სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service

სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service, Government Organization, მიხეილ ასათიანის ქ. N9, Tbilisi.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს, რომლის მიზანია განახორციელოს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების; არასათანადო მოპყრობის; პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის; ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

26/05/2025
Photos from სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service's post 08/05/2025

🔷სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას აგრძელებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების დასაცავად, ონლაინ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე და პედოფილიის შემთხვევებზე სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ონლაინ სივრცეში გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით პრევენციული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და მანდატურის თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დედაქალაქსა და რეგიონებში აქტიურად ატარებენ.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისის, მცხეთის, ბორჯომის, რუსთავის, გურჯაანის, გორის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ჩატარდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, საინფორმაციო კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, საერთო ჯამში შეხვედრები 123 სკოლაში 2500-მდე მოსწავლესთან გამართა.

შეხვედრების მიზანს მოსწავლეებთან, პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს. შეხვედრების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელყოფის არსი, ონლაინ სივრცეში გავრცელებული დანაშაულები და მათგან მომდინარე საფრთხეები, დანაშაულზე რეაგირებისა და დაცვის მექანიზმები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან გამართავს. საზოგადოებას მოვუწოდებთ, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართონ უწყებას.

შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

ონლაინ სივრცეში არსებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://sis.gov.ge/Sextortion

02/05/2025

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.

ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.

დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

11/04/2025

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის -199 მეშვეობით.

24/03/2025

📢სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელთა კონკურსი დაიწყო

🔷კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2025 წლის 2 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულად წარადგენს შემდეგ საბუთებს:

🔹შესაბამის განაცხადს (აპლიკაციას);

🔹შემდეგი დოკუმენტების დასკანერებულ ასლებს:

* საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლს;

* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს;

* საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით პროკურატურის/მოსამართლის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

🔹გასაუბრებაზე გადასული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარმოუდგინოს მის მიერ განაცხადში მითითებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

🔹კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე, ცოდნა და გამოცდილება, რითიც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

🔷კონკურსი 3 ეტაპისგან შედგება - განაცხადის(აპლიკაცია) და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა, წერითი დავალება და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

* საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

🔹დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/91576?active=1

13/03/2025

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავა

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა დეტექტივი.

პროკურატურის დადგენილებით, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

12/03/2025

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის 14 იანვარს, ქ. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი.

მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პატრულ-ინსპექტორი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10/03/2025

პედოფილიასთან ბრძოლა

ერთად ვებრძოლოთ პედოფილიას, დავიცვათ ბავშვები ინტერნეტ საფრთხეებისგან!

📞მოგვაწოდეთ ინფორმაცია ცხელი ხაზის ნომერზე 199

07/03/2025

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, გამოძიება აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11¹, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით აგრძელებს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

28/02/2025

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში. შემდგომში, ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, მოპოვებული იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით სამართალდამცავს, ბრალდება ძალადობის ორი ეპიზოდისთვის წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აგრძელებს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მიხეილ ასათიანის ქ. N9
Tbilisi