30/05/2026
https://primetime.ge/news/sazogadoeb/interviu-akademikos-valeri-asatiantan
ინტერვიუ აკადემიკოს ვალერი ასათიანთან ინტერვიუ აკადემიკოს ვალერი ასათიანთან
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული ა?
"მეცნიერებათა აკადემია, ჩვენი მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, არის უდიდესი საუნჯე, ინტელექტუალური საუნჯე საქართველოსი..."
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.
30/05/2026
https://primetime.ge/news/sazogadoeb/interviu-akademikos-valeri-asatiantan
ინტერვიუ აკადემიკოს ვალერი ასათიანთან ინტერვიუ აკადემიკოს ვალერი ასათიანთან
24/05/2026
V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი
2026 წლის 22-23 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე საიუბილეო თარიღისადმი.
კონგრესი, 22 მაისს, შესავალი სიტყვით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წელს აკადემიას 85 წელი შეუსრულდა და კონგრესიც სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა. ამის შემდეგ, სიტყვა დაეთმო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტს, მეუფე დანიელს (დათუაშვილს). მეუფემ დამსწრე საზოგადოება და კონგრესში მონაწილე ქართველოლოგები, ახლადარჩეულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით დალოცა.
ამის შემდგომ გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით და მოხსენებით - „რუსთველის რელიგიური მსოფლმხედვცელობა და „ვეფხისტყაოსნის“ ტოლერანტიზმი“ წარსდგა აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. სიტყვა მოხსენებისთვის ასევე დაეთმო ცნობილ ქართველოლოგს დიდი ბრიტანეთიდან, ქალბატონ თამარ დრაგაძეს. მან მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით. იაპონიიდან „ონლაინ“ ჩაერთო ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა თავისი მოხსენებით - „არჩილ II ბაგრატიონის პოემის - „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ - ისტორიული მნიშვნელობის კვლევა“.
კონგრესის პირველ სამუშაო დღეს ჩატარდა პირველი სამეცნიერო სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონგრესის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა ბრძანა: „ის, რომ კონგრესი მეხუთედ ტარდება, მის ტრადიციულობას განსაზღვრავს - იგი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა აკადემიის იუბილე სათანადოდ ავღნიშნოთ ამ კონგრესის ფარგლებში. მოვისმინეთ სხვადასხვა მოხსენებები საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, ენის და თანამედროვეობის შესახებ. სულ მოსმენილი იქნა 22 მოხსენება, ჩამოსული არიან საუკეთესო ქართველოლოგები, ასე რომ, ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს“.
უფრო ცხადი რომ იყოს, თუ რას ეძღვნება ხსენებული კონგრესი ჩამოვთვლით რამდენიმე მოხსენების თემას. ეს გახლავთ აკადემიკოს ლია მელიქიშვილის მოხსენება - „ძალადობა როგორც სოციალური მოდელი“; თურქი ჰარუნ ჩიმქეს - „ოჯახი ქართული და თურქული ანდაზების მიხედვით“; პროფესორ პაატა სურგულაძის - „1921 წლის 18 მარტის ქუთაისის ხელშეკრულება და საქართველოს მეორე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“; პროფესორ გივი ღამბაშიძის - „ქართული კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში“; ისრაელიდან პროფესორ კონსტანტინე ლერნერის - „ბაკურ - „პირმშო“; თათია დოლიძის - „უძველეს რელიგიურ წარმოდგენათა მხატვრული გამოსახვა“ და ა. შ.
კონგრესის მონაწილეებმა დაათვალიერეს ასევე მეცნიერებათა აკადემიის ახლადგახსნილი მუზეუმი, სადაც მათ მეგზურობას აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი და აკადემიის თანამშრომელი ეკატერინე სოხაძე უწევდათ.
2026 წლის 22-23 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი ტარდება;
სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
12/05/2026
10 მილიონი წლის წინანდელი ზღარბია დავანებული აკადემიის მუზეუმში, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ზღარბი ხელიდან ხელში გადადიოდა და აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი მოსწავლეებს ზღარბის მუზეუმში მოხვედრის დეტალებს აცნობდა. სტუმრები მოიხიბლნენ მუზეუმით, სადაც გაეცვნენ აკადემიის ისტორიასა და დღევანდელობას.
კომენტარში იხილეთ ნინო კაკულიას მიერ მომზადებული სიუჟეტი.
12/05/2026
მილოცვა პატრიარქისადმი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს მეუფე შიოს!
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,
ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს ეკლესიას მუდამ განსაკუთრებული მისია ეკისრა - სარწმუნოების, ეროვნული თვითმყოფადობის, სულიერი სიმტკიცისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ინტორიული მოვლენა, რომელსაც განსაკუთრებული იმედითა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეგებება მთელი საზოგადოება.
გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მოღვაწეობა, ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდ სულიერ ტრადიციას, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გააერთიანა ქართველი ხალხი, ურთიერთთანადგომა და ერთგულება სამშობლოსადმი. მეცნიერებისა და სულიერების ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.
ცოდნისა და რწმენის თანაარსებობა იყო ის საფუძველი, რომელზეც იქმნებოდა ქართული კულტურა, მწერლობა, განათლება და ეროვნული ცნობიერება. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ღირსეული მსახურება ხელს შეუწყობს ამ მარადიული ფასეულობების კიდევ უფრო განმტკიცებას, საზოგადოებაში მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სულიერი ჰარმონიის დამკვიდრებას.
დღეს, როდესაც მსოფლიო, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი ხმა, რომელიც ადამიანებს სიკეთის, სიყვარულისა და თანადგომისკენ მოუწოდებს. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სიბრძნე, ადამიანური სითბო და სულიერი ძალა ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიასა და ქართველ ერს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.
ჩვენო პატრიარქო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, ხანგრძლივ სიცოცხლესა და ღვთის შეწევნას ამ უზარმაზარ საპასუხისმგებლო მსახურებაში.
მოკრძალებით, ღრმა პატივისცემით
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
05/05/2026
მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს მეცნიერებთა ეროვნული აკადემიის მუზეუმში
მიმდინარე წლის 30 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი შემეცნებითი და შთამაგონებელი აღმოჩნდა, რადგან სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული მეცნიერების მრავალწლიან ისტორიასა და მის გამორჩეულ წარმომადგენლებს.
სტუმრებს მუზეუმის შექმნის ისტორიისა და მისი კონცეფციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მუზეუმის დაარსებასა და განვითარებაში. მან მოსწავლეებს გააცნო მუზეუმის მისია, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვას, გაცოცხლებასა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
მოსწავლეებს მასპინძლობა აგრეთვე გაუწია აკადემიკოსმა გია ჯაფარიძემ, რომელმაც საინტერესოდ და ცოცხლად გააცნო აკადემიის პრეზიდენტების ღვაწლი, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მათემატიკის დარგში მოღვაწე მეცნიერებზე და მათ მიღწევებზე.
ბავშვებმა ასევე მოინახულეს აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის კაბინეტი, სადაც მათ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა და პროფესორმა რუსუდან ლაბაძემ ჩაუტარეს შემეცნებითი ტური.
მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც თავმოყრილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორია მისი დაარსებიდან დღემდე. ექსპოზიციაში წარმოდგენილია აკადემიის პრეზიდენტები, სამეცნიერო განყოფილებები და კვლევითი ინსტიტუტები, მრავალფეროვანი ფოტოარქივი და სამახსოვრო ექსპონატები. აქვე განთავსებულია ქართული ენციკლოპედიისა და რუსთაველის კომიტეტის მასალები, რაც მუზეუმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ეროვნული სამეცნიერო მეხსიერების ცენტრს.
მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაში და მათთვის ეროვნული ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმი კვლავაც განაგრძობს საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მეცნიერება გახდეს უფრო ახლობელი და ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ფენისთვის.
04/05/2026
რას უნდა დაეფუძნოს მეცნიერების განვითარების კონცეფცია, რომელიც ოქტომბრისთვის ჩამოყალიბდებ რას უნდა დაეფუძნოს მეცნიერების განვითარების კონცეფცია, რომელიც ოქტომბრისთვის ჩამოყალიბდება - ინტერვიუ აკადემ.....
30/04/2026
U-Th მინერალიზაცია და ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები ხრამის კრისტალურ მასივში (სამხრეთ საქართველო)
მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სხდომა, რომელზეც გამოტანილი იყო თსუ ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის გიორგი ბერიძის მოხსენება: „U-Th მინერალიზაცია და ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები ხრამის კრისტალურ მასივში (სამხრეთ საქართველო)“. მოხსენებაში განხილული იყო ხრამის კრისტალური მასივის ამგები ქანების გავრცელებული რადიაქტიული ელემენტების შემცველი მინერალების, ასევე უშუალოდ ქანებში გავრცელებული რადიაქტიული ელემენტების მიერ გამოსხივებული ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები და მათი გავრცელების კანონზომიერებები.
მოგეხსენებათ მასივი აგებულია სხვადასხვა ასაკისა და გენეზისის ქანებით (კამბრიულისწინა გნეისები და მიგმატიტუები, შუა პალეოზოური, ალოქთონური მეტაქვიშაქვებითა და მანტიური სერპენტინიტებით, პალეოზოური გაბროიდებით, შუა-ზედა პალეოზოური გრანიტოიდები და ვულკანოგენურ-დანალექი კომპლექსების ქანებით, ზედა პალეოზოური კვარცპორფირ-გრანიტპორფირები), რომლებშიც დადგენილია სხვადასხვა რადიოაქტიური მინერალი - ცირკონი, ცირტოლითი, ალანიტი, ქსენოტიმი, თორიტი, ბასტნეზიტი, მოლიბდენიტი და შეელიტი.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს სსრ-ს გეოლოგიური სამმართველოს სპეციალიზირებული პარტიის მიერ ხრამის მასივის სამხრეთ პერიფერიაზე ურანის ჰიდროთერმალური გამადნებებისა და რადიოაქტიურ ანომალიებთან დაკავშირებით (დაახლოებით 150 კვ. კმ) სპეციალიზებული სამუშაოები ჩატარდა, რომლის საფუძველზე გამოიყო აღმოსავლეთისა და სამხრეთის ყველაზე პერსპექტიული უბნები.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამუშაოები მოიცავდა მასივის მხოლოდ 1/3-ს, რაც არ იძლეოდა სრულ წარმოდგენას რადიაციული ანომალიების გავრცელების შესახებ. აგრეთვე მიღებული შედეგები არასაკმარისი იყო მასივის პერსპექტიულობის შეფასებისთვის.
სწორედ, ამ ხარვეზის აღმოფხვრა წარმოადგენდა მიზანს. საველე მარშუტები ჩატარდა მდ. ხრამისა და მისი ყველა შენაკადის (მდ.მდ. კლდეისისწყალი, ჭოჭიანი, ტყემლიანის ხევი, ტარსენი), აგრეთვე მდ. ასლანურას ხეობის გასწრივ; ასევე სოფ. ჩრდილისუბნის, კოხტას, დიდი ხარებას, დიდი და პატარა კლდეისის, მამულოს, ბედიანისა და ივანოვკის გასწვრივ, წალკისა და გომარეთის პლატოებზე. გარდა ამისა კარწახი-მარაბდის სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ხელოვნურად გაჭრილ ტრანშეებში და ინერტული მასალის კარიერებში.
კვლევის პროცესში, აღნიშნულ მინერალებში და ქანებში კონცენტრირებული U-Th და მათი იზოტოპების მიერ გამოსხივებული ბუნებრივი რადიაციების საველე გაზომვები ჩატარდა ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც აღჭურვილია GAGG(Ce) სცინთილაციური დეტექტორით და აერთიანებს რადიომეტრს, დოზიმეტრსა და სპექტრომეტრს, რომლის საშუალებით საველე პირობებში მოხდა საერთო გამა-ფონის გაზომვა; ამის მეშვეობით გამოვლინდა ანომალური რადიოაქტიური უბნები, ხოლო გამა-სპექტრომეტრებით განისაზრვრა გამოსხივების ენერგეტიკული სპექტრი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია U-სა და Th-ს წილების დიფერენცირება (მათთვის დამახასიათებელი პიკებით) და გამდიდრებული უბნების ლოკალიზაცია. პარალელურად, ხდებოდა რადიოაქტიული გამოსხივების ინფორმაციის მატარებელი ტრეკების ავტომატურ რეჟიმში ჩაწერა. მიღებული მონაცემებით შეიქმნა გეომონაცემთა ბაზა და დამუშავდა ArcGIS გეოინფორმაციულ სისტემაში. შემდგომ ეტაპზე განხორციელდა მონაცემთა ინტერპოლაცია, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა Spatial Analysis-ის მოდული (Spline With Barrier და Kriging მეთოდები), რაც იძლევა რადიაციული მნიშვნელობების სივრცითი განაწილების მოდელირების საშუალებას.
მომხსენებლის თქმით, მოხდა შექმნილი მოდელის გეოლოგიურ რუკაზე ზედდება შემდგომი ინტერპრეტაციებისათვის. აღნიშნული მონაცემები საფუძვლად დაედო რადიაციული რუკის შედგენას.
პარალელურად ხდებოდა ამაღლებული უბნებიდან ნიმუშების აღება შემდგომი გეოქიმიური და მიკროზონდული კვლევებისთვის, რაც საშუალებას იძლევა შემდგომ დადგინდეს მარაგები.
სხდომა შეაჯამა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნანა ბოლაშვილმა.
24/04/2026
აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში
2026 წლის 16 აპრილს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრისა და უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის ერთობლივი ღია სხდომა, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის მიერ, აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის - გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები - განხილვას.
ერთობლივი სხდომა გახსნა და უძღვებოდა წიგნის რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
სხდომის მონაწილეებს მიესალმა წიგნის რედაქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
წიგნი წარადგინა ავტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა ათეული წლების მანძილზე მის მიერ შექმნილ გამოუქვეყნებელ და დაუნერგავ ბიოორგანულ ტექნოლოგიებზე, მათ საერთაშორისო მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაში გამოყენებისა და დანერგვის პოტენციალზე.
წიგნში აღნიშნულია, რომ აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ხელმძღვანელობით: მიღებულია სამრეწველო მნიშვნელობის მქონე აქტიური შტამები, სტაბილური გენეტიკური მახასიათებლებით, მათ შორის, მუტანტები, ფუზანტები და ტრანსფორმანტები; გამოვლენილია ფერმენტების მაღალი აქტივობის მწარმოებელი შტამები; შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების მიკრობული კონსორციუმები, რომლებიც აქტიურად ახდენენ ქსენობიოტიკების ტრანსფორმაციას ან მინერალიზაციას უჯრედული დონის მეტაბოლიტებამდე; მიმდინარეობს ახალი პრობიოტიკური რძემჟავა ბაქტერიების სელექცია და შესწავლა; მიღებულია პრობიოტიკებით გამდიდრებული ხილის წვენები; ხდება ცხოველის საკვების პრობიოტიკური ნაერთებით გამდიდრება.
წიგნი წარმოადგენს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის, არა მხოლოდ ანგარიშს ჩატარებული სამეცნიერო სამუშაობის შესახებ, არამედ მკაფიო ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებისა და მეცნიერული პოტენციალის გამოყენებით, შექმნას მაღალი დამატებითი ღირებულების, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, რომელიც:
• აძლიერებს ქვეყნის მდგრად განვითარებას - ნარჩენების გადამუშავებით, ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებით;
• ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას – ბიორემედიაციის, ნარჩენების ტრანსფორმაციისა და ქიმიკატების ნაცვლად ბიოლოგიური აგენტების გამოყენების გზით;
• ინარჩუნებს ეკოლოგიურ ბალანსს – ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და მის მდგრად გამოყენებას;
• ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს – ჯანსაღი საკვების, ბიოსასუქების, ფერმენტების და სხვა ბიოპროდუქტების წარმოების გზით, როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის.
ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ზვიად გაბისონია; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; წიგნის რედაქტორი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე; აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი კობა ამირხანაშვილი; აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე; აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი.
გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის, როგორც მეცნიერის და მეცნიერების ორგანიზატორის მოღვაწეობას, რომელიც ათეული წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ამასთანავე ავტორია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო შრომების, ხოლო მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები დადასტურებულია ათეულობით საერთაშორისო და ეროვნული პატენტით. აღნიშნული ტექნოლოგიები წარმატებით არის დანერგილი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ჩინეთში. რაც მიუთითებს ამ ტექნოლოგიების მაღალ კონკურენტუნარიანობაზე, ადაპტირებადობასა და პრაქტიკურ ღირებულებაზე სხვადასხვა ეკონომიკურ და კლიმატურ პირობებში.
სხდომის საჯარო ფორმატის გამო, ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები - საუნივერსიტეტო საზოგადოების, სამინისტროებისა და უწყებათა წარმომადგენლები.
მონაწილეთა ინიციატივით, სხდომამ რეკომენდაცია შეიმუშავა რომელიც ითვალისწინებს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის მოხსენების - ბიოორგანული ტექნოლოგიები საქართველოს განვითარებისთვის - მოსმენას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების სხდომებზე.