03/06/2026
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2025 საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
მერის თქმით, 2025 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება,ეკონომიკური აქტივობები , სოფლისმეურნეობა, განათლების, კულტურის ,სპორტის განვითარება და სხვ.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტი , ჯამში, 26 მილიონს შეადგენდა. აქედან, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაწესრიგებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. განხორციელდა 105 პროექტი. პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურა, სამელიორაციო არხები, სასკოლო და სკოლამდელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო.
მერის ანგარიშში მოხვდა რეგიონული განვითარების, სტიქიის პრევენციის ფონდების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის , სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით , საანგარიშო პერიოდში, მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, რაც პროგრამების , ასევე ამ მიმართულებით არსებული სერვისების დაფინანსებას მოხმარდა.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობებს. ლადო ჯურხაძემ ისაუბრა ინვესტიციებზე, რამაც მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკური აქტივობა.
ამასთან, მერმა ყურადღება გაამახვილა კულტურის , განათლების, სპორტის, ახალგაზრდული პროგრამების შედეგებზე. ისაუბრა სპორტისა და განათლების მიმართულებით არსებულ სასტიპენდიო პროგრამებზე.
ნარატიული ანგარიშის წარდგენის შემდეგ , ლადო ჯურახძემ მოადგილეებს, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მერმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ანგარიში, წევრთა აბსულუტური უმრავლესობით, დადებითად შეაფასა.
#ხონი #მერისანგარიში2026
01/06/2026
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და მათთან ერთად ხონის კულტურის ცენტრსა და სამხატვრო სკოლაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ლადო ჯურხაძემ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მშვიდობიანი, ბედნიერი და ლაღი მომავალი უსურვა.
,,ბავშვები ჩვენი საზოგადოების უმთავრესი ფასეულობა და ქვეყნის მომავალი არიან. სწორედ მათზე ზრუნვა, მათი განათლების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას.
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი, ცოდნა და პოტენციალი, დაიცვას საკუთარი უფლებები და თავდაჯერებით დაგეგმოს მომავალი.
ამ დღეს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მშობლებს, პედაგოგებს, აღმზრდელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ბავშვების კეთილდღეობასა და წარმატებაზე.
ვუსურვებ ყველა ბავშვს მშვიდობიან, ბედნიერ და ფერად ბავშვობას, სითბოთი, სიყვარულითა და სიხარულით სავსე დღეებს. დაე, თითოეული მათგანის ოცნება რეალობად იქცეს ძლიერ, განვითარებულ და წარმატებულ საქართველოში,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
29/05/2026
🎈ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
1 ივნისი, 14:00 საათი, თოჯინების თეატრის სპექტაკლი ,,ტყის ზღაპარი" (საბავშვო ბაგა-ბაღების მზაობის ჯგუფებისათვის) - ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზი;
1 ივნისი, 15:00 საათი, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა- ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზი;
ხონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
29/05/2026
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის 3 თვის ანგარიში მოისმინეს, რომლის ფარგლებშიც საბჭოს წევრებმა განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდული ინიციატივები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობის, დაფინანსების მოპოვების, მოხალისეობრივი საქმიანობისა და ადგილობრივი მნიშვნელობის აქტუალური საკითხების განხილვას.
შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა ახალგაზრდული საბჭოს როლი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებისა და სამოქალაქო აქტივობის განვითარების პროცესში.
განხილული საკითხები შეეხებოდა როგორც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, ასევე მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დისკუსიის შედეგად მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა კვლავაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავებას, რაც საბოლოოდ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
27/05/2026
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.
აღინიშნა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის აქტიური და ოპერატიული მუშაობისა, უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
როგორც შეხვედრაზე ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, ყველა იდენტიფიცირებულ პრობლემაზე მოხდება სათანადო რეაგირება, დამატებით შესწავლილ იქნება პრობლემური მონაკვეთები და მელიორაციის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმება და გაგრძელდება საჭირო ღონისძიებები.