ქრისტიანული ბიბლიოთეკა

ქრისტიანული ბიბლიოთეკა

Share

წიგნები, ამონარიდები, იგავები, ციტატე?

17/03/2026
01/03/2023

„ბეჯითი ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკად იქნება.“
_ იგავნი 12:24

„სიზარმაცე ძილს მოჰგვრის კაცს და უქნარა სული იშიმშილებს.“
_ იგავნი 19:15

„სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში.“
_ ეკლესიასტე 10:18

„ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.“
_ იგავნი 26:15

„ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.“
_ იგავნი 10:5

„ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება.“
_ იგავნი 13:4

„ზარმაცი არ ხნავს შემოდგომიდან, მკის დროს კი მოითხოვს და არაფერი ექნება.“
_ იგავნი 20:4

„წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, ნახე მისი გზები და დაბრძენდი.“
_ იგავნი 6:6

„როდემდე იწვები, ზარმაცო, როდის ადგები შენი ძილიდან? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად, და მოვა, როგორც მგზავრი, შენი სიღატაკე, და გაჭირვება – როგორც ჯარისკაცი.“
_ იგავნი 6:9-11

„ზარმაცი კაცის მინდორთან გავიარე და უგუნური ადამიანის ვენახთან, და აჰა, სულ მთლად ღვარძლად ამოსულიყო, მისი ზედაპირი ეკალ-ბარდებს დაეფარა და მისი ქვის ზღუდე დანგრეულიყო. და ვიხილე, გულისყური მივაპყარ, დავინახე, დარიგება მივიღე: ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად და მოვა მგზავრივით შენი სიღატაკე და შენი სიღარიბე – ფარიანი კაცივით.“
_ იგავნი 24:30-34

08/02/2023

მაშინ, როცა ჯერ კიდევ იეზუიტი ახალმოქცეული იყო, ჟან დე ბრებიოფი გულმხურვალედ ლოცულობდა იმის შესახებ, რომ ღმერთს სახიფათო მისიის შესასრულებლად წარეგზავნა. ღმერთმა უპასუხა მის ლოცვებს.

ჟანი ფრანგი იყო, ნორმანდიიდან. მას თავისი წინაპრების სიმამაცე გამოჰყოლოდა. ის აირჩიეს იმისათვის, რომ ახალ საფრანგეთში ეშრომა სახარების გასავრცელებლად და ამან ჟანი ძალიან გაახარა. ის 1625 წელს ჩავიდა კვებეკში. ცხოვრობდა ვიგვამში (პატარა ქოხი). 1626 წლიდან დაწყებული ის და კიდევ ერთი მისიონერი ორი წლის განმავლობაში შრომობდნენ ჰურონებს შორის, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენ წარმატებას მიაღწიეს ინდიელთა მოქცევის საქმეში. ბრებიოფი საფრანგეთში გაიწვიეს 1629 წელს, როცა ბრიტანეთმა იგდო ხელთ კონტროლი საფრანგეთის კოლონიაზე, მაგრამ საფრანგეთმა ისევ დაიბრუნა კანადა 1633 წელს და ბრებიოფიც დაუბრუნდა თავის სამოღვაწეო ასპარეზს.

ძალიან დამღლელი და უიმედო იყო ჟანის შრომა, რადგან ინდიელები არ იჩენდნენ ინტერესს ქრისტიანობის მიმართ. თექვსმეტი წლის განმავლობაში ჟან დე ბრებიოფი სხვადასხვა ტომს შორის იღვწოდა და თანდათანობით მცირე, თუმცა მზარდ წარმატებას აღწევდა ჰურონებს შორის.

1648 წელს იროკეზებმა შეუტიეს ჰურონებს. მაშინ ჟანი გადაურჩა სიკვდილს. ამავე წლის მარტში მაცნემ გააფრთხილა ჰურონები, რომ იროკეზები კვლავ თავდასხმას აპირებდნენ. ჟანს შეეძლო გაქცევა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ის ქალებს და ბავშვებს დაეხმარა, რომ ტყეში გახიზნულიყვნენ. მხოლოდ ყველაზე გაბედულნი დარჩნენ. ისინი ჟანსა და მის ახალგაზრდა დამხმარეს, გაბრიელ ლალემანტს, არწმუნებდნენ, რომ წასულიყვნენ. ეს მათი ბრძოლა არ იყო, ამბობდნენ ისინი. იეზუიტებმა უარი თქვეს წასვლაზე, თუმცა იცოდნენ, რომ მტრის ხელთ ჩავარდნის შემთხვევაში, წამება ელოდათ. ახლა, როგორც არასოდეს, მათ ესმოდათ ის, რომ ჰურონებს სულიერი რჩევა, ნათლობა და სიკვდილისწინა წესების აღსრულება სჭირდებოდათ.

იროკეზების შემოტევა რომ დაიწყო, ორივე იეზუიტი ჰურონებს შორის დაქროდა. ისინი ამხნევებდნენ მათ, ლოცვისკენ მოუწოდებდნენ, დაჭრილებს აქცევდნენ ყურადღებას, ნათლავდნენ მომაკვდავებს. იროკეზებმა სძლიეს ჰურონებს. შეიპყრეს ბრებიოფი, ლალემანტი და სამოცი ჰურონი მეომარი, რომელთაც სცემეს და სენტ იგნასიში წაასხეს. ბრებიოფი ჰურონებს მოუწოდებდა, ქრისტეს ერთგულნი დარჩენილიყვნენ სიკვდილამდე.

იეზუიტებს სამოსი გახადეს, გაშოლტეს, შემდეგ ბოძებს მიაბეს და ცეცხლით აწამეს. ჟანი ნაშუადღევიდან ოთხ საათამდე იტანჯა. ყვირილის ძალა აღარ ჰქონდა და მაინც ლოცულობდა თავის მტანჯველთა გადარჩენისათვის. იროკეზებმა ადუღებული წყალი გადაასხეს მათ ნათლობის რიტუალის დაცინვის ნიშნად. მათ დაანაწილეს ჟანის სხეული, სკალპი ააძვრეს ჯერ კიდევ ცოცხალს და გული ამოაჭრეს, რომელიც შემდეგ შეჭამეს კიდეც. ეს მოხდა 1649 წლის 16 მარტს. მეორე დილით ლალემანტიც ასეთვე ტანჯვა-წამების შედეგად გარდაიცვალა.

