20/05/2026
სულიერება, ტრადიცია და ცოცხალი ხელოვნება ✨
მამა ვასილ კვირჩილაძისა და ლელა ბასილიას შემოქმედებითი სამყარო
ხელოვნება მაშინ ხდება უკვდავი, როცა მასში დიდი შრომა, ნიჭი და სულიერი მისია ერთიანდება. სწორედ ასეთი საოცარი სინთეზის მომსწრენი ვართ მამა ვასილ კვირჩილაძისა და ლელა ბასილიას ოჯახში, სადაც თაობებიდან წამოსული ხელსაქმის ტრადიცია დღეს უნიკალურ შემოქმედებად არის ქცეული.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ხისა, თუ ქვის კვეთაში საქმე საგრძნობლად შეამსუბუქა, აქ ყოველი დეტალი მაინც უდიდეს ფიზიკურ შრომას, სიზუსტესა და ადამიანურ ენერგიას მოითხოვს.
________________________________________
🕊️ საწყისი — შემოქმედის მონასტერი და პირველი გარდამოხსნა
მათი ერთობლივი შემოქმედებითი გზა უდიდესი სულიერი ნამუშევრით დაიწყო. პირველი გარდამოხსნა მამა ვასილმა და ლელამ სრულიად ხელით შექმნეს (მაშინ, როცა დედა გარდაიცვალა). ეს უნიკალური, ემოციით სავსე სიწმინდე დღეს შემოქმედის მონასტერში ინახება.
დღეს კი მათი საერთო საქმე კიდევ უფრო მასშტაბურ საგანძურად იქცა:
• ემოციური ბმა პატრიარქთან: ამ შემოქმედებას უხილავ ძაფად გასდევს უდიდესი სიყვარული და განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. სწორედ ამიტომ, დღეს უდიდესი პასუხისმგებლობით მუშავდება ათამდე გამონათქვამი. პატრიარქის ანდერძის, სწავლებებისა და ქადაგებების შეხსენება არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვერთიანებს და გვაძლიერებს.
• მოქვის ოთხთავის გაცოცხლება: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გადმოწერილი უნიკალური მოქვის ოთხთავის მიხედვით, საოცარი სიზუსტითაა დამზადებული ბაირაღები. ნამუშევრებში ორიგინალური შრიფტით, ქარაგმებითა და დიდებული თაღებითაა გადმოტანილი საზედაო ასოები და ოთხივე სახარების პირველი გვერდი. ეს არის წარსულის დიდებულების უნაკლო გაცოცხლება.
• მუსიკა და მადლიერება: ამ შემოქმედებას საზღვრები არ აქვს — სწორედ მამა ვასილის ხელითაა სიყვარულით დამზადებული სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ფორმების უნიკალური ემბლემები. ხოლო ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის საიუბილეო თარიღისთვის შექმნილი საჩუქარი — თბილისის მოტივებით, ნოტებითა და ჩიტებით — გამორჩეული და ორიგინალური ხელოვნების ნიმუშია.
________________________________________
როცა საქმეს ასეთი სიყვარულით აკეთებ, ის აუცილებლად ტოვებს წარუშლელ კვალს. მადლობა მათ ამ საოცარი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და შექმნისთვის! 🙏✨
________________________________________
#ხელოვნება #პატრიარქისანდერძი #მოქვისოთხთავი #გარდამოხსნა #შემოქმედისმონასტერი #ტრადიცია #ქართულიკულტურა
✍️ინგა დუმბაძე
14/05/2026
17 მაისს, 17:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
„ჯადოსნური ბილიკები" გურული სიმღერები - რებული მჟავანაძე. ალბომი აერთიანებს 24 გურულ სიმღერას, რომელშიც სამივე ხმას რებული მჟავანაძე ასრულებს. 24 სიმღერიდან 2 ორგუნდიან, კრიმანჭულიან სიმღერაში რებული მჟავანაძესთან ერთად მონაწილეობს ანსამბლი „ადილეი”.
რებული მჟავანაძე ამ ალბომში მისთვის დამახასიათებელი ხელწერით, იშვიათი იმპროვიზირებით გვთავაზობს ახლებურ და უნიკალურ ვარიანტებს.
პროექტს ახორციელებს „ფოლკლორული საქართველო" (Folklife Georgia). პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ სანდრო ნათაძე, ხმის რეჟისორი - ილია ჯღარკავა.
11/05/2026
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ისტორიული დღე შედგა - გურული სიმღერის დიდოსტატის, ხელოვნების ქურუმის, ტრისტან სიხარულიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის პრემიერით დაიწყო, რომელიც ტრისტან სიხარულიძის შემოქმედებას ეძღვნებოდა.
პრემიერის შემდეგ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის სცენა გურულმა მომღერლებმა დაიკავეს. სპეციალურად ამ დღისთვის ღონისძიებაზე იმყოფებოდა მამა დავითის ტაძრის მგალობელ - მომღერალთა გუნდი, მონაწილეობდნენ ოზურგეთის კულტურის ცენტრის ანსამბლები „შვიდკაცა” და „შემოქმედი”, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, პირველი გამოსვლა ჰქონდათ ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებსაც.
