03/06/2026
ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა მხარდაჭერის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო თბილისა და რეგიონებში აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე.
ახალგაზრდები, სტუდენტები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები იღებენ ინფორმაციას ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე, მხარდაჭერის მექანიზმებზე, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების მომსახურებებსა და ცხელი ხაზების მუშაობაზე.
სააგენტოს სისტემაში ფუნქციონირებს 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი, თბილისში ფუნქციონირებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრი. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის ღონისძიებები.
03/06/2026
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
თუ დღეს პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით ხდება, ახალი მოდელი დაეფუძნება პირის ფუნქციონირების კომპლექსურ შეფასებას, სადაც გათვალისწინებული იქნება არამხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მის საზოგადოებაში ჩართულობაზე.
01/06/2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფმა 60-მდე არასრულწლოვანმა. ბავშვთა დღის ფარგლებში, გასართობ შოუებთან ერთად, მოეწყო შემოქმედებითი მასტერკლასები და მრავალფეროვანი აქტივობები.
ღონისძიების მიზანი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის პოზიტიური, მხიარული და დასამახსოვრებელი დღის შექმნა, მათი ემოციური მხარდაჭერა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა იყო.
სააგენტოსა და პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს მხიარულ და შთამბეჭდავ წარმოდგენებში, მათ გადაეცათ ტკბილეულის ინდივიდუალური სასაჩუქრე ნაკრებები და წიგნები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ნახატების გამოფენა.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბელა გოგუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მომავალშიც განაგრძობენ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მხარდაჭერასა და მათზე ზრუნვას, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, მათი ინტერესებისა და უნარების განვითარებასა და სოციალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო კომპანიების მიერ ორგანიზებულ მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებშიც მონაწილეობდნენ, რამაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახადა.
25/05/2026
🇬🇪 26 მაისს მცხეთაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
🕚 12:00 – 19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
🕚 12:00 – 19:00 - თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები;
🕚 12:00 – 17:00 - საბავშვო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტოზონები;
🕚 12:00 – 17:00 - პირველადი გადაუდებელი დახმარების (CPR) დემონსტრაცია;
🕚 12:00 – 16:00 - ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
🕚 12:00 – 19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
🕚 14:00 – 16:00 - ოჩოფეხებისა და მასკოტების საზეიმო მსვლელობა დრამების შოუსთან ერთად;
🕚 17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
🕚 17:15 – 19:15 - დასკვნითი კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!🇬🇪
19/05/2026
📢სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიებს.
📌სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა მიღება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე.
📌კონკურსი გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (https://vacancy.hr.gov.ge/), სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
📎ვაკანსიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://atipfund.moh.gov.ge/geo/static/570/vakansiebi
18/05/2026
სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის ოთხდღიანი სასწავლო პროგრამა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი“ გაიმართა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოზარდთა ფსიქო-სოციალური განვითარების სპეციფიკას, ძალადობის ინდიკატორების ამოცნობას, ასევე NICHD პროტოკოლის შესაბამისად არასრულწლოვნებთან სწორი კომუნიკაციისა და ინტერვიუირების წარმართვის უნარების განვითარებას.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებისა და ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელებმა. მომხსენებლებმა პროგრამის მნიშვნელობასა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ოთხდღიანი სასწავლო პროგრამა UNICEF-ის მხარდაჭერით გაიმართა და პრაქტიკულ კომპონენტებზე იყო ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.