მოხეტიალე წიგნები წალენჯიხაში
ამნისტიაა რა წიგნებისთვის.
ედგარ ლი მასტერსი
დ უ მ ი ლ ი
მე ვიცი დუმილი ზღვისა და ვარსკვლავების,
და დუმილი მიძინებული ქალაქისა,
და დუმილი მამაკაცისა და დიაცისა,
და დუმილი, როცა მხოლოდ მუსიკა ლაპარაკობს,
და მე ვიცი ტყეთა დუმილი გაზაფხულის ქარებამდე და სნეულთა დუმილი,
რომელთა მზერა შიშველ კედლებზე დაბორიალობს.
და მე გეკითხებით: განა ძალუძს ადამიანს
გამოთქვას ყველა სიღრმე?
როდესაც სიკვდილი შვილს ართმევს,
ცხოველი ყრუდ ღმუის,
ხოლო ჩვენს გონებას სიცოცხლის წინაშე ერთმევა
ერთბაშად ენა.
დუქანთან მჯდარ ხეიბარს პატარა ბიჭი ეკითხება:
„როგორ დაკარგე ბიძია ფეხი?“
და ბებერი ჯარისკაცი დუმს უცნაურად,
გულისყური სადღაც მიურბის,
მას უკვე აღარ შეუძლია გეტისბურგზე დააკავოს გონება
და ჯარისკაცი ხუმრობით ეუბნება პატარას:
„დათვმა წამჭამა, ბიძიკო, ფეხი“.
ბიჭს უკვირს, ხოლო ბებერ ჯარისკაცს უცებ თვალნათლივ აგონდება
ქვემეხების გრგვინვა, თოფები, ცეცხლი,
მომაკვდავთა კვნესა და გმინვა
და თავის თავი მიწაზე გართხმული.
იგი იქნებოდა დიდი ხელოვანი
რომ შესძლებოდა გამოეთქვა ყველაფერი ეს.
მაგრამ მაშინაც დაინახავდა
სიღრმეებს ენით გამოუთქმელს.
არის დიდი სიძულვილის დუმილი
და დუმილი დიდი სიყვარულისა
და სულიერი სიმშვიდის დუმილი
და სიმწრით მოწამლული მეგობრობის დუმილი.
არის დუმილი სულიერი შეჭირვებისა,
რომლისაგან მოგვრილი ტანჯვის წიაღ
თქვენი გონება, გამოუთქმელს რაკი მისწვდება,
უმაღლეს ცხოვრებას ეზიარება.
არის დუმილი ღმერთებისა,
რომელთაც უსიტყვოდ ესმით ერთმანეთისა.
არის სრული დამარცხების დუმილი,
უდანაშაულოდ დასჯილთა დუმილი
და მომაკვდავის დუმილი, რომლის ხელი
უეცრად თქვენს ხელს ჩაეჭიდება.
არის დუმილი მამასა და შვილს შორის,
როცა მამას ძალი არ შესწევს შვილს ის გაანდოს,
რაც უსათუოდ საჭიროა იცოდეს შვილმა.
არის დუმილი ქმარსა და ცოლს შორის,
არის დუმილი ხელმოცარულთა
და უზარმაზარი, პირმოქუფრული მდუმარება
დამარცხებული ბელადების და დაჩოქებული ხალხებისა.
არის ლინკოლნის დუმილი
რომელიც თავისი სიყმაწვილის სიღარიბეს იგონებს,
და ნაპოლეონის დუმილი ვატერლოოს შემდეგ.
და დუმილი ცეცხლში მოჩურჩულე ჟანა დ არკისა
მთელი თავისი ვაებისა და სასოების ორადორი სიტყვით:
„ო, იესო“.
არის დუმილი სიბერისა
უკვე იმდენად გაბრძნობილის,
რომ ხმიერ სიტყვით არ გამოთქვას თავისი დუმილი,
სიტყვით, რომელსაც უზენაეს საფეხურამდე
ვერმიღწეული ხალხი ცნობად ვერ შეიმეცნებს.
და არის მკვდართა მდუმარება.
თუკი ჩვენ – ცოცხლებს, ძალა არ შეგვწევს
სიტყვით გამოვთქვათ ჩვენი სიცოცხლე,
რატომღა გვიკვირს მიცვალებულნი
სიკვდილის გამო რომ არაფერს გვეუბნებიან?
მათი დუმილი გასაგები გახდება ჩვენთვის,
როცა თვითონ მათ მივეახლებით.
16/11/2018
ლევან ბერძენიშვილი - ტერენტი გრანელი – Memento mori ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გთავაზობთ საუბარს უაღრესად გამორჩეულ, უცნაურ და ორიგინალურ პოეტზე, ტერენტი ....
30/05/2018
ადამიანი ბუშტია, მისი სული კი – ბუშტზე ჩამოკონწიალებული ძაფი...
ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს მოკრძალებით გთხოვთ, ჩვენ აივანზე აუცილებლად ბარგით ამობრძანდეთ. მაინც და მაინც მძიმე ჩემოდნებს ნუ აიკიდებთ — აღმართია, სხვა თუ არაფერი, მაგრამ პატარა ხელბარგი მაინც წამოიღეთ, რადგან დღეს ჩვენი აივანი მატარებლის კუპედ გადაიქცევა.
ოდნავ ნამიანი ზეწრებით, თავთან პატარა მწვანე და ჯადოსნური ნათურებით და, რა თქმა უნდა, სიმპათიური გამცილებლებით, რომლებსაც ბიძაჩემი „მატარებლის სტიუარდესებს“ ეძახდა და რომლებიც ჩვენი ვირტუალური მგზავრობისას ერთხელ მაინც ჩამოატარებენ ჩაის გემრიელ და მძიმე „პოდსტაკანჩიკებში“.
ჩვენი დღევანდელი მარშრუტი ჩვეულია – როგორც ყოველთვის, სიყვარულის სადგურიდან სიყვარულის სადგურამდე და უკან.
ჩვენი დღევანდელი თანამგზავრი კი გახლავთ კაცი, რომელმაც თავის დროზე ძალიან ბევრი იარა მატარებლებით, რომელიც ბრძენი, კეთილი და, რაც მთავარია, სანდოა, კაცი, რომელმაც თქვა: „ცხოვრება ადვილია, უბრალოდ, უნდა მიხვდე, რომ არსებობენ შენზე უკეთესი ადამიანები. ეს ძალიან აადვილებს ცხოვრებას“.
მე ეს კაცი საოცრად და გამორჩეულად მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ (დამეთანხმებით, რომ ეს ორი სულ სხვადასხვა რამაა), რადგან მის ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ, მის აზრებს რომ ვუფიქრდები, მის სიტყვებზე შექმნილ სიმღერებს რომ ვუსმენ, ასე მგონია, ცოტა უფრო კარგი ვხდები.
ეს გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტი, ესეისტი, დრამატურგი, თარჯიმანი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და, უბრალოდ, შესანიშნავი — იოსებ ბროდსკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1940 წლის 24 მაისს ქალაქ ლენინგრადში.
იცით, კიდევ რატომ მიყვარს განსაკუთრებით? როდესაც ყველა ირგვლივ მასწავლის — წარსულით ცხოვრება არ შეიძლებაო, და მე რომ ვითომ ვეთანხმები, იოსებ ბროდსკი გულს მითბობს თავისი სიტყვებით — „წარსულის გარეშე მომავალიც შეუძლებელია. დაფიქრდით ამაზე, როდესაც წარსულის გადახაზვას ცდილობთ“. და, კიდევ…
როდესაც ძალიან გადავიღლები ხოლმე განვლილ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გაანალიზებით, სულ მახსენდება მისი ჯადოსნური სიტყვები: „როცა დაიღლები უსასრულო თვითანალიზისგან, დამირეკე, ვიცეკვოთ“.
დარეკვით ვერ ვურეკავ, სამწუხაროდ, მით უმეტეს, ვერ ვეცეკვები, მაგრამ მის ლექსებს ვკითხულობ ან ვუსმენ და სხვა ყველაფერი ოდნავ კარგავს სიმძაფრეს, ცოტა უფრო ფილოსოფიურად ვუყურებ სამყაროს.
იოსებ ბროდსკი იმდენად დიდია, რომ მე, აბა, როგორ უნდა შევაფასო… ამიტომაც დღეს მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებს, პატარა გაკვირვებებს და დიდ გაოცებებს გიზიარებთ და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ დიდ შემოქმედს და პიროვნებას.
ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ იოსებ ბროდსკის სრული საშუალო განათლებაც კი არ მიუღია. მან მე-7 კლასის დამთავრების შემდეგ მიატოვა სკოლა და 10 წლის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ის დარაჯიც იყო, მტვირთავიც, ბოლოს კი ექსპედიტორად მოეწყო და მთელი რუსეთი მოიარა.
18 წლის ასაკში ბროდსკიმ დაწერა თავისი პირველი ლექსი… არა წვიმებზე, ქარებზე, ღრუბლებზე და სიყვარულებზე, რაზეც, როგორც წესი, პირველი ლექსები იწერება, არამედ ადამიანის მიერ გავლილ ცხოვრების გზაზე. ჰყვებიან, რომ თითქმის პირველივე ლექსიდან მას დაეწყო კონფლიქტი ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები ამბოხებისა და აჯანყებისკენ არ მოუწოდებდნენ, გარკვეულ ინსტანციებში მაინც ჩათვალეს, რომ ის საშიში იყო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა ბროდსკი ანა ახმატოვას, რომელიც ყველანაირად გვერდში ედგა მას, მაგრამ… ნეტავ, თუ იცოდა, რომ მსოფლიო პოეტებში ბროდსკის მარინა ცვეტაევა ჰყავდა ამორჩეული?
1972 წელს ბროდსკი იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია იქნებოდა ბროდსკისთვის სამშობლოს მიტოვება… ის გენიოსი იყო, მაგრამ გენიოსებს გული კიდევ უფრო ფაქიზი აქვთ…
ისე კი, რა სასწაულია – კაცი, რომელსაც 8 კლასის განათლებაც არ ჰქონია მიღებული, 24 წლის განმავლობაში იკავებდა პროფესორის თანამდებობას და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის 6 (მათ შორის კოლუმბიის და ნიუ-იორკის) უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, რუსულ და მსოფლიო პოეზიასა და ლექსის თეორიაში. მოხსენებებით გამოდიოდა აშშ-სა და კანადაში, ინგლისში, ირლანდიაში, საფრანგეთში, შვედეთსა და იტალიაში.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უაღრესად ნიჭიერ ადამიანს შეეძლო, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. ბროდსკიმ საოცარი და მრავალმხრივი თვითგანათლება მიიღო, სხვა თუ არაფერი, დამოუკიდებლად შეისწავლა ინგლისური და პოლონური ენები.
1962 წელს ბროდსკი შეხვდა ახალგაზრდა მხატვარს მარინა (მარიანა) ბასმანოვას და შემდგომში უამრავი ლექსი მიუძღვნა მას წარწერით — „მ.ბ.“. ბოლო ასეთი ლექსი 1989 წლით არის დათარიღებული. 1968 წელს მათ გაუჩნდათ შვილი — ანდრეი. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ მარიანამ მეუღლეს უღალატა. არადა, რა ლექსებს უძღვნიდა…
1990 წელს ბროდსკიმ ცოლად მოიყვანა მასზე 30 წლით უმცროსი, იტალიელი არისტოკრატი, დედით რუსი მარია სოცანი. 1993 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი — ანა.
იცით, დღეს ვიგრძენი, რომ ორ რამეზე განსაკუთრებით მწყდება გული – ინგლისურს იმდენად სრულყოფილად ვერ ვფლობ, რომ ბროდსკის ესეები ორიგინალში წავიკითხო, და მეორეც — გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბროდსკი, როგორც ჰყვებიან, მხოლოს ერთხელ ესტუმრა საქართველოს.
დარწმუნებული ვარ, რომ გულით გაუგებდა მას და შეიყვარებდა ბოლომდე.
თურმე, დაუწყია გალაკტიონის ლექსის „ცამეტი წლის ხარ“ თარგმნა, მაგრამ მეორე სტროფის შემდეგ აღარ ან ვეღარ გაუგრძელებია.
სამაგიეროდ, შესანიშნავად აქვს ნათარგმნი ოთარ ჭილაძის ულამაზესი ლექსი „გამოთხოვება“:
„Что с того! Все равно — помяни мой пророческий глас — ты нигде не найдешь избавленья от этого гнева. Я — распятье твое, эшафот и костер! И сейчас, как безумный слепец шаря пальцами справа и слева, я сбираю во тьме скрупулезно все щепы души для костра, на который ты всходишь по собственной воле. Ибо ночь вкруг меня! А во тьме — все огни хороши от небесных светил до занявшейся шапки на воре. Только имя твое я хотел бы спасти от огня, даже зная, что ты тем-то мщение мне и готовишь, что, когда ты сгоришь, твое имя задушит меня, как одно из живых стоголосых, сторуких чудовищ“.
იოსებ ბროდსკი გარდაიცვალა 1996 წლის 28 იანვარს, სულ რაღაც 55 წლის ასაკში… ის დაასაფლავეს ვენეციაში, ქალაქში, რომელიც მას სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ყველაზე მეტად უყვარდა.
ბოლოს კი მინდა გავიხსენო იოსებ ბროდსკის შესანიშნავი სიტყვები — „ჩვენ მივდივართ, სილამაზე კი რჩება, რადგან ჩვენ მომავლისკენ მივემართებით, სილამაზე კი — მუდმივი აწმყოა“…
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!
ადამიანი ბუშტია, მისი სული კი – ბუშტზე ჩამოკონწიალებული ძაფი... Sputnik საქართველო ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ
15/09/2017
02/08/2017
დედა
რევაზ ინანიშვილი
_ დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს _ თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე, წამოვედი.
ჩვენი რკინიგზის სადგურამდე ოთხ კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე-თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო,_ სადგურში რომ ჩახვალ, მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი,_ რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია, ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. _არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოტაზე,_ წაიღე, შვილოო,_ შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით _ წადი-მეთქი ახლა! _ მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, მაღლა უჭირავს ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. _ წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები, შუქი მაინც არ იძვრის.
_ დე-დაა! დე-დაა!
არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.
ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს...
30/07/2017
ჟურნალ “კრონოსის” პირველ ნომერში, რომელიც თავად ტერენტი გრანელმა გამოსცა, წერდა: “ჩვენ არ შეგვაშინებს სივრცის უსაზღვროება, არც პატარა კაცუნების პრიმიტიული იერიშები, ჩვენ უკვე თეთრი სამოსით დავიწყეთ ჯირითი... არ გვაწუხებს სიკვდილის შიში... ჩვენი უახლოესი მიზანია შევქმნათ მარადისობა”.
ეს იყო 1919 წელი.
გადის დრო და ტერენტი გრანელი გამოსცემს წიგნს, რომელიც თავადაა სიკვდი-ლის აპოლოგია. ეს 1924 წელია და სისხლით დაწერილი “MEMENTO MORI”. რა მოხდა, რამ შეცვალა პოეტი, რა ძალები ამოქმედდა მასში ისეთი, რომ ადრე სიკვდილის უშიშარს ახლა მისი ლანდი არ ასვენებდა?!
1924 წელი მისი პოპულარობის მწვერვალი იყო. ხალხში იგრძნობოდა განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული. გამოსცეს გაზეთი “ტერენტი გრანელი”. იყო მოწოდება, ყველა დასწრებოდა მისი პოეზიის საღამოს: “მაშ, მთელი ყურადღება ამ დღისადმი მარტო ტერენტი გრანელს! ტერენტი გრანელი: სისხლიან სამარიდან. ტერენტი გრანელი: პლანეტებზე. ტერენტი გრანელი: პოეზიის გრიგალში. ტერენტი გრანელი: ყველგან”.
რას ნიშნავდა ეს, რატომ ჩაუდგა პოეტს სიკვდილის ჩრდილი, რატომ არ ასვენებდა მტანჯველი გაორება, რას დაეძებდა სიკვდილში, რატომ ახსენებდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც - “გახსოვდეთ სიკვდილი!”.
როდის შეხვდა ტერენტი გრანელი პირველად სიკვდილს? ალბათ, მაშინ, როცა დედა გარდაეცვალა. ეს იყო პატარა ტერენტისათვის გაურკვეველი და გამანადგურებელი განცდა. დედას მამა მიჰყვა, მოუკლეს უახლოესი მეგობრები, შორდებოდნენ და მარადისობაში სახლდებოდნენ მისი საყვარელი ადამიანები. სიკვდილი იზრდებოდა და ედებოდა მის არსებას, გროვდებოდა განცდა, ცრემლი, ტკივილი და მწუხარება... ერთი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც “კრონოსში” ზემოთ მოყვანილი წერილი დაიბეჭდა და 1920 წელს “ახალ ნაკადში” ფერშეცვლილი აცხადებს: “უცნაურია ადამიანის ბუნება... სიცოცხლის... აყვავების და განახლების ხანაში ადამიანს სიკვდილის შავი აჩრდილი ნელი ნაბიჯით გიახლოვდება და, ბოლოს კი, სამუდამოდ გისპობს ახალგაზრდულ და ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელ სიცოცხლეს, საერთო ბედნიერების მაძიებელი ადამიანი უღვთოდ კვდება. სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა”. ასეთ დასკვნას აკეთებს ერთი წლის შემდეგ. მან უკვე იგრძნო და განიცადა სიკვდილი. ისპობა ბედნიერება და ადამიანი - მიწისგან ქმნილი მიწადვე მიიქცევა. ამის გაფიქრებაც კი ზარავს პოეტს!