08/02/2023

„ბებია, ნახე, რა ვიპოვე!“ გახარებული იყო ჩრდილო კორეელი გოგონა. ხელში ისეთი საგანი ეჭირა, რომელიც აქამდე არასოდეს ენახა. ბებია დააკვირდა, მაგრამ
ვერ გაარჩია საგნის დეტალები და გოგონას დედას დაუძახა. „მოდი და ნახე, რა
იპოვა ამ ბავშვმა.“
მოხუცის ქალიშვილი ოთახში შევიდა და დედამისის დანაოჭებული ხელიდან საგანი აიღო. ქალიშვილმა კარგად გაკეთებული ბუშტიდან დაბეჭდილი სიტყვების კითხვა დაიწყო: „უფალ იესოს უყვარხარ. თქვენს და-ძმებს არ დავიწყებიხართ. რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე.“
ბებიამ წამოიძახა: „ეს წმინდა წერილია! მათ ბიბლიის მუხლები ბუშტით გამოგვიგზავნეს! გააგრძელე კითხვა, გთხოვ.“
რეზინის ბუშტი ჩრდილო კორეელების სამი თაობის გამამხნევებელ სიტყვებს შეიცავდა. ეს ცნობა იყო დასავლელი ქრისტიანებისაგან და ექვსასზე მეტი ბიბლიის მუხლი დაბადებიდან დაწყებული, ჯვარზე სიკვდილამდე და იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ბოლო ათწლეულებში, ასი ათასზე მეტი ასეთი „წერილისეული ბუშტი“ იქნა გაშვებული ჩრდილო კორეაში.
წამებულთა ხმის თანამშრომლებმა არაჩვეულებრივი გზა იპოვეს ჩრდილო კორეის ჩაგრულ ხალხთან სახარებისეული ღვთის სიტყვის მისატანად.

წყარო: „ექსტრემალური ღვთისმსახურება"

30/01/2023

ხშირად, როდესაც აღმოვაჩენ იმას, რომ არ ვიცი, როგორ ვილოცო მეგობრისთვის, მივმართავ მოციქულ პავლეს ლოცვებს.

პავლე უბრალოდ არ ამბობდა: „მე ვლოცულობ შენთვის.“ იგი წერდა მშვენიერ ლოცვებს და ახალგაზრდა მორწმუნეებს ეუბნებოდა, სახელდობრ, როგორ ლოცულობდა მათთვის. პირველი ეკლესიებისადმი მიმართული წერილები მოშურნე ლოცვებით იწყება.

რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის; და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით.
_ ეფესელთა 1:17-19

აი, სამი მაგალითი პავლეს ლოცვითი ცხოვრებიდან, რომლებიც შეგვიძლია ჩვენს ლოცვებში გამოვიყენოთ:

ყოველთვის და უპირველეს ყოვლისა, იყავით მადლიერნი
არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში
_ ეფესელთა 1:16

ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის.
_ ფილიმონი 1:4

მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით სწერდა პავლე ეკლესიას − დასამოძღვრად, გასამხნევებლად თუ შესაგონებლად − ის უჩვენებდა მათ, რამდენად მადლიერია მათთვის და როგორ გამოხატავს ამას ღმერთისადმი ლოცვებში.

ადვილია ყურადღების გამახვილება პრობლემურ საკითხებზე და დაუყოვნებლივ ლოცვის დაწყება: „ღმერთო, გთხოვ გამოასწორე ეს.“ მადლიერების გამოხატვით თუ ვიწყებთ ლოცვას, უფალს ჩვენი მზერა საკუთარი პრობლემებიდან თავის კეთილ საქმეებზე გადააქვს. ძალიან ადვილია, დაგვავიწყდეს ის, თუ როგორ ზრუნავს იგი ჩვენზე, როდესაც გვტკივა ან სირთულენი გვაქვს. მადლიერება თვალს გვიხელს და პრობლემების მორევში მდგართ უფლის სიკეთეს შეგვახსენებს.

სცადეთ: მადლობა გადაუხადეთ ღმერთს რომელიმე ნაცნობი ადამიანისთვის, მადლობა შესწირეთ მას იმისთვის, რომ ღმერთის მოქმედებას ან მზარდ რწმენას ხედავთ ამ ადამიანის ცხოვრებაში.

განუწყვეტლივ ილოცეთ
ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში
_ 1 თესალონიკელთა 1:2

ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით.
_ კოლასელთა 1:9

პავლე იმეორებდა, როგორ ლოცულობდა ეკლესიებისთვის განუწყვეტლივ. ადრე მიკვირდა, როგორ შეეძლო განუწყვეტლივ ლოცვა და ამავდროულად, უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრება.

ახალგაზრდობაში ერთ მეგობართან ურთიერთობისას გარკვეული პრობლემა გაჩნდა. ამაზე ფიქრისას უცბად მივხვდი, რომ შინაგანი საუბარი, რომელიც ჩემს გონებაში მიმდინარეობდა დერეფანში სეირნობის დროს, შესაძლოა, ლოცვა ყოფილიყო. იმ დღიდან, საკუთარ თავთან საუბრის ნაცვლად, ღმერთთან საუბარი დავიწყე. ხშირად დავდივარ მანქანით, არ ვრთავ რადიოს, ვტკბები სიჩუმით, მივმართავ ჩემს აზრებს ღმერთისკენ; ვლოცულობ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, როდესაც სარეცხს ვფენ ან ჭურჭელს ვრეცხავ.

სცადეთ: მთელი დღის განმავლობაში, სიჩუმის ხანმოკლე მომენტებისას, როდესაც მართავთ მანქანას ან ემზადებით შეხვედრისთვის, რთავთ სარეცხ მანქანას თუ ამზადებთ ვახშამს, მიმართეთ თქვენი შინაგანი აზრები ღმერთისკენ.

ყურადღება გაამახვილეთ იესოზე
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად.
_ 1 ეფესელთა 1:17

ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის, სახარებაში თქვენი თანამონაწილე­ო­ბისთვის, პირველი დღიდან აქამდე.
_ ფილიპელთა 1:4-5

პავლე, თავის ლოცვებში, ყურადღებას ქრისტესა და მამა ღმერთის ძალაზე ამახვილებდა, მამა ღმერთისა, რომელიც ქრისტესა და სულიწმიდის მეშვეობით მოქმედებდა. მოციქული ამ ლოცვებში გამოხატავდა სურვილს იმის შესახებ, რომ ადამიანებს უფრო მეტად შეეცნოთ ქრისტე და დაენახათ ღვთის ძალა და მორწმუნეთა ცხოვრებაში განხორციელებული უფლის ნება. ის ყურადღებას არ ამახვილებდა ადამიანთა ცხოვრებაში არსებულ წარმატებასა თუ პრობლემებზე. ნაცვლად ამისა, მისი ლოცვები გამოხატავდა დაუძლეველ სურვილს იმის შესახებ, რომ ადამიანებს უფრო კარგად გაეცნოთ ქრისტე და მის ღირსად ეცხოვრათ ყოველთვის, განსაკუთრებით განსაცდელთა დროს.

