01/06/2026
🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და Erasmus+ თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტის - „Youth Employability Skills“ მესამე ეტაპი.
🔷 პროექტში მონაწილეობას იღებენ ქართველი, სომეხი და უკრაინელი ახალგაზრდები.
✅ პროექტი - „Youth Employability Skills“ მიზნად ისახავს კარიერულ კონსულტირებას ახალგაზრდების უნარების გაძლიერებისა მათი შემდგომი დასაქმებისთვის. აგრეთვე, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დასაქმების სააგენტოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქსელის შექმნას, რაც დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს საერთო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პოლიტიკის დიალოგის ჩამოყალიბებაში.
✅ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდული მუშაკები მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში, გაეცნობიან “Shuttle“ მეთოდოლოგიის დანერგვის პრაქტიკას და ჩაერთვებიან „პოლიტიკის დიალოგის“ შეხვედრებში, სადაც უწყებებთან ერთად განიხილავენ მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული სერვისების განვითარების შესაძლებლობებს.
25/05/2026
📣 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.
✅გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ბუხრაშვილმა. მან ხაზი გაუსვა თემატური ბანაკების როლს, ახალგაზრდებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების საკითხში.
🧍♂️🧍♀️ ყვარლის ბანაკი 2026 წელს 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
🔷ბანაკის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. ბანაკის პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებს, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალური პასუხისმგებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის წახალისებასა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავებას.
20/05/2026
დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.
ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.
სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.
მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ.
გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე
13/05/2026
🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.
🤝 სამუშაო შეხვედრაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ბუხრაშვილმა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
👥 ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ელჩი ასევე შეხვდა ორგანიზაცია - “საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის” წევრებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პირადად ელჩისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.