07/04/2026
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსები - ახალი ხედვა, მიზნები და სამომავლო პრიორიტეტები“ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე; მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი გამოვიდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 2023-26 წლებში, რუსთაველის ფონდის ბიუჯეტის პერმანენტული ზრდის პარალელურად, მის მიერ ადმინისტრირებული კონკურსებისა და საერთაშორისო პროგრამების, დაფინანსებული პროექტებისა და 2026 წელს დაგეგმილი სიახლეების - ახალი სამეცნიერო საგრანტო კონკურსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდება სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მხარდაჭერისა და განვითარების სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი. ზვიად გაბისონიამ აღნიშნული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
01/04/2026
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო.
საკრებულოს დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ „60+კლუბის“ პროექტის განხორციელება თბილისის მერის, კახა კალაძის 2021 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში კახა კალაძეს, თბილისის საკრებულოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტს თავდადებით ემსახურება მადლობა გადაუხადა და პროექტით მოსარგებლეებს კლუბის ახალი ფილიალის გახსნა მიულოცა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიც აღნიშნული პროექტით სარგებლობენ, საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წევრები არიან. ეს თაობა არის ჩვენი ინტელექტუალური ძალიან დიდი რეზერვი და ჩვენ გვსურს, რომ მათი გამოცდილება რეალიზებული იყოს. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო მათთვის, არამედ ახალგაზრდა თაობისთვისაც“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
„60+კლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას საქართველოში პირველი ვიზიტის ფარგლებში მყოფი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი - ფლორენს ბაუერი და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოს და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორი მარიამ ხანი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი; თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე და „60+ კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია.
"60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის თბილისის მუნიციპალური სერვისი, რომელიც განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, სოციალური ჩართულობისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას.
30/03/2026
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თინათინ ნიბლოშვილთან ერთად აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება მკითხველებისა და თანამშრომლების წახალისების მიზნით, უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად წლის გამორჩეულ წევრებს ავლენს.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ბექა ოდიშარიამ მიმართა: „ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკებში სხვა და სხვა ასაკობრივი თაობის წარმომადგენლებს ვხვდები. დღეს ვაჯილდოვებთ 10 წლის მკითხველსაც და 80 წლის მკითხველსაც. ქართველები ერთ-ერთ ყველაზე მკითხველი ერი იყო ყოველთვის.
ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ არის, ის წარმოადგენს ცოცხალ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს, სადაც ყალიბდება აზროვნება, იზრდება ახალი თაობა და ძლიერდება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ადამიანების შრომა და ერთგულება, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ პროცესს, როგორც მკითხველები, ისე ბიბლიოთეკის თანამშრომლები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებას მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე უძღვებოდა.
წლევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა ახალ ნომინაციაში „ბიბლიოთეკის მეგობარი“ გამარჯვებული.
პროექტის მიზანი კითხვის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების როლის გაძლიერება და იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში.
დაჯილდოებულთა სიაში წელსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. საუკეთესო მკითხველებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, გაწეული საქმიანობისა და აქტიურობისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს, მერიის, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისწარმომადგებლები, ბიბლიოთეკარები, მედიათეკარები და მკითხველები ესწრებოდნენ.
23/03/2026
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა განათლებისა და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე გიორგი ონიაშვილის, ნელი გურგენიძისა და ჯიმშერ გუჯაბიძის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხები განიხილეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისში, ბაზალეთის ქ. N7-ში, ცხოვრობდა ეროვნული და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ონიაშვილი. მისი დამსახურებაა საქართველოში თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის დანერგვა-გავრცელება და მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში დაპროექტებული და აგებულია სპეციალური ორიგინალური მოწყობილობა-დანადგარები. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს გიორგი ონიაშვილის შვილმა მიხეილ ონიაშვილმა წარუდგინა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, ი. ჭავჭავაძის გამზირ N16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საზოგადო მოღვაწის, საპატიო აკადემიკოსის, ღირსების ორდენის კავალრის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საპატიო სიგელის მფლობელის, ნელი გურგენიძის, მემორიალური დაფის განთავსებას ეხებოდა. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს ნელი გურგენიძის დამ ქეთევან გურგენიძემ წარუდგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა ბავშვთა გამოჩენილი უროლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ღირსების ორდენის კავალრის ჯიმშერ გუჯაბიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე იმსჯელეს. ჯიმშერ გუჯაბიძე დავით აღმაშენებლის გამზირ N70-ში ცხოვრობდა. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს ჯიმშერ გუჯაბიძის შვილმა დავით გუჯაბიძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა გიორგი ონიაშვილის, ნელი გურგენიძისა და ჯიმშერ გუჯაბიძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს, რომლებიც განსახილველად თბილისის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
18/03/2026
უმძიმესი დღე გათენდა საქართველოში!