სცადეთ: გაატარეთ რამდენიმე წუთი იესოზე ფიქრში. იფიქრეთ მის სიკვდილზე, აღდგომასა და სულიწმიდის ძალაზე, რომელიც შეგახსენებთ იესოს სიტყვებისა და თქვენს ცხოვრებაში აღსრულებულ მის საქმეთა შესახებ.

დაინახეთ, როგორ ცვლის ღმერთი თქვენს ლოცვით ცხოვრებას მაშინ, როდესაც მადლიერნი ხართ?

ავტორი: ამელია როდესი

26/01/2023

ორი ქალბატონი ყოველკვირა გადიოდა შორ მანძილს არარეგისტრირებულ
საოჯახო ეკლესიაში დასასწრებად. დაღლილი და იმედგაცრუებულები იყვნენ,
რომ მათ საკუთარ სოფელში არ არსებობდა ეკლესია.
მორწმუნეები თავის სოფელში ეკლესიის აშენებისათვის ლოცულობდნენ. რამდენიმე
თვის ლოცვის შემდეგ, ერთმა ქალბატონმა თქვა, „შეიძლება ღმერთი გველოდება, რომ
ეკლესია ავაშენოთ. რატომ მოუსმენს ღმერთი ჩვენს გამუდმებულ წუწუნს, თუ ჩვენ
თვითონ არაფერს ვიღონებთ?“
ასე რომ, გადაწყვიტეს – რისკი გაეწიათ. ორმა ქალბატონმა და მათმა მეუღლეებმა
ეკლესია ააშენეს თავიანთ პატარა სოფელ ანჰუიში, ჩინეთის პროვინციაში. მთავრობა
დაუყოვნებლივ დაიმუქრა ეკლესიის დანგრევით, თუ მას რელიგიურ დაწესებულებაში
არ დაარეგისტრირებდნენ. მშენებლებმა მოთხოვნა შეასრულეს. საბედნიეროდ,
მათი სოფელი ცენტრალური დასახლებიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა და ისეთ
ზედამხედველობას არ განიცდიდა მთავრობისაგან, როგორც ცენტრალური ნაწილის
ეკლესიები. მათ გაბედეს და სხვადასხვა საოჯახო ეკლესიის ხუცესებიც კი მოიწვიეს
თავიანთ ეკლესიაში საქადაგებლად წერილობითი ნებართვის გარეშე.
ეს ქალბატონები ევანგელიზაციას ეწეოდნენ საავადმყოფოში, გამოჯანმრთელების
იმედდაკარგულ პაციენტებთან სტუმრობით. შემდეგ ისინი ლოცულობდნენ და ღმერთს
ავადმყოფის გამოჯანმრთელებას სთხოვდნენ. ერთ წელიწადში, ეკლესიის წევრთა
რაოდენობა ორასამდე გაიზარდა!
ერთ-ერთმა დამ თქვა: „ოცი დღე ვლოცულობდით ერთი კაცისათვის და ბოლო
მომენტამდე ვერ გამოჯანმრთელდა. მისი ოჯახი გვემუქრებოდა, ამბობდნენ, რომ
ღმერთებს ვაბრაზებდით ჩვენი საქციელით. ღვთის საქმისათვის რისკის გაწევის
სურვილი უნდა გქონდეს.“

