საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლო

Share

საქართველოს უზენაესი სასამართლო
Supreme Court of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო
სასამართლოა.

უზენაეს სასამართლოში შექმნილია:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) დიდი პალატა;
ე) პლენუმი;
ვ) სადისციპლინო პალატა.

17/03/2026

უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულიად საქართველო და თითოელი მისი შვილი განიცდის. დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ილია მეორემ.

ფასდაუდებელია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე. ის იყო ეპოქალური ადამიანი, საქართველოს დიდი სულიერი წინამძღოლი, მისი მეოხი და მისთვის დამაშვრალი ლოცვითა და უდიდესი საქვეყნო მნიშვნელობის საქმეებით, თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული მანათობელი და დიდი სულიერი ძალა.

ჩვენმა უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და მარად დარჩება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და შთამაგონებელი.

რთული იქნება მის გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება, თუმცა, გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი, დაუცხრომელი მლოცველი და მეოხი უფლის წინაშე, რომელიც კვლავაც ილოცებს ჩვენი ერისთვის ღვთაებრივი სასუფევლიდან.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს დიდ სულიერ მამას, საქართველოს უდიდეს მეოხს უფლის წინაშე და ამიერიდან მის ზეციურ მფარველს.

07/03/2026
29/01/2026

მიმდინარე წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და დაადასტურეს მზადყოფნა მისი გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იურიდიული პროფესიის განვითარებისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების პროცესში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში ეფექტიანი მართლმსაჯულების ფუნქციონირებას.

ნინო ქადაგიძემ და გიორგი მიქაუტაძემ სტუმარს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

15/12/2025

„ფიცი“ და „მოფიცრობა“ ძალიან ძველი, ადათობრივი სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტია. როგორც დამამტკიცებელ საბუთთა სახეს, ფიცს ქართული სამართალი უძველესი დროიდან იყენებს. ბაგრატ კურაპალატისა თუ ბექა-აღბუღას სამართლის ძეგლებში, ვახტანგის კანონთა კრებულსა თუ სამართლის სხვა, „კანონიკურ“ წიგნებში საპროცესო ნორმები სწორედ „ფიცისა და მოფიცრების“ ინსტიტუტზე დაყრდნობითაა გამოკვეთილი.

ფეოდალურ საქართველოში ხშირად იფიცებდნენ, როგორც სამოქალაქო დავებისას, ასევე — სისხლის სამართლის საქმეებისას, მათ შორის, მკვლელობის დროსაც, თუკი სხვა მტკიცებულება არ არსებობდა. ფიცი ძირითადად ეკისრებოდა მოპასუხეს, ბრალდებულს; ქონებრივი დავისას – იმ მხარეს, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა სადავო ქონებას.

ფიცის დანიშვნის საკითხს სასამართლო წყვეტდა და გადაწყვეტილებას „ფიცის განაჩენი" ერქვა. მოფიცრის როლში, ჩვეულებრივ, ნათესავები ან სახლის კაცები გამოდიოდნენ. მოფიცრობა დაზარალებულისა თუ მოპასუხისათვის მის ნათესავს ან ახლო მეზობელს უნდა გაეწია და ეს საგვარეულო მოვალეობა იყო. თავდაპირველად ისინი არ სახელდებოდნენ, მაგრამ სასამართლო წარმოების განვითარებისა და დანაშაულთა სიმრავლის გამო, საჭირო გახდა მოფიცართა „დასახელებაც“. „ზოგსა საქმესა შიგან რომელნიმე დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ უ ლ ნ ი მოფიცარნი უნდან, რომე ბჭეთა შეუსახნენ და ზოგსა — დ ა უ ს ა ხ ე ლ ე ბ ე ლ ნ ი. და ბჭეთაგან კარგა გამონახვა უნდა“, — ვკითხულობთ ბექას კანონების მეოთხე მუხლში. იქვეა მითითებული, რომ დაუსახელებელი მოფიცარი გვარისეული მოფიცარია, ხოლო დაუსახელებელი — გარეშე, უცხო პირი. მოფიცართა დასახელება და რაოდენობა საქმის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული: „თუ მძიმე ალაფი იყოს, მძიმეცა ფიცი უნდა. ფიცსა შიგა დასახელებული ან დაუსახელებელნი მოფიცართა წესია“ — ე.ი, თუ მძიმე დანაშაულია ჩადენილი, მოფიცართა რიცხვი დიდი უნდა იყოსო.

ფიცს მნიშვნელოვანი ძალა ენიჭებოდა საქართველოს ყველა მხარეში: მაგალითად, ფშავის ჩვეულებითი სამართლით, ფიცი უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად მიიჩნეოდა, აქვე არსებობდა „თანამოფიცართა" ინსტიტუტიც.

სვანურად ფიცს „ნაბან"-ი ჰქვია. ტერმინიც ძველქართულია. მომდინარეობს „ნაბან"-იდან, რაც ნაკურთხ წყალში ხატის ნაბანი წყლით ფიცის დადებას გულისხმობდა. ძველი ქართული სამართალი ცრუ ფიცს უმძიმეს დანაშაულად მიიჩნევდა: „ცრუდ მფიცავი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმნელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნას ზიარებისა", - ვკითხულობთ ძველ ქართულ სამართლის წიგნში. „ცრუ მოფიცარი“ და „ცრუ მოწმე“ ერთნაირ სასჯელს იმსახურებდნენ.

იფიცებდნენ ხატშიც. აუცილებელი იყო სანთელი, საკლავი და სასმელი. თუ ეჭვი ჰქონდათ ვინმეზე, რომ ბოროტება ჩაიდინა, იგი ხატში მიდიოდა, მიიყვანდა საკლავს, მიიტანდა სანთელსა და სასმელს. ჯერ ხევისბერი იტყოდა: „ის, რასაც შენ გაბრალებენ, თუ მართალია, წყეული და შეჩვენებული იყავიო". ის კაცი „ამინ-ამინს" იძახდა. მერე თვითონ იტყოდა: „თუ ამის ჩამდენი ვიყო, მოიშალოს ჩემი გვარი და სახსენებელი". ამ დროს ხევისბერი ჩააქრობდა სანთელს და დააქცევდა თასებს, ხოლო საკლავს თავს სჭრიდნენ. თუშეთში დამნაშავის გამოსატეხად მის ნათესავებს ხატში აფიცებდნენ, ქურდს შვიდმაგად აზღვევინებდნენ ნაქურდალს; ლეჩხუმშიც გამოიყენებოდა ხატზე დაფიცება, დამნაშავეს ხატზე გადაცემით გამოტეხდნენ; რაჭის ჩვეულებითი სამართლით, მედიატორები საქმის განხილვის დაწყების წინ დებდნენ ფიცს ნიშნად იმისა, რომ საქმეს სამართლიანად გადაწყვეტდნენ; გურიის ჩვეულებითი სამართლით, ფიცი სასამართლო მტკიცებულებად ითვლებოდა, სცოდნიათ ხატზე გადაცემაც („გადაჯვარვა").

იმერეთშიც უმნიშვნელოვანეს სასამართლო მტკიცებულებად ფიცი ითვლებოდა. ფიცს დებდნენ ეკლესიებში მღვდლებისა და მოწმეების თანდასწრებით. მიწაზე დავის დროს კი ადგილზე იფიცებდა ის, ვინც მიწას იჩემებდა. არსებულა ე. წ. „ცოდვის მოკიდების", „ცოდვის აღების" წესი: დამფიცებელი სადავო მიწაზე დადგებოდა, მოდავეს ზურგზე მოიკიდებდა და იტყოდა: „შენი ცოდვა მქონდეს, თუ სამანი აქ არ ყოფილიყოს", ან დამფიცებელი მოდავეს ზურგზე მოიკიდებდა და ეკლესიას სამჯერ შემოუვლიდა, თან იფიცებდა (მსგავსი წესი სვანეთშიც დასტურდება). დამნაშავეს გამოტეხდნენ „ხატზე გადაცემით".

წყაროები: ისიდორე დოლიძე, ძველი ქართული სამართალი, თბილისი, 1953, ილია აბულაძის რედაქციით. გვ.-გვ.: 94-97; საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბილისი, 1953, ილია აბულაძის რედაქციით. გვ.-გვ.: 14-94

Photos from საქართველოს უზენაესი სასამართლო's post 17/11/2025

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე შეხვდნენ სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, სრბუჰი გალიანს. შეხვედრას ესწრებოდნენ: სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - ოქსანნა აბრაჰამიანი და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი - ნერსეს ზეინალიანი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის მართლმსაჯულების სისტემები და განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

დამატებით მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობასა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

08/11/2025

,,წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება! ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.” ამ სტრიქონების ავტორმა, ქართველთა გენის უნივერსალური ნიჭის გამოვლინებამ, დიდმა ილია ჭავჭავაძემ, თვით უჩვენა ცხადი და საოცარი თავდადების მაგალითი თავის საყვარელ ქვეყანას. სამშობლოსადმი შეწირული გულითა და სიყვარულით სამუდამოდ დაიდგა ერის მამის, მისი გონისა და სულის მალამოს შარავანდედი!

,,მამული, ენა, სარწმუნოება " - ილიასეული ტრიადა, მისი დანატოვარი, გზამკვლევივით თაობიდან თაობას გადაეცემა რწმენით, სიყვარულით, დიდი იმედით და უნათებს ჩვენს ერს გზასა და მომავალს.

8 ნოემბერს დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ბედნიერია ერი, რომლის წინამძღოლი თავისი უნივერსალური პიროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით ასე ახლოს დგას აწმყოსთან და გრძნობს თანამედროვე გამოწვევებს. თითოეულ ქართველს, საქართველოს შვილსა და მოამაგეს, ყველა მოქალაქეს ვულოცავთ გამოჩენილი მოღვაწის იუბილეს. არასოდეს დაგვვიწყებოდეს ილიასეული ქვეყნის ხსნისა და გადარჩენის გზა, მისი ისტორიული და ეროვნული მისია მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.

26/08/2025

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნანა აფციაურის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ქალბატონი ნანას ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.

ქალბატონი ნანას, როგორც სამაგალითო კოლეგის, პროფესიონალი და ღირსეული მოსამართლის, გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც კოლეგებისთვის, ასევე, მთლიანი სასამართლო სისტემისთვის.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


ძმები ზუბალაშვილები
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00