კონცერტის შემდგომ, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდათ, წიგნი ავტორისგან პირადად მიეღოთ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ფონდ „ქართული გალობის” და „გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის” დამფუძნებელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ლალი სეთურიძე, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნული გამოცემა საქველმოქმედო ფონდ “ქართული გალობის“ მიერ მომზადდა. წიგნი ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის ნაშრომს „გური და ტრისტან სიხარულიძეები“. მასში შესულია სხვადასხვა დროს ჩაწერილი უნიკალური გურული ტრადიციული სიმღერები. ასევე, 19 გურული ხალხური სიმღერა, რომლის სამივე ხმასაც თავად ბატონი ტრისტანი ასრულებს. ჩანაწერები შესრულდა გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში.
წიგნის ხელახალი გამოცემა ოზურგეთის მერიის ინიციატივითა შესრულდა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.
07/05/2026
10 მაისს, 16:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის სახელწიფო ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით გურული ხალხური სიმღერის გამორჩეული შემსრულებლის, ლოტბარის, ღირსების ორდენის კავალერის, ვარსკვლავოსანის, ხელოვნების ქურუმის, ანსამბლ “შვიდკაცას” და ტრიო “შალვა ჩემო”-ს ხელმძღვანელის - ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართება - დასწრება თავისუფალია!
აღნიშნული გამოცემა საქველმოქმედო ფონდ “ქართული გალობის“ მიერ მომზადდა. წიგნი ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის ნაშრომს „გური და ტრისტან სიხარულიძეები“. მასში შესულია სხვადასხვა დროს ჩაწერილი უნიკალური გურული ხალხური სიმღერები. ასევე, 19 გურული ხალხური სიმღერა, რომლის სამივე ხმასაც თავად ბატონი ტრისტანი ასრულებს. ჩანაწერები შესრულდა გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში.
აღნიშნული წიგნის ხელახალი გამოცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
ასევე, გაიმართება რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის პრემიერა - ტრისტან სიხარულიძის შემოქმედების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები “შვიდკაცა”, “შემოქმედი”, “რეხეული”.
ასევე თბილისის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
06/05/2026
ვულოცავთ ბატონ ვაჟას დამსახურებულ აღიარებას
27/04/2026
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ეთნომუსიკოლოგ მაია გელაშვილის წიგნის „მხიარულ - ბრაზიანი ბატონები” ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე ავტორმა ინფექციურ დაავადება ბატონებთან დაკავშირებულ, ქართველთა რწმენა-წარმოდგენებსა და იმ წეს-ჩვეულებებზე ისაუბრა, რომლებიც დღესაც შემორჩენილია ხალხში.
წიგნში შეზავებულია მითოლოგიურ - ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალები, რომლებიც ზღაპრული სიუჟეტის ჩარჩოშია მოქცეული და ბავშვებისთვის მარტივად გასაგებად ახსნილია ის თავისებურებები, რაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ახასიათებს.
წიგნი ორენოვანია - ქართულ და ინგლისურ ენებზე და ახლავს QR კოდებიანი დანართი, ბატონებისთვის საამებელი სიმღერების ჩანაწერებით.
წიგნის ხელახალი დაბეჭდვა უზრუნველყო საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
26/04/2026
დღეს 82 წელი შეუსრულდა ქართველ ლოტბარსა და საქართველოს სახალხო არტისტს, რამინ მიქაბერიძეს.
დღეს 82 წელი შეუსრულდა ქართველ ლოტბარსა და საქართველოს სახალხო არტისტს, რამინ მიქაბერიძეს.
Რამინ მიქაბერიძე ბავშვობიდან გამოირჩეოდა იშვიათი ხმით და მუსიკალური მონაცემებით. მღეროდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ რუსთავში,
ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში - გორდელა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამინ მიქაბერიძის პედაგოგიური და სალოტბარო მოღვაწეობა.
Ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა ანსამბლ მართვეს.
ბათუმში მან ჩამოაყალიბა ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი, სადაც მრავალი თაობა ეზიარა ქართულ სიმღერას. თბილისში შვილთან, მაია მიქაბერიძესთან, ერთად შექმნა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი - საგალობელი.
იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რესპუბლიკურ კულტურის სახლთან არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდს.
ჯერ ანზორ კავსაძის გუნდთან, ხოლო შემდეგ ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლ რუსთავთან ერთად რამინ მიქაბერიძემ წარმატებით მოიარა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, სადაც პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციებით აჯილდოებდნენ მის საშემსრულებლო ხელოვნებას.
დაჯილდოებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემიით - „სიკეთის ხე“.
Რამინ მიქაბერიძის სახელი შესულია როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახელით ვულოცავთ ბატონ რამინს იუბილეს, გამოვხატავთ მადლიერებას და ვუსუსრვებთ მხნეობას.