წყარო: „ექსტრემალური ღვთისმსახურება“

24/01/2023

ეს ამბავი „სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის” ხუცესმა, არტურ სიმონიანმა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა. ამ საოცარ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში.
„მაშინ, როდესაც ჩვენი ქალიშვილი ანა უფალთან წავიდა ზეცაში, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მე და ლუსინე, ჩემი მეუღლე, უფლისგან ნუგეშის სიტყვას ვსაჭიროებდით. გერმანიაში დაკრძალვის შემდეგ ჩვენ აღარ დავბრუნდით სომხეთში, არამედ შეერთებულ შტატებში წავედით. ჩვენი ნათესავების უმრავლესობა იქ ცხოვრობს და გვინდოდა, მათთან გარკვეულ ხანს დავრჩენილიყავით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებდით და ველოდით სიტყვას ღმერთისგან. მეუღლემ მითხრა, რომ ქვეყანაში ქრისტიანული კონფერენცია ტარდებოდა და ჩვენც დიდი მანძილი გავიარეთ მასზე დასასწრებად. იმ დღეების განმავლობაში ადამიანები წინასწარმეტყველურ სიტყვას ამბობდნენ, ქადაგებდნენ, მაგრამ ჩვენ ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენს გულებში არაფერი ხდებოდა, არაფერი იცვლებოდა.
და აი, ღამით სიზმარი მესიზმრა, რომლითაც გავიგე, რომ ლას-ვეგასში უნდა წავსულიყავი. ვიცოდი, რომ ლას-ვეგასი ცოდვის სამყარო იყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ალბათ, ქალაქის იმ ნაწილში უნდა წავსულიყავი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, სადაც ბევრი კარგი ეკლესიაა. თუმცა მეორე დღით გამოცხადება მივიღე, რომ არა, მე სწორედ ცოდვის ქალაქში უნდა წავსულიყავი და სწორედ იქ უფალი იმოქმედებდა. ჩემი სიზმარი ლუსინეს მოვუყევი და მანაც სულში მიიღო მოწმობა ამის შესახებ.
მე „შევუთანხმდი“ ღმერთს, რომ გავჩერდებოდი ყველაზე იაფფასიან სასტუმროში. საინტერესოა, რომ იქ იყო სასტუმროები, რომლებიც სხვა ქალაქის სასტუმროებზე ბევრად ძვირი არ ღირდა და შემეძლო, საკუთარი თავისთვის მიმეცა იმის უფლება, რომ ამომერჩია მათგან რომელიმე, მაგრამ „შეთანხმება“ უნდა დამეცვა, შესაბამისად, ნომერიც ყველაზე იაფფასიან სასტუმროში დავჯავშნე.
ჩვენ ჩავედით ლას-ვეგასში, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ მომიყვანა ღმერთმა აქ. ლას-ვეგასში ხომ სამორინეები ყოველი სასტუმროს პირველ სართულზე იყო განთავსებული, ერთი სიტყვით, ეს იყო ნამდვილი ცოდვის სამყარო! ჩემი მეუღლე ნომერში დარჩა, მე კი ჩამოვედი და დავიწყე სეირნობა, ვცდილობდი გამეგო, რის თქმა უნდოდა ამ ყველაფრით ღმერთს.
უეცრად შავკანიანი მამაკაცი შევამჩნიე, რომელიც ფეხსაცმელებს წმენდდა. გულში ვიგრძენი, რომ აქ უნდა გავჩერებულიყავი. დიდხანს ვიდექი, ვიდრე ბოლოს ეს ადამიანი არ მობრუნდა და არ შემამჩნია. ვიგრძენი, რომ მას ჩემი ფეხსაცმელი უნდა გაეწმინდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან უხერხული და უცხო იყო ეს ფაქტი და გავიფიქრე, რომ ეს უბრალოდ ჩემი აზრი იყო, მაგრამ გულში თანდათან ღვივდებოდა ეს სურვილი და უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა.
ცხელოდა და საზაფხულო ღია ფლოსტები მეცვა, ამიტომ ნომერში ავედი, ჩავიცვი ფეხსაცმელი და უკან დავბრუნდი. მივედი ამ ადამიანთან და დავჯექი მის წინ, ფეხსაცმლის გასაწმენდად. მან მითხრა: „დაე, უფალმა გაკურთხოს, ძმაო!“, თუმცა მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ მორწმუნე ვიყავი და მით უმეტეს, ეკლესიის ხუცესი. ვკითხე, სწამდა თუ არა ღმერთის. მან მიპასუხა: „დიახ, მწამს, მე ხუცესი ვარ.“ გაოცებულმა ვკითხე, თუ რას აკეთებდა იქ. მან მიპასუხა, რომ ეს ადგილი საშუალებას აძლევდა მას, ექადაგა მრავალი ადამიანისთვის. მან მთხოვა, მივბრუნებულიყავი და ირგვლივ მიმომეხედა, რათა დამენახა, თუ რამდენი ადამიანია ცხოვრებისგან განადგურებული და გატეხილი; რომ ვიღაც უნდა შეეხოს მათ გულებს, ნუგეში სცეს და წამოაყენოს.
მან ასევე მითხრა, რომ როდესაც მე ვიდექი და მას ვაკვირდებოდი, მან იცოდა, რომ ღმერთმა წარმგზავნა მასთან და მას ჩემთვის სიტყვა აქვს უფლისგან. ის წმენდდა ჩემს ფეხსაცმელს, მე კი გაოგნებული ვუყურებდი მას სახეში. ვკითხე, თუ რა ჰქონდა ჩემთვის სათქმელი. მან მიპასუხა, რომ ვიდრე მე ნომერში ავედი ფეხსაცმლის გამოსაცვლელად, მან ღმერთისგან სიტყვა მიიღო, რომელიც მე უნდა გადმომცეს. და განაგრძო: „იცი, ცხოვრება წააგავს აყვავებულ ბაღს, შენ კი მასში მებაღე ხარ. მაგრამ არსებობს უზენაესი მებაღე და ეს ღმერთია, რომელიც შენ გიყვარს და რომელსაც პატივს მიაგებ; ის კი ხანდახან მოდის შენთან სტუმრად. ამ ბაღში იზრდება მშვენიერი ყვავილი, რომელიც შენ ძალიან გიყვარს. ათასობით ყვავილია, რომელთა ჩუქებაც შეგიძლია, მაგრამ არა მისი, რომელიც შენ გიყვარს. და აი, ერთხელ, მთავარი მებაღე, ღმერთი, მოდის შენს ბაღში. შენ ეპატიჟები მას, ეუბნები: ‘აიღე ნებისმიერი ყვავილი, რომელსაც მოისურვებ’, და ის მიდის და პოულობს იმ ყვავილს, რომელსაც შენ ინახავ, იღებს მას და მიაქვს ზეცაში. ამის შემდეგ შენ ეძებ მას და რომ ვეღარ პოულობ შენს ყვავილს, იწყებ ტირილს, რადგან არ გესმის, რომ სწორედ ეს ყვავილი არის ახლა უსაფრთხოდ, მარადისობაში, ხოლო სხვა ყვავილები არ არიან დაცულები. ხოლო ის, ყველაზე საყვარელი ყვავილი, უკვე ღმერთის ხელებშია.“

ამ მომენტზე მან დაასრულა ფეხსაცმელების წმენდა და თქვა: „ძმაო, სწორედ ეს ჩადო ღმერთმა ჩემს გულში, რომ შენთვის გადმომეცა.“ ის არც კი დაინტერესებულა, თუ ვინ ვიყავი მე, რადგანაც მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ღმერთისგან მიიღო ჩემთვის უკვე ნათქვამი სიტყვები. მე კი ვიჯექი და ცრემლები მცვიოდა თვალებიდან, რადგან ღრმად ვაცნობიერებდი მის სიტყვებს. მე ჩავეხუტე მას და ვუთხარი: „ძმაო, იცი, ღმერთისთვის ცნობილია შენი მისამართი!“ ის გულშეძრული იყო. მან მითხრა: „ბევრ ადამიანს ვეხმარები, მაგრამ პირველად მესმის მსგავსი სიტყვები“. მე ვუპასუხე: „ღმერთმა სომხეთიდან ჩამომიყვანა შენთან. დღეს ბევრი ეკლესიაა, ბევრი მქადაგებელი, წინასწარმეტყველი, ხუცესი, მაგრამ ღმერთმა სწორედ შენი მისამართი იცის, სად ცხოვრობ და მსახურობ. შენ გაქვს გული, რომელიც მზადაა, ხალხს მოემსახუროს და ღმერთის ხმა მოისმინოს.“ ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ორივე ვტიროდით. შემდეგ მე ნომერში დავბრუნდი და ყველაფერი მოვუყევი ჩემს მეუღლეს. მე გავიგე, თუ რატომ ჩამომიყვანა ღმერთმა აქ.
წინასწარმეტყველმა, რომელიც ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ფეხსაცმელებს წმენდდა, იპოვა თავისი ადგილი და ემსახურებოდა ადამიანებს. მე ვფიქრობ, მოვიდა დრო თითოეული ჩვენგანისთვის, ვიმსახუროთ არა მხოლოდ ეკლესიებში, არამედ ასევე ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, საიდანაც დავეხმარებით ადამიანებს. დღეს ხომ ადამიანთა ცხოვრება ტკივილებითაა სავსე და ისინი საჭიროებენ იმას, რომ ვიღაცამ მართლაც მიიღოს სიტყვა ზეციდან და გაუზიაროს მათ. კაცობრიობა ელოდება ღვთის შვილების გამოცხადებას.
მინდა, კიდევ ერთხელ გითხრა: „გმადლობ, ძმაო. ყველაზე რთულ დროს ჩემ გვერდით აღმოჩნდი და დამეხმარე. ღმერთმა გაკურთხოს, არასოდეს დაგივიწყებ, დიადია შენი ჯილდო ზეცაში!“
#გააზიარე

#სიყვარული
#თავმდაბლობა

26/12/2022

საშობაო საგალობლებში ჩვენ ყოველ წელს ვმღერით ქრისტეს შობის შესახებ…

აგრეთვე, რწმენის სიმბოლო – მრწამსი – მიუხედავად იმისა, რომ მასში შობა პირდაპირ არ არის ნახსენები, შობის შესახებ სწავლებას შემდეგი ფრაზით გამოხატავს: „გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცდა.“

ხორცშესხმა/განკაცება
თუ თქვენ გაიგებთ მნიშვნელობას სიტყვებისა: ხორცნი შეისხა და განკაცდა, მაშინ გაიგებთ იმასაც, თუ რას წარმოადგენს შობა. უხილავი ხილული გახდა და უხორცომ ხორცი შეისხა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი გახდა ადამიანი.

