06/02/2026
სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.
ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. კომისიამ, თითოეული ოჯახის განსახლების საკითხი მინისტრის ბრძანების შესაბამისად განიხილა.
აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
↪︎ დევნილი ოჯახების სია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/W3oWw
23/01/2026
„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
საგრანტო განაცხადები, 12 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:
▪︎ თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N20 ა
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც - [email protected]
↪︎ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/0RpnB
25/12/2025
🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.
🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/Kv87h
09/12/2025
✅ დევნილთა სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინების განაწილების მიზნით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს იწყებს.
როგორც ცნობილია, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და სრულად 2026 წლის გაზაფხულზე ჩაბარდება.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბინის მიღების კანდიდატი 14 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადი შეფასდა და წინასწარი ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიის გამოქვეყნებიდან, 15 სამუშაო დღის ვადაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაცის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის გათვალისწინებით, წინასწარი ქულების ნაწილი გადაფასდა. განახლებული სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულები შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს პრიორიტეტულობა, რათა ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახების შესწავლა განხორციელდეს. განსახლების კრიტერიუმები განსაზღვრავს, დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე სოციალურ მდგომარეობას.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრა რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.
🔹 ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ის დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 4,5 და მეტი ქულა;
🔹 ოროთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 6 და მეტი ქულა;
🔹 სამოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 7,5 და მეტი ქულა;
🔹 ოთხოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 1 და მეტი ქულა.
შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე, მინისტრის 01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით, წარიმართება.
ხოლო, იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელთა ქულა ამ მომენტისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მონიტორინგისთვის განსახლების მომდევნო ეტაპზე განიხილება.
↪︎ თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ აქ: https://shorturl.at/FYokc
21/11/2025
🔹 დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის.
🔹 აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.
🔹 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. კომისიამ, თითოეული ოჯახის განსახლების საკითხი მინისტრის ბრძანების შესაბამისად განიხილა.
🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
🔹 პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.
↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის: https://shorturl.at/7amiT
31/10/2025
აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და პირველ ბენეფიციარებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ვეტერანების მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველაფერი კეთდება მათი კეთილდღეობისთვის.
"აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელთა ბენეფიციარები დღეს მოვინახულე. მიხარია, რომ ასეთი კარგი საპილოტე პროგრამა გამოვიდა და სამომავლოდ, აფხაზეთის მთავრობა ყველა იმ პროგრამას, რომელიც ახალი წლიდან განახორციელებს მორგებული იქნება ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებასა და კეთილდღეობაზე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები იმყოფებიან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპიის სესიები, ფიზიკური რეაბილიტაცია და შესაბამისი კონსულტაციები.
27/10/2025
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების შევსებულ განაცხადებზე მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.
სააგენტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, აქტიურად იმუშავა ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების მიერ წარმოდგენილი განაცხადების წინასწარი შეფასების მოსამზადებლად, რის შედეგადაც, ჯამში,14 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადი შეფასდა.
სიის გამოქვეყნების მიზანია, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიეცეთ შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინონ დოკუმენტაცია 15 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულები შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს პრიორიტეტულობა, რათა ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახების შესწავლა განხორციელდეს. განსახლების კრიტერიუმები განსაზღვრავს, დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე სოციალურ მდგომარეობას.
კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დაიგეგმება და განხორციელდება ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მინისტრის 01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს, რის შემდგომაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყება დეტალური მუშაობა საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის. გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების, რაც შესაძლოა პროცედურების შედეგად დაზუსტებას დაექვემდებაროს.
შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი, კანონმდებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.
თბილისში, დევნილებისთვის 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. გათვალისწინებულია ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები, რომლებიც დევნილი ოჯახების სულადობის მიხედვით განაწილდება.
➡︎ თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/PZQbR
07/10/2025
აფხაზეთიდან დევნილებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აქციის მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
🔘კარდიოლოგის კონსულტაცია;
🔘ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
🔘ექოკარდიოსკოპია;
🔘გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში;
აქციაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით⤵️
📞143
გ. ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრი • G. Chapidze Heart Center
17/09/2025
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ 720 დევნილ ოჯახს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და სრულად გარემონტებული ბინა გადასცა.
ბინების გადაცემის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო.
720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.
02/09/2025
• ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აცხადებს სამთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას;
• სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ;
• სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი განხორციელდება ორ ეტაპად – პირველი ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღება/გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას;
• შერჩეული კანდიდატი სტაჟირებას გაივლის 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
• სტაჟიორთათვის დადგენილი მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა იხილეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე Hr.gov.ge.
• აღნიშნული სტაჟირება ცხადდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში.
14/08/2025
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
"14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი და ტრაგიკული დღეა. მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის თავი გაწირა და სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა.