03/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პირველ ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, მოსწავლეებთან ერთად ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრს ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანს ცენტრის საქმიანობისა და მრავალმხრივი გამოცდილების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრის მთავარი თემა ბავშვის უფლებები, კეთილდღეობა, დაცულობა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა იყო. ცენტრის ხელმძღვანელმა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მამული ბუჭუხიშვილმა რეგიონში ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ინოვაციური STEM კლუბის მუშაობის პრინციპს, რომელიც მოზარდებში თანამედროვე ტექნოლოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
ასევე, უნივერსიტეტის პროფესორმა იმერი ბასილაძემ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია და ტრადიციები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
02/06/2026
3 და 4 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით, ჩატარდება უფასო სკრინინგ კვლევების აქცია შემდეგ მიმართულებებზე:
🔸ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-70 წლის ასაკის ქალებში; მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა;
🔸საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა - 25-60 წლის ასაკის ქალებში (25-29 წლის ქალებში - ნიმუშის აღება პაპ-ტესტირებისთვის, ხოლო 30-60 წლის ასაკის ქალებში - ნიმუშის აღება HPV ტესტირებისთვის);
🔸პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-70 წლის მამაკაცებში;
🔸კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 50-70 წლის ასაკის პირებში (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე); ასევე 18 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევებიც:
🔸B და C ჰეპატიტი და აივ ინფექცია შიდსზე;
🔸ჰიპერტენზიის - არტერიული წნევის სკრინინგი;
სკრინინგი ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორია (ნოდარ დუმბაძის ქ. N 20).
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში.
კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „მომავლის ბავშვები“ 💫✨☀️
(სტუდიის ხელმძღვანელი ნანა ჩხიკვაძე).
01/06/2026
2-6 ივნისს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან 10 სპორტსმენი და 3 მწვრთნელი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიადის რაიონულ და რეგიონულ ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები თავისუფალ ჭიდაობაში, ბოქსში, ქვიშის ჭიდაობასა და ძიუდოში იასპარეზებენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ჩხიკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს სპორტული ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
30/05/2026
ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ფილომონ ქორიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
კონცერტს ჩოხატაურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
30/05/2026
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება სადღესასწაულო, გასართობი და კულტურული ღონისძიებები:
• 16:00 საათზე — ხელოვნების სასახლეში გაიმართება „მომავლის ბავშვების“ კონცერტი;
• 17:00 საათზე — ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების გასართობი შოუ-პროგრამა.
ერთად გავხადოთ ეს დღე განსაკუთრებული!
29/05/2026
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე ჩოხატაურმა ორი დიდი გამარჯვება მოიპოვა:
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „უდაბნო” (ხელმძღვანელი: არჩილ სიხარულიძე) — ოქროს მედალი Bb-1 კატეგორიაში.
ტრადიციული მუსიკის სკოლა (ხელმძღვანელი: ლალი კორიფაძე) — I ადგილი ხალხური სიმღერისა და ქართული გალობის კატეგორიაში.
ვაჩე ვაჩეიშვილსა და მათე გოგოლაძეს მიენიჭათ „საუკეთესო კრიმანჭულის” წოდება.
მერის პირველმა მოადგილემ ბიძინა ცინცაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსთან თეა მამალაძესთან ერთად, ჩოხატაურში დაბრუნებულ ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს წარმატებები მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.
29/05/2026
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა მერს სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხებით მიმართეს, რომელთა განხილვაც მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაევალათ.
მოქალაქეთა მიღება მერიაში ყოველ პარასკევს იმართება.