17/07/2026
სოფელ გომარეთში სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ აღინიშნა.
დღესასწაული ტრადიციულად საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგაც საზეიმო განწყობამ სოფლის ცენტრში გადაინაცვლა.
გომარეთის ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმისა და ტრადიციული, ავთენტური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ჩატარდა შეჯიბრებები დოღში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში, რის შემდეგაც საზეიმოდ დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სპორტსმენები და საპატიო გომარეთელები.
მსგავსი დღესასწაულები უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ხელს უწყობს ტრადიციების შენარჩუნებას, კუთხის პოპულარიზაციასა და სოფლის კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლებას.
ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერებისა და სპორტული სანახაობების შემდეგ, საზეიმო დღე მასშტაბური კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
16/07/2026
„თეგეტა მოტორსის“ ახალი რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია ესწრებოდა.
„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს“, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი ეს უნიკალური, მრავალფუნქციური სივრცე პირველია ამიერკავკასიაში და ის 100 მილიონამდე ლარის ღირებულების უმსხვილეს ინვესტიციას წარმოადგენს.
ახალი კომპლექსი მოემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პროექტი სრულად პასუხობს გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკურ დერეფანს კიდევ უფრო საიმედოს, ცივილიზებულსა და მდგრადს ხდის.
მსგავსი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ძლიერი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული სერვისებისა და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე. ეს პროექტი კიდევ უფრო მყარად ათავსებს საქართველოს გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.
რეგიონული ჰაბის თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე ქავთარაძემ.
სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობის წევრები, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
15/07/2026
ქვემო ქართლში ცხოველური ნარჩენების გადამუშავების სისტემის დანერგვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, შპს „ჯეო ინსინერაციის“ დირექტორი გია ქურხული და შპს „ბიო დიზელის“ დირექტორი მურმან პატარაია დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
აღინიშნა, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ცხოველური ცხიმების შეგროვება და ტექნიკური მიზნებისთვის გადამუშავებაა, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
შეხვედრის მონაწილეებმა ცხოველური ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ცხოველური ნარჩენების გადამუშავებისა და ინსინერაციის სისტემის დანერგვა ქვეყანაში ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, ისე ცირკულარული ეკონომიკის მდგრად განვითარებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
სამუშაო შეხვედრას რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ესწრებოდნენ.
12/07/2026
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, ბოლნისის ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
მართლმადიდებლური სამყაროს ამ უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით, ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა.
სადღესასწაულო წირვას, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს — პეტრეპავლობას, რომელიც თითოეული ქრისტიანისთვის სიმტკიცის, რწმენისა და სიყვარულის სიმბოლოა.
წმიდა მოციქულები, პეტრე და პავლე, ქრისტიანული რწმენის, თავდადებისა და ერთგულების უზადო მაგალითები არიან. მათი ღვაწლი და მოძღვრება საუკუნეების განმავლობაში აძლიერებს და გზას უნათებს თითოეულ ჩვენგანს.
ამ სულიერად ამაღლებულ დღეს, ჩვენს რეგიონსა და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, სულიერ სიმტკიცესა და ერთიანობას“, — განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ.
11/07/2026
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შინაური ბინადარი ცხოველების პოპულაციის რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ინიციატივა, რომელიც რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას სრულიად უფასოდ ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შინაური ცხოველების გამრავლების ეფექტურ კონტროლს და მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ეტაპობრივ შემცირებას. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამხარეო ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები აქტიურად უჭერენ მხარს ინიციატივის განხორციელებას.
ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მოსახლეობის დროულ ინფორმირებას, რათა მოქალაქეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ აღნიშნული უფასო სერვისი, და სააგენტოსთან კოორდინაციით ჩაერთვება ადგილებზე ლოგისტიკური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
09/07/2026
ქვემო ქართლში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მარნეულში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს.
შეხვედრას ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი ესწრებოდნენ.
აგროთანადაფინანსების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.
სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება.
განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
08/07/2026
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სასმელ წყალში ნავთობის შერევის ფაქტთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ დავით კარგარეთელთან ერთად, კომპანია „ჯივიპის“, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე კრწანისში მოქმედი ნავთობმომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს მომხდარის გამომწვევი მიზეზები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პრობლემის მოკლე ვადებში მოგვარებას.
კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენლებმა რწმუნებულსა და მოსახლეობას გააცნეს ლაბორატორიული კვლევის პასუხები, რომელთა მიხედვითაც, წყალი დღევანდელი მდგომარეობითაც სასმელად უვარგისია. აქედან გამომდინარე, ნავთობის კომპანია აქტიურად აგრძელებს მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის გარეცხვის სამუშაოები. დადგა საკითხი წყლის ცენტრალური მაგისტრალის ზოგიერთ მონაკვეთზე მილების გამოცვლასთან დაკავშირებით. საჭიროებებიდან გამომდინარე იმოქმედებს როგორც სამხარეო, ისე ადგილობრივი ხელისუფლება და ყველა ის სამსახური, რომელსაც ეხება საკითხი.
შეგახსენებთ, რომ სასმელი წყლის ქსელში ნავთობის მინარევების შერევა სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე მოქმედი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბლოკ ოპერეითინგ კომპანის“ გრუნტში განთავსებული ტექნიკური მილის დაზიანებამ გამოიწვია.
ინფორმაციის მიღებისთანავე, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაუყოვნებლივ შეწყდა წყლის მიწოდება. სოფელ კრწანისში გაიგზავნა ცისტერნები სასმელი წყლით.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საკითხზე პასუხისმგებელი უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები.
08/07/2026
წალკის მუნიციპალიტეტში, კომპლექსში „Kass Land Tsalka Canyon Resort & Attractions“, ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილესთან ავთანდილ ჭრიკიშვილთან, წალკის მერ ილია საბაძესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სეზონის გახსნასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა უმნიშვნელოვანეს ინიციატივას — რეგიონული მდგრადი ტურიზმის განვითარების საკომუნიკაციო პლატფორმას. პლატფორმის მთავარი მისიაა რეგიონებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების შექმნა.
ახალი პლატფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფოს, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებას რეგიონული ტურიზმის განვითარების გარშემო.
პლატფორმა ღია იქნება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირისთვის, ვინც ჩართულია ტურისტული ეკოსისტემის გაძლიერებაში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესსა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში, ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნაში, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.
მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვემო ქართლის, როგორც ეკოტურისტულად მიმზიდველი და მდგრადი რეგიონის, პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ „Kass Land Tsalka Canyon Resort & Attractions“ წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტული დანიშნულების სივრცეს, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სათავგადასავლო ატრაქციონებს, სასტუმროსა და გასტრონომიულ გამოცდილებას.
06/07/2026
საქართველოს პარლამენტისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული სამედიცინო კვლევები ჩატარდა.
უფასო სამედიცინო აქციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, დავით შერაზადიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ პრეზიდენტი ქეთევან ბარათელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქციის ფარგლებში 400-მდე მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, სრულიად უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ქვეყნის წამყვანი კლინიკების აკადემიური პერსონალისგან შემდეგი მიმართულებებით: თერაპია, კარდიოლოგია (კარდიოგრამა, კარდიოექოსკოპია), ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ენდოკრინოლოგია, რადიოლოგია (ყველა სისტემის ექოსკოპია), მამოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ანგიოლოგია (სისხლძარღვების სპეციალისტი), ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, პულმონოლოგია (ფილტვის სპეციალისტი), გასტროენტეროლოგია და პედიატრია.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს, ვეტერანებსა და მათი ოჯახების წევრებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბენეფიციარებს, ასევე საზღვრისპირა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, გაუწია უფასო კონსულტაციები და ჩაუტარა სხვადასხვა სამედიცინო კვლევა.
აღნიშნული სამედიცინო პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს უფასო სამედიცინო მომსახურებით.
06/07/2026
ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულის, ილია ჯალაღანიას ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რამდენიმე მიმართულებაზე. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც მოწონებულ და მხარდაჭერილ იქნა. ასევე განიხილეს „მთის ფონდიდან“ დასაფინანსებელი პროექტები. გარდა ამისა, იმსჯელეს ზოგად ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და ტურისტული ადგილების მოწესრიგებაზეც.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. კერძოდ, დეტალურად განიხილეს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენისა და მოსახლეობის დახმარების საკითხები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტზე, რომელზე მუშაობაც თითქმის დასრულებულია. დაიგეგმა აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაციები და საჯარო განხილვები მუნიციპალიტეტებში.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, რწმუნებულთან ერთად, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.