მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia

მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia

Share

საქართველოს მწერალთა სახლი
Writers' House of Georgia

03/06/2026

„განუზომელია გული კაცისა. ძნელია მიხვდეს გონება, სად ჰპოვებს გული ნაკადს ნეტარებისა ან სად მიუპყრობს მას განგება უცვლელი სიხარულის ფიალას. გონება ადვილად ვერ მიიკვლევს შეუცთომელ კვალს ბედნიერებისადმი, რადგან უჩრდილო ბედნიერება ჰაზრთა სამფლობელოს გარეშე დგას. გულის გზა და ჰაზრთა ბილიკები ხშირად ასცდებიან ერთმანეთს, ბევრჯერ სულ სხვადასხვა მხარეს მიემართებიან.“

03/06/2026

***
მარადისობის ლაჟვარდები

მდუმარება მთელ სამყაროს იცავს,
სადღაც კენტად ჩაიარა ვაჟმა.
მე ოცნებით მოვშორდები მიწას,
გული იგრძნობს მარადიულ ლაჟვარდს.
მე, ძვირფასო, უფრო გული მტკივა,
ისევ მინდა ჩავიარო დაბლა.
ქარი არ ქრის, ფიქრიანი ვზივარ,
ლოდი ადევს მივიწყებულ საფლავს.
თეთრი დღეა და ბაღია იქით,
არის გული და ოცნება წმინდა.
დავიღალე შორეული ფიქრით
და ძვირფასო, დასვენება მინდა.
მდუმარება მთელ სამყაროს იცავს,
სადღაც კენტად ჩაიარა ვაჟმა.
მე ოცნებით მოვშორდები მიწას,
გული იგრძნობს მარადიულ ლაჟვარდს.

***
სიჩუმის ყვავილები

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.

***

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქლმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!

და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

***

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს:
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი.
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.

ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.

***

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,

წინ მეშლება სხვა ოცნების არე.
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

***

გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
დავტოვე ბედი, რატომ, არ ვიცი.
სულის გადაღმა ელავს კანდელი
და განსაცდელი შორეულ რიცხვის.

ეს ჩემი ფიქრი ლურჯი მხარეა,
ასეთი ფერი ალბათ მას ჰქონდა.
ყოველი ღამე ყრუ სამარეა,
ყოველი ღამე არის გოლგოთა.

განვლილ დღეების ნისლიან ლანდთან
მე ისევ მივალ უთუოდ მალე.
ყვავილივით ხმება თანდათან
ჩემი სინაზე და სიბრწყინვალე.

მოგონებების ქრიან ლანდები
და საფლავები მე წინ მიმიძღვის.
სულის გადაღმა ელავს კანდელი
და განსაცდელი შორეულ რიცხვის.

***

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია.

***

ჩემო ზოზია, მე წავალ მალე,
არარაობა გამაბნევს ქარში,
ამ ნათურების ცოფიან თვალებს
ჩუმი სანთლები შეცვლიან მაშინ...

ჩემო ზოზია, მე წავალ მალე,
დედის აჩრდილი მიმელის გზაში,
ამ ნათურების ცოფიან თვალებს
ქრისტეს თვალები შეცვლიან მაშინ...

***

კვიპაროსს არხევს ქარი ფერდობთან,
და ჩემი სისხლი ნელა ილევა.
და წვიმიან დღის უიმედობა,
და წვიმიან დღის განწყობილება.

იქ სხვა გულია, ეს გული მე მაქვს,
და ჩემი სისხლი ნელა ილევა.
და წვიმიან დღის მწუხარე თვლემა,
და წვიმიან დღის განწყობილება.

და გულს დაეტყო გამოცოცხლება,
ძვირფასო, სისხლი ნელა ილევა.
და წვიმიან დღის ჩუმი ოცნება,
და წვიმიან დღის განწყობილება.

02/06/2026

4 ივნისს მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ შეხვედრა გაიმართება.

„ლიტერატურული რანდევუს“ მონაწილეები იქნებიან პოეტები − გიორგი მინჯია და გიორგი ჩერქეზია.

პროექტი მკითხველს შინაარსისა და დინამიკის თვალსაზრისით განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს.

გვესტუმრეთ, დასწრება თავისუფალია!

02/06/2026

🗞ლიტერატურული გაზეთი
12-25 ივნისი, 2026

▪️პროზა
ირაკლი სამსონაძე
გიორგი მგალობლიშვილი

▪️პოეზია
ნატალი დარასელია
სოფიო გოგალაძე
ჯემალ ინჯია
ვანო ჩხიკვაძე - საყმაწვილო
ელენე ალავერდაშვილი - დებიუტი

▪️ესეი
გუგა მგელაძე - სოსო პაიჭაძეზე
ჟაკლინ სირაძე - ელიას კანეტის ქართულ თარგმანზე

▪️რეცენზია
ქეთევან გარაყანიძე - ბესო ხვედელიძეზე
სოფიო ღლონტი - ცირა ოქროპირიძეზე

Photos from მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia's post 01/06/2026

🎈ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო და სახალისო აქტივობებით აღინიშნა მწერალთა სახლში გაერთიანებულ მუზეუმებში: საგურამოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო მუზეუმებში, ასევე გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში.

Photos from მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia's post 01/06/2026

☀️მწერალთა სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.🎈

🎊ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინები, ლიტერატურული თამაშები და ინტერაქტიული აქტივობები.

#ბავშვთადაცვისდღე #მწერალთასახლი

01/06/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში განსაკუთრებული დღეა! − საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე პატარა მკითხველებს შეხვდება.

მწერალთა სახლში დაგხვდებათ საინტერესო გარემო, საუბრები წიგნებზე, ლიტერატურულ პერსონაჟებზე, შემოქმედებით თავგადასავლებზე და ჯადოსნურ სამყაროზე, რომელსაც წიგნებში აღმოვაჩენთ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება შემეცნებით-გასართობი ვიქტორინები, ლიტერატურული თამაშები და ინტერაქტიული აქტივობები.

საზეიმო შეხვედრის მთავარი თემა იქნება შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. ბავშვებს ელოდებათ საინტერესო საუბრები პოემის გმირებზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ერთგულებასა და იმ მარადიულ ღირებულებებზე, რომლებიც საუკუნეებს უძლებს.

1 ივნისს, 15:00 საათზე, მწერალთა სახლში გელით სიყვარულით სავსე ლიტერატურულ დღესასწაულზე!

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში გაერთიანებულ მუზეუმებში (საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, ივანე მაჩაბლის მუზეუმი) ვიზიტი თავისუფალია. დღის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები, სახალისო აქტივობები და სხვადასხვა ღონისძიება.

01/06/2026
Photos from მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia's post 31/05/2026

ცოცხალი წიგნების იმერეთის ტური დღეს, 31 მაისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დასრულდა.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, მწერლისა და მკითხველის ცოცხალი კავშირი, მსგავსი ინტერაქციული შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით − რეგიონისთვის. ეს დიალოგი ემსახურება ცოდნის, ემოციების, ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთგანვითარებას − ასეთი განწყობით შეხვდა ბაღდათის ლიტერატურული საზოგადოება და რიგითი მკითხველი პროექტის მონაწილეებს. ღონისძიება თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო ხელოვნების, წიგნის, მწერლობის შესახებ დისკუსიით, მსჯელობით.

ა(ა)იპ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი აერთიანებს ბიბლიოთეკას, ვლ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმსა და ბაღდათის კულტურის ცენტრს.
შესაბამისად, შეხვედრას დაესწრნენ ამ ორგანიზაციების თანამშრომლები, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობა, ბაღდათში მცხოვრები ლიტერატორები, მთარგმნელები.

იმერეთის ტურის ერთ-ერთი მონაწილის, ცირა ყურაშვილის წარმატებებს ლიტერატურის სფეროში მშობლიურ ბაღდათში კარგად იცნობენ და ეამაყებათ. შეხვედრაზე მოსულმა საზოგადოებამ, ასევე, დიდი ინტერესით მოუსმინა „ცოცხალი წიგნების“ ახალ ავტორებს, ახალგაზრდა მონაწილეებს.

მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ საღამოს ორგანიზებაში, ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო, მოვიდა და ინტერესით მოუსმინა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხმას.

„ცოცხალი წიგნები 2026“-ის ლიტერატურული მარშრუტი კახეთში 5, 6 და 7 ივნისს გაგრძელდება.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


13, Ivane Machabeli Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00