17/07/2026
2022 წლიდან უკრაინელი ხალხი ყოველი წლის 15 ივლისს ზეიმობს უკრაინული სახელმწიფოებრიობის დღეს (უკრ. День Української Державності). დღესასწაულის კონცეფცია ეძღვნება უკრაინელი ხალხის ერთიან ერად ჩამოყალიბების აღნიშვნას და უკრაინის სახელმწიფოს ერთობას. ამასთან, 15 ივლისი ემთხვევა კიევის რუსეთის პირველი ქრისტიანი მმართველის, მოციქულთასწორი ვოლოდიმირ დიდის ხსენების დღეს, რომელმაც კიევის რუსეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ხელი შეუწყო ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს შექმნას.
ტრადიციულად, ამ დღის სიმბოლოა უკრაინული სამკბილა (ქართულად უფრო გავრცელებული სახელწოდებაა "სამკაპა", რაც სინამდვილეში უკრაინულად „трезубец“- ცივი იარაღის აღმნიშვნელია და არა გერბზე დატანილი "тризуб"-ის). ეს ნიშანი უკრაინის სახელმწიფო მცირე და დიდი გერბის ცენტრალური ფიგურაა და განასახიერებს უკრაინელი ხალხის ერთობას, სიძლიერეს და თავისუფლებისკენ სწრაფვას.
სამკბილა ერთ-ერთი უძველესი უკრაინული სიმბოლოა, რომელსაც ჯერ კიდევ კიევის რუსეთის მთავრები გამოსახავდნენ საკუთარ საბეჭდავებსა და მონეტებზე. ამ სიმბოლოს წარმოშობის მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ უკრაინაში აღიარებული ოფიციალური ვერსიის თანახმად, პირველად სამკბილას გამოყენება კიევის დიდ მთავარს, ვოლოდიმირ დიდს მიეწერება.
სამკბილა უკრაინის ოფიციალური სიმბოლო 1918 წლის 25 თებერვალს გახდა, როდესაც რუსეთის იმპერიის რღვევის შედეგად დაარსდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, თუმცა გასაბჭოების შემდგომ აღნიშნული სიმბოლო აიკრძალა.
სამკბილას აქტიურად იყენებდნენ უკრაინული ემიგრანტული ორგანიზაციები, კერძოდ, ОУН და УПА, რომელთა მთავარ მიზანს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო შექმნა წარმოადგენდა.
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, 1992 წელს სამკბილა ისევ გახდა უკრაინის ეროვნული სიმბოლო. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითქმის 30 წლის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი ჰქონდა, რომელიც წარმოადგენდა ლაჟვარდის ველზე გამოსახულ ოქროს სამკბილას. უკრაინამ დიდი სახელმწიფო გერბი მხოლოდ 2021 წელს მიიღო. ამ გერბის ცენტრალური ფიგურა ისევ ლაჟვარდის ველზე გამოსახული ოქროს სამკბილაა. ფარის მტვირთველნი არიან მარჯვნივ შემართული ოქროს ლომი და ოქროსსამოსიანი კაზაკი. ფარი დაგვირგვინებულია ოქროს გვირგვინით.
ამასთან, სამკბილა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სიმბოლოცაა.
მიუხედავად იმისა, რომ სამკბილას (სამკაპას) თავდაპირველი მნიშვნელობის ერთი, კონკრეტული, ზუსტი განმარტება არ არსებობს, მას ხსნიან როგორც ისტორიულ, ისე რელიგიურ კონტექსტში, დღეს ეს ეროვნული სიმბოლო ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, ბრძოლისუნარიანობას და სულიერ ღირებულებებს გამოხატავს.

16/07/2026
15/07/2026
14/07/2026
13/07/2026
10/07/2026
08/07/2026
06/07/2026
03/07/2026
02/07/2026