02/06/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარადგინეს. მერებმა დეტალურად ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
სტრატეგიები ორიენტირებულია კომპლექსური და თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფაზე და მოიცავს როგორც ეკონომიკის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას, აგრეთვე სატრანსპორტო და მუნიციპალური სერვისების ხარისხის ზრდას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას, აგრეთვე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
01/06/2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. 🎈
🎊 1 ივნისს, ნაძვნარის სკვერში გამართული ღონისძიებები 11:30 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში პატარებსა და მათ ოჯახებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდა.
👫 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო სტუდია „ჰარმონიას“ კონცერტი, ჩატარდა სპორტულ-გასართობი თამაში „მხიარული სტარტები“, მოეწყო თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება, ღონისძიების საკონცერტო პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მრავალფეროვანი ნომრებით დასრულდა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.🎵
🎊 დღის განმავლობაში პატარებისთვის მოეწყო მხიარული გათამაშებები, სახეზე ხატვა და სხვა გასართობი სივრცეები. ღონისძიების მონაწილეებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.
🎊 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მზეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები ესწრებოდნენ.
#1ივნისი🎈
#ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე🎀
01/06/2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სხვადასხვა მიმართულებით არსებული სამუშაო პროცესები, სოფლებში არსებული მდგომარეობა, სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა მერს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობის საჭიროებების შესახებ, სოფლებში არსებული პრიორიტეტული საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა კონკრეტული დავალებები გასცა სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით.
30/05/2026
ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ,,კულტურა მთაში” ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2026 წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “ათძალი” ხულოს, შუახევისა და ქედის ფოლკლორული ანსამბლები.