01/06/2026
📢 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკავშირთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, ამბროლაურში ღონისძიება გამართა.
✅ ღონისძიებაში ამბროლაურში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
✅ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანიმ.
✅ შეხვედრის მიზანი იყო ბავშვების ინფორმირება საკუთარი უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და შესაბამისი უწყებების როლის შესახებ, ასევე, ბავშვების მოსაზრებების მოსმენა და მათი მონაწილეობის წახალისება.
✅ ღონისძიების ფარგლებში ბავშვები ჩაერთნენ ინტერაქტიულ ჯგუფურ აქტივობებში და იმსჯელეს თავიანთ უფლებებზე, უფლებების დაცვისა და მათი მხარდაჭერის არსებულ მექანიზმებსა და ბავშვზე მორგებული, უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე.
✅ შეხვედრის დასკვნით ნაწილში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, დამატებით გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ უკუკავშირი ორგანიზატორებისგან.
📌 საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვა, მათთვის მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, ბავშვების რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფას, მათი მოსაზრებების მოსმენასა და საჭიროებებზე ეფექტიან რეაგირებას უნდა ეფუძნებოდეს.
UNICEF Georgia
28/05/2026
📢 28-29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მონაწილეობას იღებს რომში (იტალია) მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემაც იყო - „ომბუდსმენის როლი უფლებების დაცვაში ცვალებად სამყაროში“.
✅ ღონისძიება იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენისა და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენის მარინო ფარდელის, ასევე ლაციოს რეგიონული საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები, მედიატორები, ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებიან.
✅ კონფერენციის მიზანია ახალი გლობალური გამოწვევების პირობებში სამოქალაქო დაცვის, უფლებებისა და დემოკრატიული ინოვაციების განხილვა; ინსტიტუციური მედიაციის ევოლუციასა და საზედამხედველო ინსტიტუტების წინაშე არსებულ მომავალ გამოწვევებზე მსჯელობა და ერთმანეთისთვის საუკეთესო გამოცდილების და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების გაზიარება.
📌 კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენს და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენს მარინო ფარდელის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
27/05/2026
📢 საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება, საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
✅ საქართველოს პროკურატურის საჯარო განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
✅ სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი.
📌 სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
27/05/2026
📢 საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამს ულოცავს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
✅ 27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს — მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს.
📌 ყურბან-ბაირამი ჰაჯთან - წმინდა ადგილების მოლოცვასთან დაკავშირებული დღესასწაულია. ამ დღეებში მუსლიმები რიტუალურ მსხვერპლშეწირვას აღასრულებენ და შეწირულ ხორცს გაჭირვებულებსა და სოციალურად დაუცველებს უნაწილებენ. ეს ტრადიცია კაცთმოყვარეობის, თანადგომისა და ქველმოქმედების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
26/05/2026
📢 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა. სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დღეს და მათ მშვიდობას, სამართლიანობასა და დაცულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.
✅ დამოუკიდებლობა ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა - დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ სოლიდარულნი, გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და რწმენა, რომ ძლიერ სახელმწიფოს თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება აშენებს.
ᲒᲘᲚᲝᲪᲐᲕᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡ!
25/05/2026
📢 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქ უსტკაში (პოლონეთი) მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სამართალი და ჰუმანიზმი: ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე საზღვრები“.
✅ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებაში ადამიანის უფლებების როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ინტეგრაციის მნიშვნელობას სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული მიმართულებების განვითარებაში, რასაც შედეგად სოციალური სტაბილურობა მოაქვს.
✅ თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მისი ინსტიტუციის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა საჯარო ადმინისტრირებაში, მოითხოვს გამჭვირვალობას და საზოგადოების მონაწილეობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინსტიტუტების ფოკუსირება ყველაზე დაუცველი პირების საჭიროებებზე. „ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების მკაცრ მონიტორინგს, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათი შიდა პროცედურები პატივს სცემდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სუბსიდიარობის პრინციპს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
📌 კონფერენცია სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის, კიოლნის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
20/05/2026
📢 20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ანნა რიჩს შეხვდნენ.
✅ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობაზე. განიხილეს სახალხო დამცველის საქმიანობა ამ მიმართულებით, წლების განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგების შედეგად გამოკვეთილი გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ყოველწლიურად აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში.
✅ ანნა რიჩმა სახალხო დამცველისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
📌 შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის სამართლებრივი მრჩეველი სალომე ქუსიკაშვილი.
20/05/2026
📢 20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდნენ.
✅ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მრავალწლიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერებისთვის მზაობა გამოთქვეს.
✅ სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბეზე, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბულინგის პრევენციის საკითხებზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
✅ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველსა და UNICEF-ს შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებებსა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი ერთობლივი აქტივობების განხორციელების საკითხებს.
📌 შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა.
20/05/2026
📢 საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ულოცავს.
✅ „დღეს თქვენთვის მხოლოდ სკოლის დასრულების დღე არ არის, ეს არის ახალი გზის დასაწყისი. დღე, როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სიყვარულით, მოგონებებითა და მადლიერებით იხურება, ხოლო წინ უსასრულო შესაძლებლობებით სავსე მომავალი იშლება.
✅ განათლება ადამიანის თავისუფლების საფუძველია. სწორედ განათლება აძლევს ადამიანს ძალას, დაიცვას საკუთარი ღირსება, იპოვოს საკუთარი ხმა და შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. ამიტომ, თქვენი უფლებაა, გქონდეთ თანაბარი წვდომა ცოდნაზე, განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ღირსეულ მომავალს ქმნის.
📌 სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ თქვენგანს შეუქმნას გარემო, სადაც ნიჭი, შრომა და თავისუფალი არჩევანი დაფასდება. ქვეყანა ძლიერდება მაშინ, როცა ახალგაზრდებს უსმენენ, მათ განვითარებაში დებენ რესურსს და სჯერათ მათი შესაძლებლობების“.
საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი
19/05/2026
📢 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, 2025 წელს შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების თაობაზე.
✅ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პრობლემურად იქნა შეფასებული 2025 წლის განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა.
✅ 2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებული აკრძალვები და პასუხისმგებლობის ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სარჩელით, სხვა შინაარსობრივ აკრძალვებთან და პასუხისმგებლობის ზომებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებული ის ნორმები რომლებიც შეკრების მონაწილეებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნას და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას უკრძალავს.
✅ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია, მათი სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
✅ უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნური გადაკეტვის ამკრძალავ საკანონმდებლო დათქმას სახალხო დამცველი საჯარო განცხადებითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის შეფასებით არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც ამ ფორმით უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება.
✅ ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა, ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და რელევანტური უფლებრივი სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
📌 სახალხო დამცველი აკვირდება შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს არ შეზღუდონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები.