04/06/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მინდია ღლონტთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, სოფელ მარტყოფსა და ვაზიანში, ჯამში 12 372 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 10 125 864 ლარს შეადგენს. პროექტები ითვალისწინებს როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზების სრულ განახლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში, ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პროცესის განსაკუთრებული კონტროლისკენ მოუწოდა.
მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
04/06/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.
02/06/2026
მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონში გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარუდგინეს.
მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
სტრატეგიები ორიენტირებულია კომპლექსური და თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფაზე და მოიცავს როგორც ეკონომიკის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას, აგრეთვე სატრანსპორტო და მუნიციპალური სერვისების ხარისხის ზრდას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას, აგრეთვე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
02/06/2026
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა და კომისიის წევრებმა სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ პრიორიტეტულ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ხაზი გაესვა პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაგეგმილ ვადებში ეფექტიან მშენებლობა რეაბილიტაციას.
უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.
28/05/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7 მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს.
პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაღალი სატრანსპორტო ნაკადის გამო სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დროებითი გზის მოწყობის დასრულება ერთი თვის ვადაში იგეგმება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე.
28/05/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მიმდინარე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტი ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის უსაფრთხო და კომფორტული მიერთების მიზნით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორმალიანი, 76.2-მეტრიანი ხიდი, რომელიც საჩხერე-რაჭის ახალ, 51 კმ-იან გზას ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის გზასთან დააკავშირებს
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჩხერე-ონის მიმართულებით გადაადგილებას და კიდევ უფრო გაამარტივებს კავშირს ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მიმართულებით
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.