ამ ეტაპზე სიკვდილი განცდილი იყო ტერენტი გრანელის მიერ და არა შეცნობილი... თანდათან შემოიჭრა მასში შიში სიკვდილისა, ანუ არარაობისადმი, რადგან ყველაფერი, რაც იბადება, უნდა მოკვდეს, რადგან ყოველი შექმნილი ბოლოს განქარდება, გამოდის, რომ სამყაროსაც დასასრული ჰქონია, ვინაიდან მას ჰქონდა დასაწყისი... მაშ, ყველაფერი სიკვდილის, არარაობის უფსკრულში შთანთქმულა?! ამაზე ფიქრი, ამის წარმოსახვა სტანჯავდა გრანელის მგრძნობიარე გულს, სულსა და გონებას.
გადის კიდევ რამდენიმე ხანი და ტერენტი გრანელი უკვე კი აღარ განიცდის და გრძნობს მხოლოდ, არამედ ხედავს სიკვდილს. იგი აქაა, მის გვერდით ან მასში. ერთად არიან, იტანჯება და მაინც მას უხმობს. იქნებ, ესეც თავდაცვაა. იქნებ, რაღაცის გადარჩენა სურს პოეტს?!
“ო, როგორ მორბის ლანდი სიკვდილის”, - აშინებდა და აკრთობდა მისი სახება: “ისევ სიკვდილის შიში, ქარია შიშის გარდა” ან “სიკვდილს განვიცდი და მოდის მთვარე”; “სიკვდილს ვინ აცდა, ვღონდები უცებ”. ხანდახან წამოსცდებოდა - “წამებიდან ახლა მხოლოდ სიკვდილი მიხსნის”.
ტერენტი გრანელისათვის ცხოვრება არ იყო შვების მომტანი, წყნარი სადგური - სულთ დასამკვიდრები, მაგრამ ვერც სიკვდილში ხედავდა ნეტარებას: “ახლა ვატყობ, რომ სიცოცხლე არ ღირს, / სიკვდილშიაც ხომ არ არის შველა”. უფრო მეტიც, პოეტს სურდა გაქცეოდა, თავი დაეღწია არარაობისთვის: “მსურს გადავლახო სივრცე, მინდა გავექცე სიკვდილს”. ამ დაძაბულ შინაგან ბრძოლებში ხანდახან სიცოცხლეც მოსწყურდებოდა, რადგან სიკვდილი აშინაარსებს მას. ამდენად, როცა სიკვდილზეა საუბარი, იქვე იბადება სიცოცხლეზე ფიქრი და პირიქით. სიცოცხლე იმიტომაა მშვენიერი და ცხოველი, რომ სიკვდილი არსებობს, ხოლო სიკვდილისადმი სიძულვილი თუ შიში სწორედ სიცოცხლის წყურვილის ჭარბად განცდის შედეგია. გულწრფელად ევედრებოდა ტერენტი გრანელი ცისა და ქვეყნის შემოქმედს: “ღამეა, ცრიან წვიმის წვეთები, ღმერთო, შველას გთხოვ და გევედრები”... “სიცოცხლე მინდა, ღმერთო, ნუ მომკლავ”, “ღმერთო, ცოტა ხნის ყოფნა მაღირსე”.
გადის ერთი წელი და 1921 წ. გრიშა ჯიქიას ხსოვნისადმი მიძღვნილ წერილში პოეტი შეძრწუნებული ღაღადებს: “ყველაზე უფრო უმძიმესია სიკვდილის ლანდი... არაფერი არ არის ისეთი საიდუმლო, მიუწვდომელი ადამიანის გონებისათვის, როგორც ეს წყეული სიკვდილის რაობა.
ტერენტი გრანელს აწუხებდა არა მხოლოდ საკუთარი არსების გაქრობის შიში, არამედ, საერთოდ, ადამიანის ხვედრი: ჯერ დაბადება, შემდეგ ტანჯვა და, ბოლოს, სიკვდილი. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ახალ ეტაპზე პოეტისათვის სიკვდილში სიჩუმე ხმიანებს, რომ სიკვდილი არის გზა მარადისობისაკენ. სასაფლაოსკენაც სიკვდილი იზიდავდა, ბოლოს და ბოლოს, რა უნდოდა ტერენტი გრანელს ამით? პასუხი ერთია, სიკვდილის განცდით ზიარებოდა მარადიულ სიმშვიდეს, გაშინაურებოდა სიკვდილს, ახლოს ყოფილიყო მასთან, რომ სრულად შეეგრძნო და არ განეცადა ტკივილი. მწუხარე პოეტს არ სურდა სიკვდილთან გაუცხოება, უნდოდა, ხელით შეხებოდა, თვალებში ჩაეხედა, შეეგრძნო შიში არყოფნისა, ყველაფერში რომ ჩასახლებულიყო:
“მზე ნელა ჩადის და დგება ჩრდილი,
გარშემო ძველი ძეგლები დგანან.
ო, ვიღაც ქალი საფლავთან ტირის,
არყოფნის შიშმა მეც ამიტანა”.
მაგრამ გადის დრო და ტერენტი გრანელი თანდათან მიდის სიკვდილის გარდაუვა-ლობის აღიარებამდე, რომ იგი ყოველი დაბადებულის ხვედრია და უკვე ხედავს კიდეც საკუთარ გარდაცვალებას. თუმცა ძნელად, მაგრამ მაინც ეგუება ამ აზრს: “მოვკვდები ღამით, გათენებისას...”.
ადამიანის სულის გამოვლენას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მრავალი ინსტინქტი განსაზღვრავს, რომელთა შორის სიკვდილისა და სიყვარულის ინსტინქტია ყველაზე ძლიერი. ცრუობს, ვინც ამტკიცებს, სიკვდილის არ მეშინიაო, - ამბობდა ჟან-ჟაკ რუსო. თვით ალექსანდრე მაკედონელიც კი კანკალებდა სიკვდილის წინაშე. ეს ადამიანური, სრულიად გასაგები გრძნობაა. ამისგან გაქცევა თითქმის შეუძლებელია. განა თავად ღმერთკაცი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, გეთსიმანიის ბაღში არ ავლენდა ადამიანურ ბუნებას, როცა “ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, ჩემო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე”.
განა მხოლოდ ტერენტი გრანელს აწუხებდა სიკვდილის პრობლემა?! ვინ არ ცდილა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტას, ვინ არ ჩაფიქრებულა, გნებავთ, გარინდებულა მის წინაშე. მაგრამ, ალბათ, ძალიან ცოტა მოიძებნება მსოფლიო პოეზიაში ადამიანი, რომელსაც ასე განეცადოს, ასე შეეგრძნოს, ამნაირად ეხილოს სიკვდილი, საკუთარი გარდაცვალება-დასაფლავება.
მე შევიცანი ყველაფერი, სიკვდილის გარდა, - წამოსცდა ომარ ხაიამს. ტერენტი გრანელს სურს, ადამიანებმა არ დაივიწყონ სიკვდილი და, ამასთან, - საკუთარი თავიც. ეს ზუსტად ის განცდა და სურვილია, გალაკტიონი “მესაფლავეში” რომ ამბობს: “და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეში ავიწყდება”.
მძიმე და ძნელია, დამღლელი და მტანჯველია საკუთარ თავთან, ვნებებთან ბრძო-ლა, მაგრამ მათზე ამაღლება ყველაზე დიდ გამარჯვებად ითვლება. ტერენტი გრანელის მიღწევა ისაა, რომ მან გაიამხანაგა სიკვდილი და მაინც არ დაემორჩილა: “ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე... მე არ მინდოდა სიცოცხლე, არც სიკვდილი, მე რაღაც სხვა მსურდა. ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების”.
და დაიწყო მესამე გზის ძიება. რა არის ეს გზა, სად იწყება და სად მიდის, როგორ მიედინება, რა ერთვის ან რას ერთვის, რა ასაზრდოებს, როგორია პოეტის მესამე გზა?! მართალია, მან არ მიიღო ამქვეყნიური ყოფა: ზიზღი, შური და მტრობა, გაექცა მას, მაგ-რამ მიხვდა, რომ სიკვდილში, როგორც არარაობაში, არ იქნებოდა შვება და განსვენება, ამიტომაც მოძებნა გამოსავალი.
ქრისტიანი ადამიანისათვის სიკვდილი, როგორც დასასრული სიცოცხლისა, არ არსებობს, ამგვარად არ მოიაზრება. სიკვდილი დასაწყისია ახალი სიცოცხლისა, წინადღეა ზეციური ნეტარებისა. ეს არ არის არარაობა, გაქრობა, დასასრული... იგი გარდაცვალებაა, ბინის შეცვლა, ახალ ცხოვრებაში გადასვლა. ტერენტი გრანელს ასე ესმის: “მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისკენ. ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა... მე დავიღალე გრძნობისაგან და ახლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში... ვარ მე და არის ეს ძვირფასი ქვეყანა, ქვეყანა, როგორც ბუნება და არა როგორც მექანიკა. მე ყოველთვის ვგრძნობ შორეულ და მარადიულ სამყაროსთან ახლობელ კავშირს”.