ეს სწავლება საკმაოდ კონკრეტული და უნიკალურია. მისი მეშვეობით გამოყოფილები ვართ წუთისოფლისგან. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც გვეშინია ღვთისმეტყველებაზე საუბრის, რადგანაც ის გამოგვაცალკევებს სხვა ადამიანებისგან.

აი, რატომ არის შობის შესახებ სწავლება უნიკალური. ერთი მხრივ, არსებობს ისეთი რელიგიები, რომელთა თანახმადაც, ღმერთი იმდენად იმანენტურია (ანუ, მყოფობს ყველაფერში, რაც ჩვენ ირგვლივაა), რომ ხორცის შესხმა ჩვეულებრივი რამ გახლავთ. თუ თქვენ ბუდისტი ან ინდუსი ხართ, თქვენთვის ღმერთი იმანენტურია ყველაფრისადმი. მეორე მხრივ, ისეთი რელიგიები, როგორებიცაა ისლამი და იუდაიზმი, ამბობენ, რომ ღმერთი იმდენად ტრანსცენდენტურია (შემეცნებისთვის მიუღწეველი) ყველაფრისადმი, რომ ხორცშესხმა შეუძლებელია.

ქრისტიანობა კი, მათგან განსხვავებით, უნიკალურია. ის არ ამბობს, რომ ხორცშესხმა ჩვეულებრივი რამაა, თუმცა არც იმას აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია. ქრისტიანობის თანახმად, ღმერთი საკმარისად იმანენტურია იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს, და ამავე დროს, იმდენად ტრანსცენდენტურია, რომ ღმერთის განკაცება (ხორცშესხმა) იესო ქრისტეს სახით წარმოადგენდეს მოვლენას, რომელმაც მთელი ისტორია გადაატრიალა, შეცვალა ცხოვრება და დაამსხვრია აზროვნების ჩარჩოები.

შობა არა მხოლოდ დოქტრინალური საკითხია, არამედ უდიდესი ისტორიული მოვლენაც. იესოს მოვლინება ბაგაში, მისი ცხოვრების ამბავი, ჯვარცმა და აღდგომა – ეს არ არის უბრალოდ ისტორია, ის ჭეშმარიტებაა. იგი სრულად ეწინააღმდეგება იმას, რისიც სწამს ერთ ჩვეულებრივ ადამიანს. ასეთ პიროვნებას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი იგავებია, მითებია, და რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა.

შობის არსი კი ის გახლავთ, რომ იესო ქრისტე მართლაც ცხოვრობდა და შემდეგ მართლაც აღესრულა ჯვარზე. ეს ნამდვილად მოხდა ისტორიაში. იესო მართლაც ახდენდა სასწაულებს, ის მართლაც ქადაგებდა სასუფეველზე…

თქვენ შეიძლება იფიქროთ: „კი მაგრამ, რა არის ამაში განსაკუთრებული? თქვენ ახლა უბრალოდ ქადაგებთ.“ ადამიანები ამბობენ: „მე მომწონს ის, რასაც იესო ასწავლიდა. მომწონს ამ ისტორიების არსი და მოწოდება – რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვემსახურებოდეთ მოყვასს… მე ეს მომწონს… მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ნამდვილად მოხდა ეს თუ არა. ღვთისმეტყველება სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია მხოლოდ ის, რომ იგი [იესო] კარგი ადამიანი იყო.“

უდიდესი ირონია ისაა, რომ ასეთი მოსაზრებანიც ღვთისმეტყველებაა და მას ეწოდება სწავლება საქმეებით გამართლების შესახებ. მის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ იესო მართლაც ცხოვრობდა იმ ცხოვრებით, რომლითაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, და მოკვდა იმ სიკვდილით, რომლითაც ჩვენ უნდა დავხოცილიყავით. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ისე ვიქცევით, როგორც ის გვასწავლიდა.

ეს არის სწავლება, რომელიც ამბობს: „მე არც იმდენად ცუდი ვარ, რომ ვინმე ჩემ ნაცვლად იყოს კეთილი. მე მაქვს უნარი, რომ ვიყო კეთილი. მე არ ვარ ღმერთს იმდენად განშორებული და არც ღმერთია იმდენად წმინდა, რომ ცოდვისთვის სასჯელი ჰქონდეს განწესებული.“

სახარების არსი არ არის ის, რომ იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე; გვითხრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ; ჩვენც ვცხოვრობთ კეთილი ცხოვრებით და ახლა ღმერთი ვალდებულია – გვაკურთხოს. არა! სახარება აცხადებს, რომ იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე; იცხოვრა იმ ცხოვრებით, რომლითაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, და მოკვდა ისეთი სიკვდილით, როგორი სიკვდილითაც ჩვენ უნდა დავხოცილიყავით. ამიტომაც, თუკი ჩვენ გვწამს მისი, ვცხოვრობთ კიდეც მისდამი მადლიერებითა და სიხარულით სავსე ცხოვრებით. ხოლო თუკი ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა; თუკი ყოველივე ეს მხოლოდ იგავებია; გამოდის, თქვენ გწამთ იმის, რომ, დიდი მცდელობის შედეგად, შეძლებდით ღვთისთვის მოსაწონად ცხოვრებას.

თუკი იესო არ მოვლენილა, მაშინ შობის ისტორია უბრალოდ კიდევ ერთი მორალური პარადიგმა გამოდის, რომელიც დაგამსხვრევთ. იესო ნამდვილად რომ არ მოვლენილიყო დედამიწაზე, მე არ მენდომებოდა ისეთი საშობაო ისტორიების მოსმენა, რომლებიც გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ მსხვერპლის გამღებნი; უნდა ვიყოთ თვინიერნი; რომ უნდა გვიყვარდეს… ერთადერთი, რასაც ეს ისტორიები მოგიტანდათ, იქნებოდა ის, რომ ისინი უბრალოდ დაგანგრევდათ. რადგანაც, თუ ის არ არის სიმართლე, რომ იოანემ იხილა იესო, ესმოდა მისი და შეიმეცნებდა მას; თუკი არ არის სიმართლე, რომ იესო მართლაც მოგვევლინა და აღასრულა თავისი საქმეები, მაშინ შობა მხოლოდ დეპერსიაში ჩაგვაგდებდა ადამიანებს.

