04/06/2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნას დაესწრო
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
04/06/2026
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი მიმდინარეობს
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმი ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.
მინისტრი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ წარმატება უსურვა. შალვა გოგოლაძემ მერი არაბიძის დაფაზე საპატიო პირველი სვლაც გააკეთა.
ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით იმართება და მასში 32 ქვეყნის 170-ამდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოს ღირსებას 30 მოჭადრაკე იცავს. ტურნირი FIDE-ს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და მონაწილეებს ქალთა „მსოფლიოს თასის“ საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ევროპის საჭადრაკო კავშირის გადაწყვეტილებით ტურნირიდან „მსოფლიო თასზე“ მინიმუმ 10 მოჭადრაკე მიიღებს კვალიფიკაციას.
04/06/2026
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ფოთის წყალსათხილამურო ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზას ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
24–26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიებისთვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაზაზე უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაყურებელთა სტანდარტული და VIP-ზონების რეაბილიტაცია, დამონტაჟებულია ახალი ტრამპლინი, ხოლო სანაპირო ზოლზე დასრულებულია ძველი ნაგებობების დემონტაჟი და ტალღების საწინააღმდეგო ქვის კონსტრუქციების მოწყობა.
ჩემპიონატში მონაწილეობას 120-ამდე სპორტსმენი ევროპისა და აფრიკის 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებს. ჩემპიონატი ჩატარდება სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.
ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს: 1991 წელს ფოთში ჩატარდა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში.
03/06/2026
სპორტის მინისტრი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე თავისუფალი სტილით ცურვაში ასპარეზობებს დაესწრო
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს. სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ასპარეზობებს დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ და ირაკლი დოლაბერიძემ ფესტივალის პრიზიორები დაჯილდოვეს.
100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გოგონებს შორის ფესტივალის ჩემპიონობა თბილისის ნაკრების წევრმა ანა ივანოვამ იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ასევე თბილისის ნაკრების მოცურავე ანა შიუკაევა გახდა, ბრინჯაოს მედალი კი აჭარის გუნდის წევრმა მარიამ ყურშუბაძემ მოიპოვა.
ვაჟებს შორის ოქროს მედალი თბილისის ნაკრების წევრმა ანდრია შევარდენიძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილზეც თბილისის გუნდის წევრები - ლაზარე შენგელია და ლაზარე სიხარულიძე - გავიდნენ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყანაში უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად ტარდება. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-17 წლის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
03/06/2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს პროექტის დაწყება მიულოცა და მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება უსურვა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის პროექტების როლს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ასეთი წამოწყებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია, რამდენადაც ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დეველოპერული კომპანიები „არქი“ და „ნექსთი” მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით ქობულეთში პრემიუმკლასის სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებენ. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი სამ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას. კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი აშშ დოლარია.
პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ინვესტორებთან ერთად, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
03/06/2026
საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილმა მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია. ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი დადო აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა, ტაეკვონდოისტმა ვიოლა ცეცხლაძემ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყანაში უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად ტარდება. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-17 წლის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღოდა მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები. ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო რაოდენობით საუკეთესო შედეგს აჩვენებს.