03/06/2026
ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გახსნა. მინისტრის მოადგილე განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად 150 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ლაბორატორიები და გარე მოედანი.
შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 700 ათას ლარამდეა.
02/06/2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მესტიის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „თეთნულდს‘‘ ესტუმრა, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილე კოლეჯის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ბაია კვიციანის თქმით, კოლეჯში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სერვისები მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც ხელს უწყობს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და თითოეული ახალგაზრდის მხარდაჭერას.
კოლეჯი „თეთნულდი‘‘ 250 სტუდენტზეა გათვლილი. სასწავლებელი მრავალპროფილურია და ახორციელებს 11 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის ინტეგრირებულ პროგრამებს, შემდეგი მიმართულებებით: მომსახურება, ინჟინერია, ბიზნესი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, წარმოება, მეტყევეობა და ხელოვნება.
02/06/2026
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ პრიორიტეტულ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ხაზი გაესვა პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაგეგმილ ვადებში ეფექტიან მშენებლობა-რეაბილიტაციას.
უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ღონისძიება – „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა, მათ შორის, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული წიგნის „ჩვენი პარლამენტი“ და ამავე სახელწოდების ანიმაციის პრეზენტაცია. ასევე, მოეწყო კონკურსის „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
01/06/2026
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფორმატში ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერა, ინკლუზიური განათლების სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების საფეხურებს შორის ტრანზიცია.
შეხვედრის დასრულების შემდგომ, ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა მოსწავლეთა სპეციფიკური გამოწვევები გამოავლინეს და მათი დაძლევის გზები დასახეს.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.
მესტიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
01/06/2026
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია დაფუძნდება.
დიპლომატიის აკადემიის შექმნის პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ მიიღეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა აკადემიის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ მოდელსა და ფუნქციონირების ფორმატზე.
აღინიშნა, რომ დიპლომატიის აკადემია შესაბამისი სამსახურებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. ამასთან, დიდ წვლილს შეიტანს კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
დიპლომატიის აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო. აღნიშნული პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ორ კანონში: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.
01/06/2026
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.
01/06/2026
ჩემო ძვირფასო ბავშვებო,
ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, მთავარი საზრუნავი თქვენთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა.
სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ძალა და მთავარი იმედი. ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში შეგიქმნათ გარემო, სადაც მიიღებთ ღირებულ ცოდნას და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ.
დაისახეთ თამამი მიზნები, არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა.
მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, უდარდელ, სიყვარულით სავსე ბავშვობას და უამრავ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე
30/05/2026
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას წიგნის — „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ პრეზენტაცია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას წიგნის შინაარსი ზვიად გაბისონიამ გააცნო და ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმძღვანელოშია წარმოდგენილი.
წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
სახელმძღვანელო ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების რეგულირების საკითხებს, ცალკეული ქვეყნების შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ჩარჩო დოკუმენტებს ეძღვნება.
გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ხელოვნური ინტელექტის ევროკავშირის რეგულაციებსა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე, ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც აუცილებელია ქართული კანონმდებლობისთვის ხელოვნური ინტელექტის კონვენციის რატიფიცირებასა და მისი იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვისთვის.
სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესში ტექნოლოგიური მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით.
სამართლის დოქტორისა და თსუ-ის პროფესორის, ზვიად გაბისონიას ახალი გამოცემა პრაქტიკული გზამკვლევი იქნება აკადემიური წრეებისთვის, სტუდენტებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვისა და განათლებისა და იუსტიციის სისტემებისთვის.
წიგნის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.