26/05/2026
🍇პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.
📌კანონში შესატანი ცვლილებების ძირითად არსზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ ისაუბრა.
✅კანონპროექტის პირველის მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ რედაქციაში სრულად აისახა.
🔹მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეული ტერმინები დაიხვეწება და მას ახალი განმარტებები დაემატება. მისივე თქმით, კანონპროექტით ორი მექანიზმი - ალკოჰოლური სასმელების სპეციალური ნიშანდება და სავალდებულო დეგუსტაცია შემოდის, რომელიც როგორც საექსპორტო, ასევე, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ყველა კატეგორიაზე გავრცელდება.
📌აღნიშნული ცვლილებები ემსახურება საერთაშორისო ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, ქართული ღვინის პოპულარობის ზრდას, რაც სწორედ ხარისხზე ორიენტაციით უნდა განხორციელდეს.
📌სხდომაზე სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა საორგანიზაციო საკითხზე ისაუბრა, რომელიც ქართული მთის ლუდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნას შეეხებოდა.
13/05/2026
🌾სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა
📌მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიცაა სერვისებისა და პროგრამების გეოგრაფიული გაფართოება, მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, პროგრამების მაქსიმალური მორგება ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე და უწყების ინსტიტუციური გაძლიერება.
📚მომხსენებლის თქმით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებია, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და სახელმწიფო და კერძო კოლეჯების ქსელს ეფუძნება. როგორც მან აღნიშნა, ამ პროგრამებით, რომელთა ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდეა, 3000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.
📈იმის მიუხედავად, რომ ცნობადობის გაზრდა სააგენტოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, შარშან სააგენტოს ცნობადობისა და გეოგრაფიული გაფართოების შედეგად, 59%-ით გაიზარდა მოქალაქეთა მიმართვიანობა.
📌 „არსებული დინამიკა გვაჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება როგორც ეკონომიკა, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა. ამ აქტივობების ერთ-ერთი კომპონენტი დასაქმების სააგენტოა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.
✅სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ ცნობად მიიღო.
05/05/2026
🍇პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.
📌მომხსენებლის ინფორმაციით, იცვლება “მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000 ლიტრიდან მცირდება 25 000 ლიტრამდე. აგრეთვე, კანონს ემატება ახალი ტერმინი - ,,ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“, რომელიც მოაზრებს ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის - QR კოდის დატანას.
📌ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც წარმოებული იქნება მცირე ზომის მარანში.
📌პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ვალდებულია მაქსიმალურად დაიცვას ღვინისა და ყურძნის ხარისხი. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, წარმატების ერთადერთი გზა მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარობის ზრდა სწორედ ხარისხზე ორიენტაციით უნდა განხორციელდეს.
კომიტეტის სხდომაზე ასევე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.
07/04/2026
📌 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანთან ერთად გასვლით სხდომაზე მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025 წლისა და 2026 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის ანგარიში.
🔹 ანგარიში წარადგინა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა, რომელმაც კომიტეტის წევრებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ისაუბრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
🔴 მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, 2026 წელს სააგენტომ გააქტიურა არარეგისტრირებული საწარმოების კონტროლი. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა 105 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს, მათ შორის რძის გადამამუშავებელი საწარმოები, საქონლის და ფრინველის სასაკლაოები, კვების ობიექტები, პესტიციდების და აგროქიმიკატების მაღაზიები.
🔹 სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სააგენტოს მომსახურების გაციფროვნების პროცესი.
🔹 სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.
📌 კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
30/03/2026
🌾 დღეს სოფლის მეურნეობის კომიტეტი ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად “სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებასა და სურსათის დონაციის შესახებ” გამართულ ფორუმს დაესწრო.
📌 სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით: - “ ყოველი დაკარგული პროდუქტი არის დაკარგული შესაძლებლობა დავეხმაროთ ადამიანებს, შევამციროთ გარემოზე ზეწოლა, გავზარდოთ ბიზნესის ეფექტიანობა და გავაძლიეროთ სოციალური სოლიდარობა.
📌 სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია სურსათის დანაკარგები აღვიქვათ არა როგორც პოტენციური ნარჩენი, არამედ როგორც სტრატეგიული რესურსი, რომლის გონივრული გამოყენება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მდგრად განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოებასა და საზოგადოების კეთილდღეობას”.
♻️ საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულმა კანონმა საკითხის გარშემო შემოიტანა ტერმინოლოგიური სიცხადე და სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია „სურსათის ბანკის“ ფუნქციონირება მან ასევე მოხსნა რიგი სამართლებრივი ბარიერები, რომელებიც წლების განმავლობაში აბრკოლებდა ბიზნესს ქველმოქმედებისგან.