ეს უკვე წმინდა წყლის მისტიკაა, ჭვრეტაა ზეციურის, იდუმალისა და მიუსაფრისა. ტ. გრანელი იმარჯვებს სიკვდილთან ბრძოლაში. იგი პოულობს მარადისობის, უკ-ვდავების, რაღაც შეუცნობის გზას. მან ზუსტად არ იცის, როგორია მესამე გზა, მაგრამ სჯერა, რომ იქნება ჰარმონია, იქნება ცხოვრება ნეტარი და დაუსრულებელი: “და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან”... “ვფიქრობ, სიცოცხლე არ ღირს, / ცისკენ მიფრინავს თვალი”... “ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ, / ყოველთვის მინდა განმარტოება”. მაღალი ზეცისკენ გარბის პოეტი, “რადგან მიწაზე სული არ იცდის”. მისთვის ცა უსასრულობა და მარადისობაა, მიწა - სასრულობა და წარმავლობა. ამიტომ მესამე გზა, არც სიცოცხლე და არც სიკვდილი, არის მარადისობა. “პოეზია - ზეცა, ცხოვრება - ტალახი”. “ძვირფასო, ჩემთვის ცა იმედია”, - იტყოდა და იქ ეგულებოდა ყველაზე წმინდა, ყველაზე ამაღლებული, - მიილტვოდა ცისკენ, ქრისტესკენ - სასოებისკენ, ნუგეშისკენ, რადგან თავად მაცხოვარი გვიხმობს: “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენოთ თქუენ”.
და უნდა განსრულებულიყო, განსვენეულიყო ტერენტი გრანელი, უნდა დამთავრებულიყო მტანჯველი განცდები და პოეტის სული უნდა გაჭრილიყო იქ, სადაც “არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრებაÁ იგი და-უსრულებელი”. ეზმანა კიდეც: წინ მიუძღოდა ცხედარი და “ზარი რეკავდა: სამარადოდ იყავ ნეტარი!”
1934 წლის შემოდგომაზე აღესრულა წამებული პოეტი, რაინდი მარტოობისა, მწუხარების, სიკვდილის, იდუმალების, ღამის, თბილისის, სიჩუმის, ბაღის... მგლოვიარე სერაფიმი.
28/07/2017
ტერენტი გრანელზე ოტია იოსელიანის სიტყვები მახსენდება, მისი ძეგლის გახსნაზე ნათქვამი წალენჯიხაში... ყველა მწერალი, პოეტი თუ ხელოვანი ზოგადად, არცერთი არ დარჩენილაო თავის შემოქმედებაში ხარკი რომ არ გადაეხადოსო ბოლშევიკებისათვის. ტერენტი იყოო ერთადერთი რომელმაც ეს არ გააკეთაო... არცერთი სიტყვა... არცერთი სტროფი... მის შემოქმედებაში ამას ვერ იპოვითო.
ერთი მოგონება მახსოვს მასზე კიდევ, მილიციაში რომ მოხვდნენ ტერენტი და კიდევ პოეტები ჩხუბის გულისთვის და მილიციის უფროსი ეუბნება, თქვენ რა პოეტები ხართო, ქუჩაში ჩხუბობთო ხულიგანებივით... ტერენტიმ წამოიძახა თურმე, მართალი ხართ უფროსო, ესენი პოეტები არ არიან, პოეტი მე ვარო.
ის პოეტი იყო... პოეტი ანგელოზის სიწმინდით
და აგერ კიდევ კ.გამსახურდიას ძალიან ლაკონურად და ლამაზად დაწერილი სიტყვები ტერენტიზე. მომეწონა...
ტერენტი გრანელზე რაც არ უნდა წერონ უკანასკნელ ხანებში, იგი ვარსკვლავად დარჩება ქართული პოეზიის ცაზე. მასზე ფიქრისას ასტრონომიის სფეროდან ასეთ შედარებას მოვიშველიებდი - ძნელია იყო მნათობი იმ ცაზე, რომელზეც გალაკტიონის ნათება მზისას უტოლდება თავის ინტენსივობით. მაგრამ ვარსკვლავი ასევე მზეა, უბრალოდ შორსაა. ასევე შორსაა ჩვენგან ტერენტი გრანელიც.
მას ერთი დღეც კი არ უცხოვრია პოეზიის გარეშე. თუკი ვინმეს გალანძღვა სურდა, შენ პოეზიის არაფერი გაგეგებაო, ეტყოდა.
ტერენტი გრანელი-კვირკველიას სევდა კოლხურ-მეგრული სევდაა. კოლხური სევდა კი პარადიგმატულ, მსოფლიო-უნივერსალურ სევდას ერთიან, შემჭიდროვებულ მოდულაციაში იძლევა.
მისი პოეზია ამავე დროს მედიტაციაა სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე. "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა" - აწერია დღესაც მის საფლავს. პოეტის ინტუიცია ჩაწვდა ერთ რამეს: ის რაღაც მესამე, რაც არც სიკვდილია და არც სიცოცხლე, ამავე დროს მოიცავს ორივეს, იყო უშორეს წარსულში და იქნება ასევე შორეულ მომავალში.
მერაბ კოსტავა თავის ვრცელ ლექსში გალაკტიონზე ასეთ პოეტურ მონახაზს აკეთებს ტერენტი გრანელის პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ:
ეს დედამიწა აკრთობდა გრანელს,
როცა ოცნებით ცაში ვიდოდა,
იმ ცეცხლის ალით თვით დაიგრაგნა
ვიდრემდე სამზღვარს გარდავიდოდა.
ბოლოს იფიქრა სასომიხდილმა,
არ განიყოფის მთლიანი ორად,
არა სიცოცხლე, არა სიკვდილი,
რადგან ორთავეს მიიჩნევ სწორად.
დიახ, მათ შორის მესამე ჰგია,
ორთავ საწყისის მაერთებელი,
თუ ზეცა გწყურის და მიწა გშია,
თუ შენი თავის ხარ განმგებელი,
სინდისის შენის წინაშე წარსდექ,
იცან სიკვდილი და მკვდეთით აღსდექ!
კონსტანტინე გამსახურდია
28/07/2017
ცოდვის ფესვებზე სინანულის იზრდება ყლორტი,
ათივე მცნება მონანიების არის ნაყოფი.
უფრო და უფრო ცხადი ხდება რაც წლები გადის
რომ არაფერი, არაფერი არ არის ცხადი.
მე არასოდეს არ მიფიქრია, თუ როგორ გრძნობს სივრცე,
რომ შენ წახვედი...
შენ მიდიხარ, თითქოს ძალით,
თითქოს წასვლა არ გსურს
მომავლისკენ მიმავალი
ემატები წარსულს.
შეკითხვა ძველი კვლავ მიცოცხლდება,
მოითხოვს პასუხს ჯიუტად, ცხარედ:
რაა მთავარი? რაც შიგნით ხდება,
თუ ის, რაც ხდება ხილულად, გარეთ?
შავია სამყაროს მთავარი ფერი - დღე მირაჟია.
მზე და მთვარე ღმერთმა დაანთო,
რომ ამ ბნელ სახლში ერთმანეთი
არ დაგვეკარგოს.
როგორ გაცივდი?
როგორ ჩაქრი?
როგორ დაღამდი?
ნუთუ შენ იყავ ნაღვერდალი,
მე რომ მდაღავდი?
..
ამგვარია მითი, ამოხსნას რომ ლამობ:
ყოფნა დროებითი - წასვლა - სამუდამო!
ვერ ვუპასუხე ვერაფერი კითხვებს გაცვეთილს,
გროვდება გულში სევდა უხმოდ ჩამონაწვეთი.
შენ მიდიხარ თითქოს ძალით, თითქოს წასვლა არ გსურს მომავლისკენ მიმავალი, ემატები წარსულს.
ეს პოეტი თედო ბექიშვილია... ორიოდე წლის წინ აღმოვაჩინე მისი პატარა კრებული ჩემ წიგნებში.... სტუდენტობის პერიოდში შენაძენი... მახსოვს იმ პერიოდში თეთრი ლექსით, ვერლიბრით ვიყავი დაინტერესებული, იმაში ეს იყო და ამიტომ ავიღე... ახლანდელი აღქმა სხვაა მაინც... უფრო მომეწონა... სადაა ეს პოეტი?... რაღაც არ მსმენია მასზე...
P.S. დავგუგლე... 1993 წელს გარდაცვლილა 52 წლის ასაკში.
24/07/2017
მე პოეზიამ მაგრძნობინა ,რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული:
-მე არ მინდოდა სიცოცხლე,არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა...
ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა,როგორც იდუმალების...
ტერენტი
ამნისტია გამოუშვა წიგნებისთვის ამ იდეის ავტორმა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ამაზეა ნათქვამი „ვსიო გენიალნოე პროსტა“. რესპექტ!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Tsalenjikha