1-ლი იოანეს 1:3 ამბობს: „ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.“ „მოზიარეობა“ ნიშნავს, რომ თუ იესო ქრისტე მოგვევლინა დედამიწაზე, და თუ შობა რეალურია, მაშ, გვაქვს საფუძველი, გვქონდეს ღმერთთან პირადი ურთიერთობა. ღმერთი აღარ არის შორეული იდეა ან უბრალოდ ძალა, რომლის წინაშეც ვთრთით, არამედ ჩვენ შეგვიძლია, ვიცნობდეთ მას პირადად. ოდესღაც მიუწვდომელი ახლა ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის.

თუკი იესო ქრისტე სინამდვილეში ხორცში მოსული ღმერთია, თქვენ გაცილებით მეტს იგებთ ღმერთის შესახებ. თქვენ ხედავთ, თუ როგორ ტირის ის, როგორ იტანჯება; რამდენად დამდაბლებულია და როგორ ამაღლდა ზეცად… თუკი იესო არის ის, რადაც თავს აცხადებს, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, 500-გვერდიანი ავტობიოგრაფია ღმერთზე. ჩვენი აღქმა გაცილებით უფრო პირადი და კონკრეტული იქნება, ვიდრე ნებისმიერი ფილოსოფია ან რელიგია შეძლებდა ამის მოცემას.

შეხედეთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა, რომ თქვენ ის პირადად გაგეცნოთ. თუკი ღვთის ძემ განვლო მთელი ეს გზა, რათა გამხდარიყო რეალური პიროვნება თქვენთვის, არ ფიქრობთ, რომ სულიწმიდა გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალაშია, რათა აქციოს იესო ქრისტე თქვენს გულში რეალურ პიროვნებად?!..

შობა – ეს არის ერთგვარი მოსაწვევი, გაიცნოთ ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი. შობა გახლავთ მოსაწვევი ღმერთისგან, რომელიც ამბობს: „აი, რა მოვიმოქმედე, რათა თქვენთან ახლოს მოვსულიყავი. ახლა კი თქვენც მომიახლოვდით. მე არ მინდა, რომ მხოლოდ თეორიის დონეზე გქონდეთ ინფორმაცია ჩემ შესახებ; არამედ მინდა, რომ თქვენი მეგობარი ვიყო.“

26/12/2022

მე მიყვარს შობა.

დაე, იწკრიალონ მარხილის ზარებმა. დაე, მგალობლებმა იგალობონ შობის საგალობლები. რაც უფრო მეტი თოვლის პაპა იქნება, მით უფრო მეტად ვიმხიარულებთ. რაც უფრო მეტი ნაძვის ხე იქნება, მით უკეთესი. მე მიყვარს შობა თავისი ხმებით, შეძახილებით, სიმღერებით. „წყნარი ღამით“ და შაქრის ქლიავის ფერიით. არ ვწუწუნებ ხალხით სავსე მაღაზიების გამო. თვითმფრინავი სავსეა? რესტორნები გადაჭედილია? მერე, რა, ეს ხომ შობაა.

და მე მიყვარს შობა.

თოვლის პაპისადმი მიწერილი წერილები და საშობაო ნატვრები; საყვარელი კერძები. თოვლი, ზამთრის თბილი ტანსაცმელი და ჩრდილოეთის ირმის, რუდოლფის წითელი ცხვირი. მიყვარს ეს ყველაფერი, რადგან ვიღაც სადღაც მაინც დასვამს შობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს: „რა მოხდა მერე, ჩვილი რომ დაიბადა გომურში? ვინ იყო ის? რა კავშირი აქვს მის შობას ჩემთან?“

ის, ვინც კითხვას სვამს, შეიძლება იყოს პატარა ბავშვი, ან სახლიდან შორს მყოფი ჯარისკაცი; ანდა ახალგაზრდა დედა, რომელიც პირველად ხვდება შობას შვილთან ერთად. შობა კითხვების დასმისკენ უბიძგებს ადამიანს.

მიყვარს შობა, რადგან სადღაც ვიღაც დასვამს შობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს: „რა მოხდა მერე, ერთხელ ჩვილი თუ დაიბადა გომურში?“

მახსოვს, როცა პირველად დავსვი ეს კითხვები. დასავლეთ ტეხასის ერთ პატარა ქალაქში გავიზარდე, მექანიკოსის და ექთნის შვილი. ღარიბები არ ვყოფილვართ, მაგრამ არც შეძლებულები ვიყავით. მამაჩემს ნავთობსადენი მილები გაჰყავდა. დედა სამიდან თერთმეტ საათამდე მუშაობდა ჰოსპიტალში. ჩემს ძმას დავყავდი დაწყებით სკოლაში ყოველ დილით, ნაშუადღევს კი ბურთით ვთამაშობდი იქვე, სახლთან ახლოს. სადილს მამა ამზადებდა. ჩემი ძმა რეცხავდა ჭურჭელს, მე კი იატაკის დაგვა მევალებოდა. რვა საათზე ვბანაობდით ბიჭები და ცხრაზე უკვე საწოლში ვიწექით. დაძინებამდე მხოლოდ წიგნის წაკითხვა იყო ნებადართული. ჩვენი საწოლის ბოლოს საბავშვო წიგნებით სავსე სკივრი იდო.

დიდი წიგნები იყო, პრიალა და ფერადი ნახატებით. სკივრში ცხოვრობდა სამი დათვი. დიდი, ცუდი მგელი, შვიდი ჯუჯა და მაიმუნიც სკივრში ცხოვრობდნენ. სადღაც სკივრში, ზღაპრების ქვემოთ იდო წიგნი ჩვილი იესოს შესახებ. ყდაზე ჩალით სავსე ბაგა ეხატა. ვარსკვლავი ბრწყინავდა გომურის თავზე. იოსები და სახედარი, ორივეს რომ დიდი თვალები ჰქონდა, იქვე ახლოს იდგნენ. მარიამს ჩვილი ეჭირა; ზემოდან დაჰყურებდა მას, ჩვილიც ქვემოდან შეჰყურებდა დედას. მე კი მახსოვს, როგორ შევყურებდი ორივეს. მამაჩემს, რომელიც სიტყვაძუნწი კაცი გახლდათ, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ბიჭებო, შობა ქრისტეს შესახებ არის.“

ამ ძილისწინა წუთებში, წიგნის კითხვის წუთებში, სადღაც ზღაპრებსა და სკივრში მცხოვრებ ცხოველებზე ფიქრებს შორის გაიელვებდა ხოლმე ფიქრი მამაჩემის ნათქვამის შესახებ. მეც დავიწყე შობასთან დაკავშირებით კითხვების დასმა. მას შემდეგ არ შემიწყვეტია ეს. მიყვარს პასუხები, რომლებიც ვიპოვე; მაგალითად, ეს: ღმერთმა იცის, რას ნიშნავს − იყო ადამიანი.

ღმერთს ესმის ჩემი, როდესაც ველაპარაკები დასამთავრებელი საქმეებისა თუ ჩემ წინაშე არსებულ სირთულეთა შესახებ. მას ესმის. ის გვერდითაა. ბეთლემის წყალობით მყავს მეგობარი ზეცაში. ბეთლემის წყალობით, მყავს მხსნელი ზეცაში. შობას იწყება ის, რასაც აღდგომას ვზეიმობთ.

ბაგაზე მწოლიარე ჩვილი შემდეგ ჯვარზე გაკრული მეფე გახდა. იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა, ცოდვები მეპატია. მხოლოდ მადლი. მას არ უთქვამს: „განიწმინდე ჩემთან მოსვლამდე.“ მან მითხრა: „მოდი და მე განგწმენდ.“ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ მე ჩავჭიდე მას ხელი, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან ჩამჭიდა ხელი. და მისი ხელი მტკიცეა.

ბეთლემის წყალობით მყავს მხსნელი ზეცაში. შობას იწყება ის, რასაც აღდგომას ვზეიმობთ. ბაგაზე მწოლიარე ჩვილი ჯვარზე გაკრულ მეფე გახდა.

საშობაო საჩუქრები თოვლის პაპისგან? მშვენიერია, მაგრამ ქრისტეს მუდმივი მყოფობა ჩემს ცხოვრებაში? ეს ხომ მთლიანად ცვლის ჩემს ცხოვრებას.

ღმერთი ყოველთვის ახლოსაა. ის ყოველთვის ჩვენ მხარესაა. ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ იგი, მაგრამ ღმერთი არასოდეს დაგვივიწყებს ჩვენ. ჩვენ მუდამ მის ფიქრებსა და გეგმებში ვართ. მან საკუთარ თავს „ემანუელი“ უწოდა (რაც ნიშნავს „ღმერთი არს ჩვენთან“ (მათე 1:23).

არა მხოლოდ „ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ“; არა მხოლოდ „ღმერთი ფიქრობს ჩვენზე“; არა მხოლოდ „ღმერთი დაგვყურებს“, არამედ „ღმერთი ჩვენთან არს.“ ღმერთი იქაა, სადაც ვართ ჩვენ: სამსახურში, სამზარეულოში, თვითმფრინავში. ის იმავე ჰაერით სუნთქავდა, რითიც ჩვენ და იმავე მიწაზე დადიოდა, რაზეც ჩვენ. ღმერთი… არს… ჩვენთან…! ეს სიტყვები დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასოდეს. ჩვენ ხომ მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ.

ტერორიზმი თავზარს სცემს ადამიანებს. ძალადობა შავი ღრუბელივით ჩამოწოლილა ჩვენს პლანეტაზე. გაიხსენეთ ახალი ამბები: უაზრო თავდასხმები, სისხლისღვრა, წარმოუდგენელი სისასტიკის გამოვლინებანი. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ამას კიდევ შიშიც ემატება, შიში იმისა, რომ ეს ყოველივე კვლავ განმეორდება.

ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ვფიქრობთ სამუშაოზე, რომელსაც ვერ ვინარჩუნებთ; სიმსივნეზე, რომელსაც დიაგნოზს ვერ ვუსვამთ; ქორწინებაზე, რომელსაც ვერაფერს ვშველით; უფროსზე, რომელსაც თავს ვერ ვაწონებთ…

და საკუთარი თავი წარმოგვიდგება იმ პატარა ბიჭუნას ადგილზე, რომელიც ანგელოზის როლს ასრულებს საშობაო დადგმაში. დედასთან ერთად კვლავ და კვლავ იმეორებს: „ეს მე ვარ და ნუ გეშინიათ; ეს მე ვარ და ნუ გეშინიათ“. თუმცა, როდესაც დადგმა იწყება, ბიჭუნა სცენაზე გამოდის, განათებები თვალს სჭრის და ადგილზე შეშდება. რამდენიმეწამიანი უხერხული სიჩუმის შემდეგ ის ამბობს: „ეს მე ვარ და მეშინია.“

გეშინიათ? თუ ასეა, ცოტაოდენი შობა ხომ არ გჭირდებათ? არ ვგულისხმობ, ნაძვის ხეს, ტკბილეულს ან თოვლის პაპას. ეს არ არის შობა. ქრისტეშობა, როგორც მამაჩემმა თქვა, ქრისტეს შეეხება. ეს არ არის თოვლის პაპის შობა, ეს არ არის საჩუქრების შობა, ეს არ არის ნაძვის ხის შობა, ეს ქრისტეს შობაა.

ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ახლოსაა. ყოველთვის ჩვენკენაა. ყოველთვის ჩვენშია. ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ იგი, მაგრამ ღმერთი არასოდეს დაგვივიწყებს ჩვენ.

ხომ არ დაგავიწყდათ ღმერთი? ამ საშობაო ფუსფუსსა და ორომტრიალში, გიფიქრიათ შობის დაპირებაზე? ღმერთმა მიგვიღო. ღმერთმა დაგვიხსნა. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ახლოსაა. სხვათა შორის, ბეთლემი მხოლოდ დასაწყისი იყო. იესო დაგვპირდა, რომ იქნებოდა ბეთლემის განმეორება, თუმცა შემდეგ ჯერზე მშვიდი, წყნარი ღამე აღარ განმეორდებოდა.

ცანი გაიხსნებიან, გაისმება საყვირების ხმა და ახალი სასუფევლის ხანა დაიწყება. ქრისტე აღადგენს მკვდრებს და დაადნობს სიკვდილის ყინულებს. საკუთარი თითით მოსწმენდს ცრემლებს თავის შვილებს.

„განგვშორდი მწუხარებავ, სნეულებავ! საკმარისია შიშის ზარი და თავზარდაცემით სავსე ღამეები! სიკვდილო, განქარდი! სიცოცხლევ, იზეიმე!“

ბეთლემში მოვლინებული ჩვილი გვაძლევს გაბედულებას გვწამდეს, რომ უკეთესი წინაა და შეიძლება ეს „უკეთესი“ დღესაც დაიწყოს, ხოლო თუ დღეს არ დაიწყება, ამასაც თავისი მიზეზი ექნება.

არცერთი დღე არ არის შემთხვევითი. არცერთი ქმედება არ არის უმიზნო. გაიხსენეთ იესოს შობა. მეფემ მოსახლეობის აღწერა ბრძანა. იოსები იძულებული გახდა ბეთლემში წასულიყო. მარიამიც მასთან ერთად. სასტუმროში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. გვიანი იყო. უამრავი სირთულე და დაბრკოლება შეიქმნა, თუმცა სწორედ ამ დროს იშვა იმედი. ეს იმედი დღესაც არის. არ მიყვარს დაბრკოლებები, მაგრამ მიყვარს შობა, რადგან ის შეგვახსენებს: „ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.“ (რომაელთა 8:28).

შობის დაპირებანი…

სტუმრები წავიდნენ. საშობაო სიმღერებიც შეწყდა. სინათლეები ჩაქრა. შობის დაპირებანი კი კვლავ რჩება.

იქნებ ცოტაოდენი შობა შეუშვათ თქვენს გულში… მოდი, გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთე 6 წლისამ მე: წითელთავიანმა, დაჭორფლილმა ბიჭმა. ავანთოთ სანათი, მოხერხებულად მოვკალათდეთ სავარძელში და წავიკითხოთ ბეთლემის გასაოცარი ისტორია.

დაე, თქვენც იპოვოთ ის, რაც მე ვიპოვე: ცხოვრების იმედი.

26/12/2022

არ ვიცი, როგორი ემოციებით გევსებათ გული შობაზე ფიქრისას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უმეტესი თქვენგანისათვის შობა სიხარულის დღესასწაულია, რომელიც სიყვარულით, ოჯახური სითბოთი და კურთხევითაა აღსავსე.

ყოველ წელს მთელი ოჯახი ვიკრიბებით და განსაკუთრებულ სადილ-ვახშამს ვაწყობთ; ვუყურებთ კლასიკურ საშობაო ფილმებს; საჩუქრებს ვჩუქნით ერთმანეთს და სხვადასხვა ისტორიებს ვუყვებით. აღვნიშნავთ იმას, რომ იესო ქრისტე ჩვენი გულისათვის მოვიდა ამქვეყნად.

ყოველ წელს ღმერთს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ მაქვს შესაძლებლობა, დავივიწყო პრობლემები და დღესასწაულებისას დავტკბე ოჯახთან ერთად გატარებული დროით; მაგრამ ყოველ წელს ვიხსენებ, რომ პირველი შობა სულაც არ ყოფილა დასვენებისა თუ ზეიმის მიზეზი. სინამდვილეში, შეუძლებელია, წარმოიდგინოთ უფრო საშინელი და უიმედო მდგომარეობა, ვიდრე იესოს შობისას იყო.

წავიკითხოთ ეს ისტორია მათეს სახარებიდან:

როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: ‘ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.’ ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ‘ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.’ ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ‘ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს, თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი.’
_ მათეს სახარება 2:13-18

თუ ბავშვობაში საკვირაო სკოლაში დადიოდით და ბიბლიური ისტორიები თქვენი ცხოვრების ჩვეული შემადგენელი ნაწილი გახლდათ (მადლობა ღმერთს ამისათვის!), ეს მონათხრობი შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად და მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ასე არასოდეს იქნება თქვენთვის! მინდა მოგიწოდოთ იმისკენ, რომ ხელახლა გადახედოთ ამ თავზარდამცემ საშობაო სცენარს, არა იმისათვის, რომ დადარდიანდეთ, არამედ იმისათვის, რომ გაიფართოოთ თვალსაწიერი იესო ქრისტეს შობის არსთან დაკავშირებით.

როგორც ხედავთ, იესო ქრისტე კომფორტსა და ფუფუნებაში არ დაბადებულა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, რას წარმოადგენს ეს ისტორია: მთელი ცხოვრება – დასაწყისიდან დასასრულამდე, სიკვდილამდე – ძალადობრივ, სასტიკ, მტანჯველ სიკვდილამდე – იესოს გამუდმებით დევნიდნენ. ვფიქრობ, ასეთ ცხოვრებისეულ მოწოდებას ნაკლებად ისურვებდა რომელიმე ჩვენგანი.

მაგრამ შობის ისტორიაში ყველაზე მშვენიერი ისაა, რომ ღვთის ძე ნებაყოფლობით მოევლინა დედამიწას. მოვიდა იქ, სადაც ჩვეულებრივი ამბავია ისეთი წარმოუდგენელი რაღაცები, როგორებიცაა ძალადობა და უსამართლობა! ნებაყოფლობით მოვიდა! ახალშობილი იესო გადაურჩა ჰეროდეს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს, მაგრამ მეფის განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ მაინც წამოეწია მას. უფალ იესოს სასტიკი, სისხლისმღვრელი, საშინელი სიკვდილი მოელოდა უმართლო ადამიანთა ხელიდან.

ამრიგად, როცა სადღესასწაულო სუფრას შემოუსხდებით და იმხიარულებთ თქვენს ახლობლებთან ერთად მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის გვერდით, ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ დაივიწყოთ ის საშინელება და ძალადობა, რომლითაც დაიწყო და დასრულდა შობის ისტორია. ისტორია ბავშვების თავზარდამცემი ამოწყვეტით იწყება და ღვთის ძის ძალადობრივი სიკვდილით მთავრდება. ბავშვების დახოცვა ასახავს იმას, რამდენად ესაჭიროება ქვეყნიერებას მადლი, ხოლო ქრისტეს მოკვლა აღნიშნავს იმ წუთს, როცა ეს მადლი მიეცათ ადამიანებს.

შეხედეთ ბაგას, რომელშიც ჩვილი წევს და რომელიც ახალი სიცოცხლის დაწყებას აღნიშნავს და შეეცადეთ დაინახოთ ის, რომელიც მოვიდა იმისათვის, რომ მომკვდარიყო. ყური დაუგდეთ ანგელოზთა გალობას და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მისი სიკვდილი იყო ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ღმერთს ჩვენთვის მშვიდობა მოეცა. შეხედეთ თქვენს ნაძვის ხეს და იფიქრეთ სხვა ხის შესახებ, რომელიც მბრწყინავი სათამაშოებით კი არ იყო მორთული, არამედ თავად უფლის სისხლით იყო შესვრილი.

შობის დღესასწაულის დროს გახსოვდეთ, რომ გზა ამ დღესასწაულამდე გახდლათ სიკვდილი იმისა, ვის დაბადებასაც აღნიშნავთ და იყავით განსაკუთრებულად მადლიერნი ამისათვის!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi