15/05/2026
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე როლანდ კვაჭაძე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (Walter Reed Army Institute of Research) სამეცნიერო დირექტორს, თომას მუზიჩსა და ამავე ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებს, მისგან მომდინარე გამოწვევებსა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების პერსპექტივებზე.
როლანდ კვაჭაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ბიოუსაფრთხოებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტი აშშ-ის თავდაცვის სისტემაში შემავალ ბიო სამედიცინო კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომელიც გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსთან.
11/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს მორიგი სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ არშინაშვილი, მოადგილეებთან ერთად კურსის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მესაზღვრეებს სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სასწავლო სროლები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ,,სენაკის", ,,სიმონეთის", ,,ორფოლოს" სასროლეთებზე ჩატარდა.
სასწავლო კურსის მიზანია მესაზღვრეების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების, საშტატო იარაღის საბრძოლო თვისებებისა და მოწყობილობის, აგრეთვე შენახვის, მოვლის და უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება.
სასწავლო კურსი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და სულ 2000-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. მსგავსი სპეციალური სწავლებები მესაზღვრეებს სისტემატურად უტარდებათ.
09/05/2026
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა დელეგაციასთან ერთად, შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობის ორგანიზებით, სტამბოლში გაიმართა. ღონისძიებაში 15 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურების წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ.
ფორუმზე განხილული იყო საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, ასევე, რეგიონული ინიციატივების ხელშეწყობის საკითხები.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტის გაერთიანებული ტაქტიკური ძალების (CTF-166) ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
03/05/2026
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან, დეტალური ინფორმაცია მიიღო სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ასევე, საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს.
სულხან თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
01/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემი " MSC PROSPERITY II " საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "თ" ქვეპუნქტით დაიწყეს.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
28/04/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოსთვის“ (GT&S) ფარგლებში, მდგრადობის სამუშაო ჯგუფის (SWG) რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები, დავით ბიწკინაშვილი, გივი გორდაძე და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი სტეფანი პენინგტონი, DTRA-ს პროექტების მენეჯერი - ემით მალოუნ სტივერსონი და DTRA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დევიდ ქენედეი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს DTRA- ს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების საკითხები. ასევე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.