02/06/2026
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის IV თეატრალური ფესტივალი თეატრ „არტდრონის“ სპექტაკლით - „ცოცხალთა ხმა“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე დაესწრო.
რეჟისორ ლუკა მონავარდისაშვილის ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში დაიდგა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელობაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს დელეგატმა, გია ბენაშვილმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საბა ასლამაზიშვილმა ისაუბრეს.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1 ივნისიდან - 7 ივნისის ჩათვლით იმართება. მასში მონაწილეობს 8 ქართული და 3 უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვიდან, უკრაინიდან და ესპანეთიდან. ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრის „ათინათი“ სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლების გარდა, საფესტივალო დღეებში ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობასა და სცენურ მოძრაობაში. ასევე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართული თეატრის ისტორიის შესახებ წაიკითხავს ლექციას.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე I, II და III ადგილზე გასული სპექტაკლები გამოვლინდება. გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემია გადაეცემათ. თანხა თეატრების საჭიროებებსა და მათ განვითარებას მოხმარდება.
ფესტივალი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაფუძნდა.
პროექტის მიზანია საქართველოში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა, ქართულ თეატრალურ სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოყვარულო და სახალხო დასებთან კოპროდუქციების შესაქმნელად სახელმწიფო თეატრების წახალისება, ქალაქ სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად განვითარების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.
01/06/2026
დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნინოობას აღნიშნავს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან, მერის პირველ მოადგილე დავით დურგლიშვილთან და მრევლთან ერთად ბოდბეში საზეიმო წირვას დაესწრო.
წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.
გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს!
31/05/2026
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კამპანია „ეკომეგობრული კახეთი 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან და
„ვეისთლესის" თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილთან ერთად დაესწრო.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ასოციაცია "ვეისთლესის" ერთობლივი თანამშრომლობით დაწყებული კამპანია - „ეკომეგობრული კახეთი 2026“ რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში შერჩეულ 35 საჯარო სკოლაში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ელექტრონარჩენების სწორი მართვის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
რეგიონის 35 საჯარო სკოლაში განთავსდა „ვეისთლესის” სპეციალური ყუთები ელექტრონარჩენების შესაგროვებლად, სადაც მოსწავლეები 2 კვირის განმავლობაში აგროვებდნენ სხვადასხვა სახის ელექტრონარჩენს. კონკურსის პირობა იყო 3 გამარჯვებული სკოლის გამოვლენა, რომელთა მოსწავლეებიც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს მოუყრიდნენ თავს. კონკურსის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით 47 205 კგ ელექტრონარჩენი შეგროვდა.
ასოციაცია „ვეისთლესმა” ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულ სამ სკოლას ფულადი ჯილდო გადასცა:
I ადგილი - ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა - შეაგროვეს 9 450 კგ. ელექტრონარჩენი;
II ადგილი - მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლა - შეაგროვეს 4 670 კგ. ელექტრონარჩენი;
III ადგილი - ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა, შეაგროვეს 4 475 კგ ელექტრონარჩენი.
29/05/2026
გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელ პატარძეულში, სახალხო დღესასწაული "გოგლაობა" აღინიშნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ კაკუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი ლეონიძის 127- ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და "გოგლაობა" მიულოცა.
გიორგი ლეონიძის მიერ შექმნილი "ნატვრის ხის" გმირებმა მოწვეულ სტუმრებს ბროწეულების ჩრდილქვეშ უმასპინძლეს, სადაც დიდი მწერლის შემოქმედებიდან სხვადასხვა ციტატა გაჟღერდა.
მწერალთა კავშირის თავჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები, მადლობის ნიშნად სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
28/05/2026
მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელი მამათაგან ერთ - ერთის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ კაკუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივ მრევლთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პარაკლისს დაესწრო.
დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა და წმინდანის სულიერი მოღვაწეობის შესახებ მრევლს ქადაგებით მიმართა.