საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Share

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 04/06/2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

​პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.

თურქეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მზაობა გამოხატა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმდინარე და მომავალი საკითხები, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო ვითარება.

საუბარი შეეხო საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირის ქვეყნებთან.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარების საკითხებს.

მხარეები მჭიდრო ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე შეთანხმდნენ.

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა თურქერ არის წარმატება უსურვა მის საპასუხისმგებლო დიპლომატიურ მისიაში.

https://tinyurl.com/47nka4jv

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 04/06/2026

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.

კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ჰუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მტკიცე მხარდაჭერა ორმხრივი კავშირების განვითარების მიმართ და აღნიშნა, რომ კანადა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე მოკავშირეები არიან.

ვრცლად: https://ln.run/T6eRu

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 04/06/2026

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვმასპინძლობთ მაღალი დონის დისკუსიას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საერთო მიზნის გარშემო - ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს უნარი, იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, სწორად შეაფასოს გარემო და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები.
საქართველოს არჩევანი სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს.

„გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრებისა და კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე.
საკმარისია, გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქება-დიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც „დაგეხმარებიან“ და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზეც თვალს დაგიხუჭავენ. სამაგიეროდ, ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, სტიგმატიზირდება, ბათილდება და იდევნება.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას.

საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდა კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზი, როგორ ისჯებოდა განსხვავებული აზრი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს მსგავს ფენომენს საერთაშორისო მასშტაბით ვხედავთ და ვაცნობიერებთ.

თვალში საცემია, რომ არგუმენტების სიმწირის დროს თავშესაფრად მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა. პათეტიკით გაჯერებული მორალისტობა დღეს ლამის საერთაშორისი პოლიტიკური რიტორიკის ნორმად მკვიდრდება და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ შეფასებაშიც ვხედავთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ, თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხვის გარეშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგებს ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აუცილებლად მოიტანს ქვეყნისთვის სასურველ შედეგს.

„ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმიც ხელს შეუწყობს სწორედ ასეთ - ღია, პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები, საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

https://tinyurl.com/2u5zb5zj

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 04/06/2026

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან - ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაურიციო გასპარის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

ვრცლად: https://ln.run/k-M2x

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 03/06/2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, გრიგოლ აბესაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით არის წარდგენილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი და მას საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

https://tinyurl.com/556ewuzf

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 03/06/2026

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს შესახებ საერთაშორისო სივრცეში არსებული საინფორმაციო გარემო. ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა პარტნიორებისთვის სწორი, არგუმენტირებული და გადამოწმებული მონაცემების მიწოდების განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ხშირად ვრცელდება არაზუსტი და დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს მხარის სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს დაეთმო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული დიალოგი საქართველოს სწორ პოზიციონირებას ემსახურება არა მხოლოდ კანადაში, არამედ იმ საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც კანადის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ნინო წილოსანის თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოზიციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის სამომავლოდ ორმხრივი კომუნიკაციის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.

„ჩვენს მიერ მიწოდებული მონაცემები და ის არგუმენტები, რომელიც საქართველოს მხარეს აქვს, პარტნიორებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ამ შეხვედრებმა დაინტერესება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, ველოდებით, რომ თანამშრომლობის პროცესს პოზიტიური გაგრძელება ექნება“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატეს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების სწორად წარმოჩენასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას.

https://shorturl.at/EtKph

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 03/06/2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი) №5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ განიხილა.

საკითხი განსახილველად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.

ცვლილება სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას ითვალისწინებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და განხორციელდა გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ფოთის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებია დარჩენილი, რომლის დასრულება წელს იგეგმება.

კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის NDEC-I 1/119-VI/2024 გადაწყვეტილებას“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, შეთანხმება არ შეიცავდა დეტალურ პროცედურას მისი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოქმედი რედაქციის საფუძველზე, შეთანხმების მოქმედების ვადა გათვალისწინებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილება იძლევა საშუალებას, შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად (არა უმეტეს 5 წლიანი პერიოდით) უკვე საბჭოს მხრიდან გახანგრძლივდეს.

მომხსენებლის განცხადებით, ამ შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ამიტომ საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონერებს და ადგილს იმკვიდრებს, როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე 4 000 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული ზეთისხილის ბაღები.

https://tinyurl.com/mr84xcae

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 03/06/2026

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცეს. აღნიშნული ინიციატივით, ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის შექმნას ჩაეყარა საფუძველი.

კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის მოწყობის ინიციატორია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
წიგნსაცავს, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არის ხელმისაწვდომი, გადაეცა ისეთი გამოცემები, როგორიც არის: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ-ფრანგული ვერსია, საგამომცემლო მასალები საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, ქართული ანბანის ამსახველი გამოცემები და სხვა კულტურულ-ისტორიული წიგნები.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო წილოსანმა და მარიამ ლაშხმა ბიბლიოთეკის საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვეს.

„კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიული შენობა, რომელიც ინახავს უდიდეს საკანონმდებლო და კულტურულ მეხსიერებას. ისტორიულ წიგნსაცავთან ერთად, იგი კვლევითი ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ბიბლიოთეკაში შევქმნათ ქართული კუთხე, რაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენს კულტურას. ქართული გამოცემები კანადელ კანონმდებლებსა და მკვლევრებს საქართველოს უნიკალური კულტურის, დამწერლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების გზის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერის დატოვებით, ჩვენ საქართველოსა და კანადის ურთიერთობებში კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადავშალეთ. კულტურა და ლიტერატურა ის მყარი ხიდია, რომელიც მუდმივად აერთიანებს და კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს სახელმწიფოებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

https://shorturl.at/vMTqu

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 03/06/2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების პროგრამა დასრულდა.

პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა გადასცა.

პარლამენტის აპარატში სტაჟირების პროგრამა მიზნად ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საჯარო სექტორის საქმიანობის გაცნობასა და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

https://shorturl.at/B6FCS

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 03/06/2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს (Global Council for Tolerance and Peace) ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის (International Parliament fo Tolerance and Peace) მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი შატაკიშვილმა თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ ძალისხმევას მშვიდობის დაცვის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, აფრიმ გაშს და ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს პრეზიდენტს, აჰმედ ბინ მოჰამედ ალჯარვანის შეხვდა.

https://shorturl.at/UWghZ

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


8 Rustaveli Avenue
Tbilisi
0118