01/06/2026
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. მან სტუმარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემაზე, ნდობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: სამხედრო განათლება, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ასევე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის მიმართულებით არსებულ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა - სამმხრივი სწავლებები კიდევ უფრო აახლოებს აღნიშნული ქვეყნების სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მოგვიანებით, აზერბაიჯანის დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის ძეგლთან გადაინაცვლა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
31/05/2026
რუსთავის საერთაშორისო აეროდრომზე, წრიული რბოლის ჩემპიონატის მეორე ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტის ჩართულობით გაიხსნა. რბოლის დაწყების ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელწმიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ჰიმნის შესრულების პერიოდში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავებმა SU-25 გადაიფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში - წითელი და თეთრი კვამლი გამოუშვეს. ღონისძიებაში მონაწილეობდა ასევე, სატრანსპორტო მრავალფუნქციური შვეულმფრენი UH-1H „იროკეზი”, რომლის ბორტზეც სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. რბოლის სტარტის აღების წინ, UH-1H შვეულმფრენმა სტარტზე მყოფი ავტომანქანების თავზე საჰაერო მანევრირება და სადემონსტრაციო წრის შესრულება განახორციელა.
ტურნირის გახსნის ღონისძიებაზე სამხედრო გამოფენაც მოეწყო. საგამოფენო მოედანზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანტექნიკა და შეიარაღება, UH-1H სატრანსპორტო შვეულმფრენი, საინჟინრო საშუალებები და აღჭურვილობა.
ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ასევე, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ საინფორმაციო კუთხეში, სააგენტოს თანამშრომლებმა დამსწრე სტუმრებს წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში მოქალაქეთა გაწვევისა და რეკრუტირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საინფორმაციო ბუკლეტები, ასევე სუვენირები დაურიგეს.
ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ჩემპიონატს, რომლის მიზანია ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია. საქართველოს ჩემპიონატი სულ ხუთ ეტაპს მოიცავს.
27/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა გაიმართა.
გამოფენები თბილისის გარდა, ქვეყნის კიდევ 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. სამხედრო საგამოფენო სივრცეების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, რუსთავის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხეს, ახალქალაქის, მარნეულის, საჩხერეს, სენაკის, მარტვილის, აბაშას, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ადგილობრივ მოსახლეობასაც.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენმა აპარატებმა გადაიფრინეს. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 12-მა საფრენმა აპარატმა, მათ შორის: სატრანსპორტო მრავალფუნქციურმა შვეულმფრენმა UH-1H “იროკეზებმა”, საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენებმა - MI-24 და საბრძოლო მოეიერიშე თვითმფრინავებმა - SU-25.
თბილისში სამხედრო საგამოფენო სივრცე მოეწყო თავისუფლების მოედანზე, რომელსაც მოსახლეობა, შვილებთან ერთად, სტუმრობდა. მათ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ეროვნული წარმოებისა და უცხოური ტექნიკის, მათ შორის, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანების, საავიაციო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო სისტემების, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, სამედიცინო და სამთო აღჭურვილობის გაცნობისა და დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და მათ შვილებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
27/05/2026
სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულების და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად.
26/05/2026
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღევანდელი დღე არის საერთო სახალხო ზეიმის დღე, რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და განსაკუთრებულ თავდადებას სამშობლოსადმი.
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას.
1700 წლის წინ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ, განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი, და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია.
ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის მონაპოვარია. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე.
მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს სამხედროებსა და მათ ოჯახებს, ჩვენი ჯარის მომავალს - იუნკრებსა და კადეტებს, ჩვენს რეზერვისტებს, დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ქართული ჯარის ვეტერანებს და განსაკუთრებით რეკრუტებს, რომელთაც დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ისტორიულ ადგილას დადეს ფიცი და შემოუერთდნენ ქართულ ჯარს.
ამ საზეიმო დღეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეებს სამხედროებთან შეხვედრისა და სამხედრო გამოფენების დათვალიერების საშუალებაც მიეცათ. ქართული ჯარი და ჯარისკაცი საზოგადოებისგან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავდაცვის ძალები.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის ლიდერობითა და პოლიტიკური გუნდის სიმტკიცით შევძლებთ დავიცავთ მამული, ენა და სარწმუნოება; განვამტკიცებთ ერთიან საქართველოს, სადაც მომავალ თაობებს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს ვუსურვო მშვიდობა, ერთიანობა და კეთილდღეობა!
26/05/2026
ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი, თავდაცვის ძალები, წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა.