15/05/2026
14 მაისს მეფე თამარის ხსენების დღე, ხოლო 15 მაისს შოთა რუსთაველის დღე აღინიშნება. ამ თარიღებთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი გთავაზობთ საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამას – „თამარი და „ვეფხისტყაოსანი“ – ხელნაწერთა კვალდაკვალ“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლების წარმოჩენას.
პროგრამის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ხელნაწერები, მათ შორის: მეფე თამარის ავტოგრაფი, „ქართლის ცხოვრების“ მაჩაბლისეული ხელნაწერი, ვახტანგ VI-ის მინაწერი თამარის ცხოვრების შესახებ, უორდროპების კოლექციის ფრაგმენტი „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურით, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი ილუსტრაციები, ვახტანგ VI-ის სტამბაში 1712 წელს დაბეჭდილი პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა უნიკალური მასალა.
საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის და მოიცავს მრავალფეროვან შემეცნებით, ინტერაქციულ აქტივობას. ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეული ხელნაწერის მიხედვით მომზადებული ფაზლის აწყობაში, ჩაერთონ ჯგუფურ შეჯიბრში, დაესწრონ თამარის ეპოქის ხელნაწერებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეოს ჩვენებას, გაეცნონ „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეული ხელნაწერის ისტორიის ამსახველ გრაფიკულ ვიდეომასალას, ასევე გადაიღონ სამახსოვრო ფოტო მიხაი ზიჩის ილუსტრაციის მიხედვით შექმნილ დეკორაციასთან პროექტის ფარგლებში – „გახდი თამარის თანამედროვე“.
გამოფენა 14 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართული სკოლის IX კლასის მოსწავლეები, რომელთა მონაწილეობამ განსაკუთრებულად გამოკვეთა პროგრამის საგანმანათლებლო დანიშნულება და ახალგაზრდა თაობის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავების მნიშვნელობა.
გამოფენა დამთვალიერებლებისთვის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
13/05/2026
თელავში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მეფე ერეკლე II-ის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“.
კონფერენციაზე საზოგადოებას წარუდგინეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ერთობლივი კვლევა „ერეკლე II-ის დაბადების თარიღი“.
კვლევის მიხედვით, დადგენილია მეფის დაბადების ზუსტი თარიღი: 1720 წლის 7 ოქტომბერი.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აპოლონ თაბუაშვილი და ვლადიმერ კეკელია.
კონფერენციის დასასრულს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
27/04/2026
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე). ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ცენტრში მიმდინარე გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის არქივი და მემორიალური ნივთები.
მეუფე დავითი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც ნათლად ასახავს ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მრავალმხრივ ცხოვრებასა და ღვაწლს. გამოფენა მოიცავს როგორც პირად ჩანაწერებსა და წერილებს, ისე უნიკალურ დოკუმენტებსა და საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ვიზიტისას აღინიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განსაკუთრებული როლი ქართული სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში.
23/04/2026
23 აპრილს, დიდი ქართველი მეცნიერის – ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავს მიენიჭა მისი სახელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს მისი დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სივრცე, სადაც თავმოყრილია საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები: წერილები, ჩანაწერები, დოკუმენტები და სხვა უნიკალური მასალები ამიერიდან მისი სახელობის იქნება.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ივანე ჯავახიშვილის განუზომელ წვლილს ქართული მეცნიერების, ისტორიოგრაფიისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
16/04/2026
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და შედგა წიგნების პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გონელი არახამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია ჩანტლაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ზურაბ აბაშიძე ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია „ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“ და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც 2026 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა და საფუძველი ჩაუყარა 20-ტომიან ფუნდამენტურ კრებულს. აღნიშნული ტომი აერთიანებს ძველ ქართულ და ძველ სომხურ საისტორიო მწერლობასა და სარედაქციო წერილებსა და კომენტარებს, ხოლო მონოგრაფია მიმოიხილავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას, აგრეთვე მის არსებით წვლილს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა მისი მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის მასშტაბებს, მათ შორის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, სამართლის, ეკონომიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის პირად ჩანაწერებს, ნაშრომების შავ ვერსიებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებულ მასალებს. ასევე პირველად გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები.
გამოფენა გაიხსნა 16 აპრილს და გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით.
14/04/2026
იაკობ გოგებაშვილი - „ბურჯი ეროვნებისა“
25 ნოებერი, 1903 წ.
იაკობ გოგებაშვილის არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
03/04/2026
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი, სალიჰ ოზერი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა დაათვალიერა ცენტრში დაცული ოსმალური ხელნაწერები და რესტავრაციის ლაბორატორია, რომლის განვითარებასაც TİKA აქტიურად უჭერს მხარს — მათ შორის, ახალი ტექნიკის შეძენისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზების გზით.
სალიჰ ოზერი ასევე შეხვდა ცენტრის დირექტორს, ზაზა აბაშიძეს. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
02/04/2026
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა ანიანგის უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღნიშნული უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ჯონგ ჯინ ჰანი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კოლოკვიუმი, რომელზეც მოხსენებით წარდგა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი მაია მაჭავარიანი. მოხსენება შეეხებოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიას, მის მრავალფეროვან კოლექციებსა და კვლევით ინტერესებს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ასევე პროფესორი ჯონგ ჯინ ჰანი, რომელმაც ისაუბრა ორ ინსტიტუციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მის მნიშვნელობაზე.
კოლოკვიუმის დასრულების შემდეგ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ანიანგის უნივერსიტეტის თეოლოგიური ინსტიტუტის HK + პროექტის ჯგუფს შორის.
ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები და იშვიათი გამოცემები.
01/04/2026
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა რუსუდან გვარამიას სამეცნიერო სემინარი, რომლის ფარგლებშიც თიმურ მურად მორელმა, ჟენევის უნივერსიტეტის ხმელთაშუაზღვისპირეთის, სლავური და აღმოსავლური ენების დეპარტამენტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, წარადგინა მოხსენება ცენტრში დაცული რამდენიმე არაბული ხელნაწერის შესახებ.
მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო Abjad-ის ბაზა — საერთაშორისო პლატფორმა, სადაც თავმოყრილია არაბული ხელნაწერების აღწერილობები მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციიდან. მისი ინიციატივითა და ჩართულობით, აღნიშნულ ბაზაში უკვე აისახა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული რამდენიმე არაბული ხელნაწერის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ კოლექციის საერთაშორისო ხილვადობასა და კვლევით ხელმისაწვდომობას.
სემინარმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის როლი როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში და არაბული ხელნაწერების კვლევის განვითარებაში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. აქ დაცულია მრავალფეროვანი და ქრონოლოგიურად ფართო დიაპაზონის კოლექციები: ქართული, აღმოსავლური, ბერძნული, სლავური და სხვა კულტურული არეალების ხელნაწერები. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებთან და უზრუნველყოფს კოლექციების ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო რესურსებში.