867
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში, ლაშა სირაბიძე, დავით თედორაძე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრსა და კლინიკა „ფარმალიას“ ეწვივნენ, პატარა ბენეფიციარებს დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრებით გაახარეს.
„მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, მშვიდობიან გარემოში ბავშვთა აღზრდა-განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეული პატარა ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობები“, - აღნიშნა ილია ვერძაძემ.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გაესაუბრნენ პატარებს, მათ მშობლებსა და მედიკოსებს, გაეცნენ მათ საჭიროებებს, დაათვალიერეს ორივე სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული სივრცეები, სადაც ბენეფიციარებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან, ყოველწლიურად, 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
🔗https://sca.ge/list/161/4866
01/06/2026
31 მაისს, ჩვენს ქვეყანაში, პოლიციელის დღე აღინიშნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
სამართალდამცავებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ, გაიმართა საზეიმო მსვლელობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა - სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის პოლიციელები I და II ხარისხის მედლებით დააჯილდოვა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დაესწრნენ.
🔗 https://sca.ge/list/161/4865
31/05/2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი - რევაზ სოხაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან - ცოტნე ანანიძესთან, ზურაბ პატარაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
უშუალოდ ობიექტებზე გასვლამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ყურადღება გამახვილდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციაზე, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განახლებაზე, ახალი სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ურბანულ განახლებაზე.
მინისტრის განცხადებით, ბათუმი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი ქალაქი გახდება, რისთვისაც კვლავაც აქტიურად გაგრძელდება მისი ურბანული განვითარება, ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური უწყების კოორდინირებული მუშაობა, აღნიშნული პროცესების კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელების გარანტიაა.
შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, მათ შორის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე აქ უკვე ეწყობა ავტობუსის მოსაცდელები, ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, ასევე მიმდინარეობს მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრების, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობისა და საყრდენი კედლების სამშენებლო სამუშაოები. 47 კმ-იანი მონაკვეთიდან 41 კილომეტრზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6-დან 3 კილომეტრიან მონაკვეთზე კი ასფალტის პირველი ფენა. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის გარეშეა მხოლოდ 3-კილომეტრიანი მონაკვეთი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრასა და ობიექტებზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - მზია გიორგობიანი, ილია ბეგიაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე.
🔗 https://sca.ge/geo/list/161/4864-item-63