გლოვობს ერი და ბერი...
გლოვობს მართლმადიდებელი სამყარო და ყველა კონფესიის წარმომადგენელი ვისაც ოდესმე წუთით მაინც ჰქონია შეხება მის უწმინდესობასთან.
უტკბილესი მამა უფალს ეახლა მარადისობაში.
დაგვიტოვა მადლი, სიკეთე, კაცთმოყვარეობა და სიბრძნე, რომელიც ჯერ კიდევ გასააზრებელი გვრჩება.
ვიზიარებთ ყველა ღრმად დამწუხრებული, გულით მგლოვიარის დიდ ტკივილს.
17/03/2026
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზურაბ აბაშიძესთან, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა.
„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ აქტიურად ეხმარება თბილისელებს პროფესიული უნარების განვითარებასა და რეალურ დასაქმებაში. 2018 წლიდან 2025 წლამდე მასში ჩართული იყო 15 000-ზე მეტი მოქალაქე და კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელმა 75%-ს გადააჭარბა. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ პროგრამა წარმატებით პასუხობს როგორც მოქალაქეების, ისე შრომის ბაზრის საჭიროებებს.
დღეს წარმოდგენილი ახალი ეტაპი ამ პროგრამის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეთა ასაკობრივი ზღვრის შემცირება, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული გზა. „ისწავლე და დასაქმდი“ ნამდვილად არის რეალური შესაძლებლობა თბილისელებისთვის, სრულიად უფასოდ შეიძინონ ახალი პროფესია მოკლე დროში და იპოვონ საკუთარი ადგილი თანამედროვე შრომის ბაზარზე.
პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თბილისის მერმა კახა კალაძემ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მოაწერეს ხელი.
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს.
წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად დაემატა კერძო სექტორიც.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დედაქალაქის მერიის პროექტია, რომელმაც ბოლო წლებში 15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გადაამზადა.
მიმდინარე წლიდან პროგრამაში შევიდა არსებითი ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად განისაზღვრა 16 წლით.
პროგრამის ფარგლებში გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში.
გარდა ამისა, თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა. ამ მიმართულებით პროგრამას დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე - dasakmdi.ge. მასში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.
სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერიისა და ბიზნესის წარმომადგენლები, პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ კურსდამთავრებულები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
13/03/2026
თბილისის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სტუდენტებს შეხვდა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისის საკრებულოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი სოფო უგრეხელიძე მონაწილეობდნენ.
ბექა ოდიშარიამ სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, თბილისის საკრებულოს და განათლებისა და კულტურის კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა ასევე სტუდენტების დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაზე.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვესტუმრეთ თბილისის საკრებულოში. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა სწორედ ის სისტემაა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან და პირდაპირ ეხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა და პროექტი, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებში, მიიღონ გამოცდილება და საკუთარი იდეებითაც შეიტანონ წვლილი ქალაქის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და სტუდენტები იყვნენ ინფორმირებულნი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, რადგან თქვენი ჩართულობა, იდეები და ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის განვითარებაში“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს კულტურის და განათლების მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და პროექტებზე მიწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხეს. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.
08/03/2026
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის" ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ბექა დავითულიანმა, თინათინ ნიბლოშვილმა და ლევან ჯაფარიძემ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და ფრაქცია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა, ასევე დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, თბილისობა ისტორიულად ყოველთვის იყო ქალაქური ტრადიციების, სტუმარ-მასპინძლობისა და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოვლენა, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეკავათ წარჩინებულ თბილისელ ქალბატონებს. მან აღნიშნა, რომ საპატიო თბილისელის წოდება განსაკუთრებული აღიარებაა და ამ სიაში შემთხვევითი ადამიანები ვერასოდეს ხვდებიან.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საპატიო თბილისელ ქალბატონებს ქვეყნისა და ქალაქის წინაშე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრა და მათი დამსახურებების დაფასება დიდი პატივია.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი; ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი; დიქტორი და მსახიობი თინა მგალობლიშვილი; ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ ბუკია; მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული აბესაძე; მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის" სოლისტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში მანანა თოდაძე; კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული სარაჯიშვილი; მუსიკოსი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ლეილა მუმლაძე
05/03/2026
დღეს, თბილისის საკრებულოში თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას შეეხება. ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს და პარლამენტის წევრები, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, ფონდი „ქართუსა" და ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Kakha Kaladze კახა კალაძე
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
➡️ იხილეთ ვრცლად:
https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m