🤝 პრეზენტაციების, დისკუსიებისა და საუბრების მეშვეობით, მონაწილეებმა გამოიკვლიეს ეფექტიანი სისტემის შენების გზები, რომელიც სურსათის სათანადო დაფასებას და ისეთ ადამიანებამდე მიტანას უზრუნველყოფს, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
🔹 ღონისძიება გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირის ENPARD IV-ის ფარგლებში.
26/03/2026
📌 საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა, გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მელიორაციის და ადგილობროვი თვითმმართველობის წევრებთან ერთად სამეგრელოში მდებარე შავღელესა და ქარიატას დამშრობი სისტემები და იმერეთში - დიმი-როკითის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს.
🚜 კომიტეტის წევრებმა ადგილზე მოინახულეს არსებული ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაო პროცესებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული სისტემების ფუნქციონირების შესახებ.
👨🌾 ამ მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია როგორც მოსავლიანობის ზრდის, ისე ფერმერებისათვის სტაბილური სამუშაო პირობების შექმნისთვის.
💧 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და თანამედროვე სარწყავი და დამშრობი სისტემების განვითარებას დაეთმო, რაც შედეგად რეგიონში სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
24/03/2026
24 მარტს სოფლის მეურნეობის კომიტეტმა, გასვლით სხდომაზე, ზუგდიდში, მოისმინა შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები.
სხდომაზე “საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა, ისაუბრა მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც სარწყავი და სადრენაჟე სისტემების აღდგენასა და განახლებას ისახავს მიზნად.
გიგლა თამაზაშვილის თქმით 2026 წლის გეგმებში გათვალისწინებულია კომერციული პროცესების დაგეგმვისა და ადმინისტრირების სისტემის (ბილინგი) პროგრამის შექმნა და სადისპეტჩერო მონიტორინგის სისტემის დანერგვა. გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქში გაიხსნება მომსახურების ახალი ცენტრები.
კომიტეტზე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ავთანდილ ცხვიტავამ პრეზენტაცია წარადგინა თემაზე - „დრენაჟი - პროგრესი, მიგნებები და პერსპექტივები“.
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის, განცხადებით, საკანონმდებლო მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწასა და განახლებას დაეთმობა, რათა უკეთ აისახოს როგორც ირიგაციის, ისე დამშრობი სისტემების მართვის თანამედროვე მოთხოვნები.
„საქართველოს მელიორაცია“ ორი მიმართულებით მუშაობს: ერთი მხრივ, ყურადღება გამახვილებულია ფართობების ირიგაციაზე, ხოლო მეორე მხრივ - დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრიორიტეტი დამშრობ ნაგებობებს ენიჭება, ვინაიდან ჭარბი წყალი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს აზიანებს. ვგეგმავთ, აღნიშნულ მიმართულებებზე აქტიურად ვითანამშრომლოთ „საქართველოს მელიორაციასთან“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
04/03/2026
✅️ დღეს, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა “სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სურსათის ბანკი „ენკენია“, სურსათის ეროვნული სააგენტო და საცალო ქსელის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
📌 შეხვედრაზე განხილული იყო საკვები ნარჩენების ეფექტური გამოყენების პერსპექტივები, საცალო ვაჭრობის ქსელებიდან მიღებული ზედმეტი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა, რაც ერთდროულად ამცირებს გარემოს დაბინძურებას, ხელს უწყობს სოციალურ პასუხისმგებლობასა და ქმნის მდგრადი განვითარების ახალ შესაძლებლობებს საქართველოში.
25/02/2026
🍇 სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები მეორე მოსმენით განიხილა.
🗣️ საკითხი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
🔹 მისი თქმით, ცვლილებებით კანონში ზუსტდება ეტიკეტისა და სამომხმარებლო ტარას ტერმინები. კანონს ემატება ახალი ტერმინი - თანხმობა ვენახის გაშენებაზე. რეგულაცია არ გავრცელდება იმ ვენახებზე, რომლებიც მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
🔹 სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვენახების გაშენებას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციისათვის.
✅️ კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.
18/02/2026
✅ პარლამენტმა ინტერპელაციის წესით, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინა.
➡️ შეკითხვებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.
➡️ რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე, ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, განმარტება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.
➡️ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობის დაცვა. უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად უკვე ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული და ეს პროცესი არ შეჩერდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესების გამკაცრებასა და მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებაზე. მთავრობა სრულად აიღებს პასუხისმგებლობას ახალი რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულებაზე.
➡️ პრემიერ-მინისტრმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წევრების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
➡️ პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს დაეთმოთ, რომლებმაც ინტერპელაციის ფარგლებში წარმოდგენილ ინფორმაციაზე შეფასებები გააკეთეს.
➡️ პრემიერ-მინისტრმა ისარგებლა დასკვნითი სიტყვით.