01/06/2026
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
The Ministry of Justice and Civil Integration of the Autonomous Republic of Abkhazia
01/06/2026
30/05/2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 300-მდე ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული სამეული და სპეციალური ნომინაციების მფლობელები. მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ორი ნამუშევარი შეირჩა და შევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართული ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოში, რომელიც ემიგრანტი მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
კონკურსში მონაწილეობა 10-17 წლის მოზარდებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთიდანაც.
ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.
29/05/2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრის“ საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა. მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის როლის გაძლიერებაზე და სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტის გახსნა და თეატრალური წარმოდგენა - „სოხუმში დაბრუნება“, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.
#აფხაზეთისმთავრობა
27/05/2026
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულამ“ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ უმასპინძლა.
პროფესიონალი მხატვრებისა და აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ხატვისა და ფერწერის მასტერკლასები და ვორკშოპები, სადაც უფროსი კოლეგების ჩართულობითა და მხარდაჭერით, სოხუმის ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათ შორის აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების შეხვედრა ცნობილ მწერალ და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარიასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის კულტურულ მეხსიერებას, თანამედროვე გამოწვევებსა და ხელოვნების როლს საზოგადოებრივ პროცესებში. ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხებზე ემსჯელათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
#აფხაზეთისმთავრობა
25/05/2026
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“ გაიმართა.
საჯარო დისკუსიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ასევე, მოეწყო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
24/05/2026
„აფხაზეთობის კვირეული“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარმოადგინა.
საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური კავშირების უწყვეტობაზე და საზოგადოებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ „აფხაზეთობა“, რომელიც თითოეული დევნილისა და აფხაზეთის სიყვარულით მცხოვრები ადამიანის გულში განსაკუთრებულ ტკივილსა და იმედს უკავშირდება.
ეს არის პირველი „აფხაზეთობა“, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე აღინიშნება. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა ეს დღე ნიშნად იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩვენი საერთო ტკივილი და საერთო მომავალი“, -აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სიმღერის სინთეზი, რომელზეც მოწვეული პროფესიონალი ქორეოგრაფები და ლოტბარები მუშაობდნენ. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.
გალა-კონცერტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 მაისი, აფხაზეთის დღე, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და ტრადიციულად, ყოველ წელს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.
#აფხაზეთისმთავრობა
23/05/2026
23 მაისს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.
#აფხაზეთისმთავრობა
#აფხაზეთისდღე
23/05/2026
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
17e Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
