ქრისტიან - სოციალისტური მოძრაობა

ქრისტიან - სოციალისტური მოძრაობა

Share

ქრისტიანები მემარცხენე პოლიტიკაში პოლიტიკური მოძრაობა 'სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის' ქრისტიანულ-სოციალისტთა ჯგუფი.

21/05/2026

გილოცავთ!

05/05/2026

ტყვეთა განმათავისუფლებელი...

13/04/2026

სააღდგომო წერილი

კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალება, რაც ნიშანდობლივად დაემთხვა ჯვრის თაყვანისცემის კვირეულს, წარმოადგენს სარწმუნოებრივ-ეკლესიური პოსტსაბჭოთა პერიოდის – „მთელი ეპოქის“ დასრულებას საქართველოში. ეს მომენტი არა მხოლოდ ეკლესიური ისტორიის, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების მნიშვნელოვანი გარდატეხის საწინდრადაც შეიძლება შეფასდეს.
შეიძლება ითქვას, რომ ამის ნათელი დემონსტრირება იყო ქართველი ერის მასშტაბური და ემოციური გამომშვიდობება თავის სულიერ ლიდერთან და საყვარელ პიროვნებასთან. ამ დღეებში სრულიად აშკარა გახდა, რომ ეს მოვლენა სცილდებოდა მხოლოდ საეკლესიო სივრცეს და შეეხო მთელ საზოგადოებას. პატრიარქისადმი სიყვარულმა და პატივისცემამ დროებით დაჩრდილა და უკანა პლანზე გადაწია თითქმის ყველა მიმდინარე პოლიტიკური თუ კულტურულ-საზოგადოებრივი პროცესი, მათ შორის – ქვეყნისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი- ოლიგარქიულ-რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობა.
ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რა არის ქართველი ერის არა მხოლოდ მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური ერთობის მნიშვნელოვანი საფუძველი, არამდ პოტენციური პოლიტიკური ძალაც. საზოგადოებრივი ერთიანობის ეს ძლიერი გამოხატულება წარმოაჩენს იმ ღრმა სულიერ წყაროს, რომელსაც ქართული ეკლესია წარმოადგენს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა ეკლესიისადმი ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვებით ხშირად 90 პროცენტსაც აღწევდა. ეს ნდობა არ არის მხოლოდ ტრადიციის ან რიტუალის შედეგი, იგი გამოხატავს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის რწმენას, რომ ეკლესია წარმოადგენს სულიერ საყრდენს, რომელიც ისტორიულად და კულტურულად განსაზღვრავს ქართველი ერის თვითმყოფადობას.
ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვაცნობიერებთ რომ ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია, რომლის საფუძველიც არის მისივე სწავლება, თავისი არსით და ფუნქციით არის აუცილებელი საშუალება ადამიანის უმაღლესი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი არის ღმერთთან, წმინდა სამებასთან, სამარადისო და ნეტარი კავშირის დამყარება. ამიტომ, ეკლესია არ არის მხოლოდ ინსტიტუცია ან ისტორიული მემკვიდრეობა; იგი არის ცოცხალი სულიერი სხეული (ქრისტეს სხეული), რომელიც ადამიანებს ეხმარება მათი ამქვეყნიური დანიშნულების გაცნობიერებაში და ღმერთთან ურთიერთობაში.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი ეკლესიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეკლესიის შიგნით მიმდინარე მოვლენები პირდაპირ უკავშირდება არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებას, არამედ საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებასაც. ეკლესიის სულიერი მდგომარეობა გავლენას ახდენს საზოგადოების ეთიკურ და კულტურულ სივრცეზე, ხოლო საზოგადოების მდგომარეობა თავის მხრივ აისახება ეკლესიის ცხოვრებაზე.
დღეს დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თუმცა მასთან ერთად ჩნდება უფრო ღრმა და ფართო თეოლოგიურ-პოლიტიკური გამოწვევა. ეს პირველ რიგში არის გამოცდა (ტესტი) ეკლესიის, როგორც დაოუკიდებელი (ავტოკეფალური და ავტონომიური) ინსტიტუტის შენარჩუნებისა, რასაც უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია არსებულ ავტორიტარულ რეჟიმის პირობებში. მეორეც, ჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ ქართული ეკლესია გათავისუფლდეს იმ სტრუქტურული და კულტურული მემკვიდრეობისაგან, რომელიც მას საბჭოთა ეპოქიდან დარჩა. ამ დროის განმავლობაში ეკლესია იძულებული იყო არსებობა შეენარჩუნებინა რთულ პოლიტიკურ გარემოში, რაც ხშირად იწვევდა მმართველობის ზეცენტრალიზაციას, დახურულობასა და სტაგნაციას.
იქმნება შესაძლებლობა, რომ ეკლესიამ გადადგას ნაბიჯები თავისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად – როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური ძალების გავლენისაგან. ამავე დროს, საჭიროა ეკლესიის მმართველობის გარკვეული დემოკრატიზაცია, სინოდალური პრინციპების გაძლიერება, სასულიერო და საერო საზოგადოების უფრო აქტიური მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში. ეს პროცესი არ ნიშნავს ტრადიციის უარყოფას; პირიქით, იგი შეიძლება გახდეს ეკლესიის ავთენტური სულიერი ტრადიციის აღდგენის გზა.
განახლების ამ პროცესში აუცილებელია, რომ ეკლესიამ შეძლოს საბჭოთა სტილის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება და სტაგნაციის პერიოდის მანკიერებების გადალახვა. მხოლოდ ამ გზით გახდება შესაძლებელი ახალი შინაარსობრივი ამოცანების დასახვა და გადაწყვეტა – ისეთი ამოცანების, რომლებიც უპასუხებენ თანამედროვე საზოგადოების სულიერ, სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანის სწრაფვა ღმრთისაკენ საბოლოოდ სრულდება მადლისმიერი განღმრთობით. ეს პროცესი გულისხმობს ადამიანის სულიერ სრულყოფას, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია განთავისუფლება. განთავისუფლება არა მხოლოდ ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ვნებებისაგან, არამედ იმ სოციალურ-პოლიტიკური გარემოსაგანაც, რომელიც ამ ვნებებს კვებავს და აძლიერებს.
ადამიანის ცოდვილი მდგომარეობა მხოლოდ ინდივიდუალური მორალური სისუსტის შედეგი არ არის. ხშირად ის დაკავშირებულია უსამართლო სოციალურ სტრუქტურებთან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან და საზოგადოებრივი უთანასწორობის სისტემებთან. ამიტომ ქრისტიანული ეთიკა მოითხოვს არა მხოლოდ პიროვნულ სინანულს, არამედ სამართლიანობისთვის აქტიურ ბრძოლასაც.
აქედან გამომდინარეობს, რომ განსაკუთრებით „პოლიტიზირბული“ ქრისტიანთათვის განმათავისუფლებელი ბრძოლა ორმხრივ უნდა წარიმართებოდეს. ერთი მხრივ, ეს არის შინაგანი ბრძოლა – საკუთარი ცოდვების გაცნობიერება, სინანული და მათი დაძლევა-“რაითა არღარსა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა“ (რომ. 6,6). მეორე მხრივ, გარეგანი ბრძოლა – ბრძოლა ისეთი საზოგადოებისათვის, სადაც ადამიანი თავისუფალია ჩაგვრისა და რეპრესიისაგან, სადაც სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები დაფუძნებულია ზომიერებაზე, სამართლიანობასა და სოლიდარობაზე.
სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბრძოლა ოლიგარქიულ-რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. ასეთი რეჟიმები არა მხოლოდ ზღუდავენ პოლიტიკურ თავისუფლებებს, არამედ ქმნიან სოციალურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს უსამართლობას, სიხარბეს, სიღარიბეს და ადამიანური ღირსების შელახვას. ქრისტიანული სოციალური სწავლება კი გვახსენებს, რომ ადამიანის ღირსება არის ღვთის ხატების გამოხატულება და მისი დაცვა წარმოადგენს მორალურ ვალდებულებას.
ამ ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორიენტირად უნდა გვესახებოდეს წმინდა წერილის სწავლება იმის შესახებ რომ მართალია, ხელისუფლება არის ღმერთისაგან (რომ. 1, 16), მაგრამ როცა ის აშკარად არღვევს „შეთანხმების“ ფარგლებს და უღვთოდ იქცევა, ჩვენ კატეგორიულ არჩევანს ვაკეთებთ -„მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ ( საქ. 5, 29).
სამართლიანობისათვის ბრძოლა არ შეიძლება იყოს შემთხვევითი ან დროებითი. ის საჭიროებს მუდმივ და განუხრელ ძალისხმევას. ეს ბრძოლა უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, რათა საზოგადოებამ შეძლოს გათავისუფლება იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებისაგან, რომლებიც ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას ზღუდავენ.
ეს ბრძოლა უნდა წარიმართოს ქრისტიანული ეთიკის საფუძველზე – სიმართლის და სოლიდარობის პრინციპებით და რაც აუცილებელია-სიყვარულით. მხოლოდ ასეთი გზით შეიძლება შეიქმნას საზოგადოება, რომელიც ერთდროულად იქნება თავისუფალი, სამართლიანი და სულიერად ჯანმრთელი. სხვათაშორის, უახლესი გამოკვლევით, საქართველო ე.წ. ბედნიერების ინდქსით არასახარბიელო 91-ე დგილზეა 147 ქვეყანას შორის (იხ. https://data.worldhappiness.report/table).
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკონომიკურ ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არამედ სულიერ განახლებაზეც. ეკლესიის განახლება და საზოგადოების დემოკრატიული გარდაქმნა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია. ორივე მათგანი მოითხოვს პასუხისმგებლობას, სიბრძნესა და სიმამაცეს.
სწორედ ამიტომ, ამ აღდგომის დღესასწაულზე, რომელიც არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლო, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ არ დაკარგოს იმედი და არ შეეგუოს უსამართლობას.
აღდგომის დღესასწაული გვახსენებს, რომ საბოლოოდ სიმართლე და სიცოცხლე იმარჯვებს.
ამ რწმენით და პასუხისმგებლობით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსებისათვის, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების გადარჩენისათვის, ისე ჩვენი სულიერი მომავლისათვის!
ქრისტე აღსდგა!
აღდგომა 2026

10/04/2026
06/04/2026

ხარებას გილოცავთ!

05/04/2026

მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში

03/04/2026

ლაზარეს აღდგინება

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi