29/04/2025
‼️მეგობრებო!
როგორც ცნობილია, დააკავეს ჭიათურისა და შუქრუთის პროტესტების ოთხი მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი. ჩვენ დიდი ხანია, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს საერთო გასაჭირად აღვიქვამთ და ადრეც გვითქვამს, რომ ხელისუფლება, რომელიც რეპრესიების გზით ამყარებს ავტორიტარიზმს, ყველაფერს გაანადგურებს, რაც მას ძალაუფლების განმტკიცებაში ხელს შეუშლის; რომ აქ გამონაკლისი არ არსებობს.
ჩვენი საზოგადოება ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდა ხელისუფლების მანიპულაციის წინაშე, რომელიც სავსეა ცრუ რელიგიური და ფსევდოპატრიოტული გულის აჩუყებებით, რასაც ხან ტრადიციულ და ოჯახურ ღირებულებებს უწოდებენ, ხან კი სუვერენულ პოლიტიკას, რომელსაც მკაცრი ხელი სჭირდება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნეს კიდეც იმაში, რომ დამძიმებული კანონმდებლობა "აგენტების" გამოვლენას ემსახურებოდა, მაგრამ ჭიათურის ამბავი ბოლომდე ცხადყოფს, რაც ხდება სინამდვილეში და რასაც დიდი ხანია, ვიმეორებთ: მოქმედი ხელისუფლება, პოლიტიკური კლასისა და მეინსტრიმული მედიის მონაწილეობით, სუვერენიტეტად და ღირებულებების დაცვად გვასაღებს ქართული მიწა-წყლისა და ბუნებრივი რესურსების კიდევ უფრო სასტიკი ძარცვის პოლიტიკას; მაღაროელებს კი, რომელთა შრომის შედეგითაც სულდგმულობენ, სიტყვის თქმის ღირსადაც არ თვლიან და დაკავების გარდა, ახლა უკვე გაძლიერებული არსენალით - უკიდურესად დამძიმებული კანონმდებლობითაც შეუტევენ, რადგან საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის ყველა ფორმა სამართლებრივად დასჯადი გახდა.
ხელისუფლება ცდილობს, უსამართლობის მორევში მყოფი ადამიანების სასოწარკვეთა მათსავე წინააღმდეგ მიმართოს, ერთმანეთს გადაკიდოს და ისარგებლოს ამით, დაგვარწმუნოს, რომ არაფერი შეგვიძლია და შედეგად, ისინი სამუდამოდ იბატონებენ ჩვენზე. საინფორმაციო სივრცე ისეა დაგმანული, საზოგადოების თანაგრძნობა კი - დრამატულად გაუქმებული, რომ არათუ დანარჩენ საზოგადოებაში, ხშირად თავად იმ ადგილებშიც კი არ იგრძნობა ხოლმე საკითხის სათანადო სიმძაფრით გაცნობიერება, სადაც ასეთი ცოდვა-ბრალი ტრიალებს.
ჩვენ გვწამს, რომ გამოსავალი საზოგადოების უპირობო თანაგრძნობაა ყველა დაჩაგრულის, სახლ-კარ წართმეულის, გაღატაკებულის, დამცირებულის, დამშეულის, უსამართლოდ და ცილისწამებით ბრალდებულის და დაპატიმრებულის მიმართ. მხოლოდ თანაგრძნობა და ურთიერთსიყვარული გაგვაერთიანებს. გაცნობიერების ეს გზა რთულია, მაგრამ სხვა - არ არსებობს. ასეთი საზოგადოება ფხიზლობს, იოლად არ ტყუვდება, უკეთ აღიქვამს დეზინფორმაციას, ბევრად ბრძოლისუნარიანია. ასეთად უნდა ვიქცეთ!
‼️1 მაისს ჩვენ ჭიათურაში, მაღაროელებთან და შუქრუთელებთან ერთად ვიქნებით და სხვებსაც მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ამ დიდ აქციას.
17/02/2025
📢მოგმართავთ ჩვენს თანამებრძოლებს!
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, თქვენთან ერთად, შევძელით ნამოხვანში, რაჭაში, ლეჩხუმში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევა. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, პროტესტის მშვიდობიანმა, კანონმორჩილმა ხასიათმა და ჩვენმა ერთობამ განაპირობა სახალხო პროტესტების სამი წარმატებული შედეგი, თუმცა ბოლო დროს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით იმდენად დამძიმდა, რომ პროტესტის ფორმები, რასაც ჩვენ აქამდე მივმართავდით, სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად იქცა. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გამართლდა და დაკანონდა მძიმე რეპრესიები, რაც თითქმის ორი წლის წინ დაიწყო, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია.
ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, აღარ რჩება მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი საერთო, სახალხო მონაწილეობის თეორიული შესაძლებლობაც კი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ახლაც იბრძვიან თავიანთი სოფლის, მიწა-წყლის დასაცავად, არაერთი უსამართლობის წინააღმდეგ. ვიცით, დღეს თუ ხვალ ჩვენც მოგვიწევს დავიცვათ, რისთვისაც ვიბრძოდით, დაკანონებული რეპრესია კი ყველას ერთად გვემუქრება.
ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ვფიქრობთ, დროა ყველა ერთად შევიკრიბოთ; ვფიქრობთ, აუცილებელია საჯაროდ ვთქვათ ჩვენი სათქმელი!
‼️გელოდებით ყველას,
შაბათს, 22 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისში, ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბეებთან.
03/08/2024
⭕ შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
ღრმა გულისტკივილით გაცნობებთ, რომ შოვში დაღუპულთა შორისაა ჩვენი მოძრაობის დიდი ოჯახის წევრი, ჩვენი მეგობარი, უაღრესად სანდო და ერთგული ადამიანი - გიორგი გოგინაშვილი. რიონის ხეობის გადარჩენისთვის გიორგის წვლილი განსაკუთრებულია - მთელი თავისი უნარი, შრომა, სული და გული მიუძღვნა ამ საქმეს. იშვიათია ასეთი ნათელი ადამიანი.
ახლობლების დაღუპვა საზოგადო ტკივილს უფრო გასაგებს და აუტანელს ხდის, პირად ტკივილად აქცევს. ამიერიდან ჩვენთვის შოვის ტრაგედია გიორგის სახელს ატარებს, ასე ვთქვათ, პირდაპირ და მტკივნეულად შეგვეხო. შოვის ამბავი თავისი უმძიმესი შედეგებით და მასშტაბით ჯერ ვერ შეფასდება. ახლა მხოლოდ უმწეო გაბრაზება შეგვიძლია. ახლა უნდა დავფიქრდეთ, გავიაზროთ რა მოხდა, ვის რა პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვის როგორი თანაგრძნობის უნარი გვაქვს. ვალდებულებიც ვართ დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.
ვიზიარებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას, ღმერთმა მოგვანიჭოს ერთმანეთისთვის და დაღუპულთა სულთათვის ლოცვის უნარი.
25/04/2024
ბატონო ლევან, Levan Gigineishvili
გადავწყვიტეთ, საჯარო პოსტით ვუპასუხოთ ჩვენს გვერდზე დატოვებულ თქვენს კომენტარს.
სხვა ვითარებაში, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მიგვეღო შემოთავაზება და თქვენ და ვარლამს პრივატულ გარემოში გესაუბრათ, მაგრამ „იმედის“ ეთერით თქვენგან უკვე
მოყენებული ზიანი მხოლოდ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან პირისპირ შეხვედრით ვერ კომპენსირდება.
ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ ინციდენტს ამოწურულად თვლით და ჩვენთან ურთიერთობის ყველა ფორმალობა დაცულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყველა
დაგვეთანხმება, - ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ქმედება, დისკუსიის სივრცის მოსპობა, არალეგიტიმურ ემოციებზე ხალხის აგდება და რუსული საქმის
კეთება - ისეთი ბრალდებებია, რასაც ვერ წავუყრუებთ. ვფიქრობთ, როდესაც ბევრისთვის პატივსაცემი პიროვნება ამგვარ ცილისწამებას ყველაზე ყურებადი
ტელევიზიის ეთერიდან აჟღერებს, მას ის მორალური პასუხისმგებლობაც ეკისრება, რომ სულ მცირე, იგივე ფორმატში უკან წაიღოს საკუთარი სიტყვები. თქვენ ვრცლად ისაუბრეთ დისკუსიის სივრცის აუცილებლობაზე, - ეს იყო თქვენი გამოსვლის ლაიტმოტივი და მთავარი არგუმენტი ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ, თუ გულწრფელია თქვენი ბოდიში, ვინაიდან „იმედი LIVE“-ის სასურველი სტუმარი ბრძანდებით, მოითხოვეთ და მოიპოვეთ ამისთვის ეთერი, მოვაწყოთ დისკუსია და ბოდიშიც იმ მხარემ მოიხადოს, ვინც არასწორია!ყველაფრის გათვალისწინებით,
ვალდებულიც ხართ, ასე მოიქცეთ!
ველით თქვენს გამოხმაურებას!
პატივისცემით,
საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“
14/04/2024
‼️რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება
‼️მოვითხოვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის დაგებას
10/04/2024
‼️ მეგობრებო,
ხელისუფლებისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა და რადგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა, იძულებული ვართ, მივმართოთ ქუჩის პროტესტს!